129 მ ი ლ ი ა რ დ ი - რაც პანდემია დაიწყო, დედამიწაზე ყოველთვე სწორედ ამდენ ერთჯერად პირბადეს ვხმარობთ. ისინი მზადდება სხვადასხვა ტიპის პლასტმასისა და ალუმინისგან. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი გადამუშავდება, დანარჩენი კი ხვდება მინდვრებში, ტყეებში,მდინარეებში, ოკეანეებში. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გამოსათვლელია, რა ზიანს მოუტანს პირბადეები ისედაც დაბინძურებულ გარემოს.
საქართველოში რამდენს მოვიხმართ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბანში ასეულობით დაყრილი პირბადე ვნახეთ.
გარემოსდაცვითი მოძრაობა “მწვანეების” წევრი, აქტივისტი ვიქტორია ყოლბაია “რადიო თავისუფლებას” უყვება, როგორ შეაგროვა ასობით გადაყრილი პირბადე თბილისის დენდროლოგიურ პარკში, ქობულეთის სანაპიროზე, ბახმაროში და სხვაგან.
“არავის უთქვამს რას ვუზამთ ამ პირბადეებს. ვიცით, რომ ცალკე ინახება და ცალკე უნდა გადაიყაროს. მაგრამ შემდეგ რა ხდება, არც ერთ ორგანიზაციას ჯერ კითხვაც კი არ გაჩენია. არადა კითხვაც ხომ შემდეგ პასუხს მოითხოვს. კითხვა კი არ დასმულა, რა ემართება შემდეგ ამას და რა დამატებით პრობლემას შექმნის.”
გვეუბნება, ირგვლივ მიმოფანტული პირბადეები კარგად წარმოაჩენს რამდენად მოიკოჭლებს საქართველოში გარემოს დაცვის პოლიტიკაო. ჩვენთან ცოტაა ურნა, სადაც გადახარისხებული ნარჩენები იყრება, კიდევ უფრო ცოტაა საწარმო, რომელიც ამ ნარჩენებს, მაგალითად პლასტმასს გადაამუშავებს.
მაგრამ ვიქტორია ამბობს, რომ დასაწყისისათვის, სახელმწიფომ და აქტივისტებმა უბრალოდ უნდა მიიყვანონ ადამიანები ურნებამდე. და თუ ადამიანი არ მიდის ურნამდე, მაშინ ურნა უნდა მიიტანონ ადამიანამდე.
პარკი გინდათ?
მარიამ ფესვიანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარკი არ მინდა-ს” თანადამფუძნებელი “რადიო თავისუფლებას” უყვება, რომ 2 წელიწადია, ცდილობენ აუხსნან მოსახლეობას, როგორ შეამცირონ პლასტმასის მოხმარება, და რა დაემართება ბუნებას, თუკი ამას არ იზამენ. და თუ მაინცდამაინც უარს ვერ ამბობენ, ის მაინც იცოდნენ, რომ ამ “მავნე” ნივთების გამოყენება ხელმეორედაც შეიძლება.
“პარკი არ მინდა” მოსახლეობისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების იბარებს და შემდეგ გადასამუშავებლად გზავნის, მაგრამ გაუგებრობები აქაც ხდება.
ადამიანები ჯერაც ყველა სახის ნარჩენს, გინდ მკვახე პომიდორს და გინდა ტელევიზორის კოლოფს ნაგავს ეძახიან. არადა ნაგავი ისაა, რასაც თითქმის ვერაფერში გამოიყენებ.
“ადამიანი თუ არ არის ჩართული ამ თემაში, შეიძლება დაიძაბოს. ის, რაც ვითომ გადავაგდეთ, ნაგავს ვეძახით, მაგრამ ეს არასწორია. სულ ამას ვამბობ - ჩვენ ეკოტაქსს როცა იძახებენ, გვეუბნებიან, როდის მოხვალთ და ჩვენ ნაგავს როდის წაიღებთ და ჩვენ ვპასუხობთ, ნაგავი თუ გაქვთ, არ მოვალთ. წავიღებთ მხოლოდ მეორად ნარჩენს, რომელიც არის რესურსი და ეგ არის ძალიან მაგარი”
არის თუ არა გამოსავალი მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების ტარება?
მარიამი ამბობს, რომ ორჯერაა აცრილი და მრავალჯერად პირბადეს ატარებს, თუმცა სხვებს ამისკენ ვერ მოუწოდებს, რადგანაც სათანადოდ ვერ აფასებს რისკებს - “ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვინმე რომ არ მოკვდეს, და არა პირბადე”
შეფასებებში ფრთხილობს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის პროგრამის კოორდინატორი, ნინო შავგულიძეც. პირბადე ვირუსის გავრცელებისგან საუკეთესო დაცვაა, თანაც მათი აკრეფა შეიძლება სახიფათოც იყოს.
ამასთანავე, მისი თქმით, საქართველოში პანდემიის პირობებში ნარჩენების გადახარისხება კიდევ უფრო შენელდა, რადგან სახელმწიფომ ბევრი ვალდებულების შესრულება გადაავადა.
“მათი პრიორიტეტები შეიცვალა, ადამიანის უსაფრთხოებამ წინ წამოიწია… თავიდან, როდესაც პანდემია დაიწყო, დახარისხების ურნებიც დაიხურა, იმიტორო ვერავინ ვერ ხვდებოდა, რამდენად გადამდებია ვირუსი და გადაყრილი ნარჩენები გადასამუშავებლად რომ წავა, რამდენად უსაფრთოა…”
თუმცა ვიკა ყოლბაიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკოსის პრიორიტეტი გარემოსდაცვითი საკითხები არც არასდროს ყოფილა.
პირბადეები ნაგავია თუ ნარჩენი?
ამაზე მსოფლიო ჯერაც ვერ შეთანხმდა. გადამუშავებას ართულებს ის, რომ ერთჯერადი პირბადეები და რესპირატორები შედგება ალუმინისა და პლასტმასისგან.
პლასტმასის და მიკროპლასტმასის წარმოება მსოფლიოს პანდემიამდეც ბევრ პრობლემას უქმნიდა. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ცნობით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოყოლებული, გადამუშავდა წარმოებული პლასტმასის მხოლოდ 9%, დაიწვა 12%, 79% კი ამოჩნდა ნაგავსაყრელზე. ჯერ არ არსებობს ზუსტი კვლევები იმაზე, ზუსტად რამხელა დაბინძურებას გამოიწვევს გადაყრილი პირბადეები. სამეცნიერო ჟურნალ “Environmental Advance”-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზღვაში აღმოჩენილ პირბადეს დღეში 173 000 მიკროფიბრის გამოშვება შეუძლია. რამდენ ხანს დარჩება გარემოში? 10-დან 450 წლამდე. გააჩნია რა მასალისგანაა და რა პირობებში დაიშლება.
პლასტმასით გარემოს დაბინძურება დიდი გამოწვევაა საქართველოსთვისაც. “ჩვენთან ხდება კატასტროფა” - ამბობს ვიკა. მაგალითად,“ ჯავახეთის ტბებზე, ფარავანის ტბასთან არის ტრანზიტული ადგილი გადამფრენი ჩიტებისთვის”. ისინი საჭმელად მოფრინავდნენ, მაგრამ ახლა თევზმა იკლო და ფრინველებიც ნაკლებად მოფრინავენ. რატომ? “ბევრი ნაგავია ჩაყრილი”.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში თითქმის 30 ათასი ტონა პლასტმასი გამოვიყენეთ (საერთო ნარჩენების საშუალოდ 16%).
2016-2030 წლების “ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის” მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანას გამოყენებული პლასტმასის 30 % უნდა გადაემუშავებინა, ბოლოს კი 80%-ზე უნდა ავიდეს.
პანდემიას დასასრული ჯერ არ უჩანს და პირბადებიიც კიდევ დიდ ხანს დაგვჭირდება. იმისდა მიუხედავად, რომ პირბადეების გადამუშავებაზე და განადგურებაზე მსოფლიოში ჯერაც კამათობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაციები, თუ როგორ გადავაგდოთ პირბადე ისე, რომ შევამციროთ ზიანი სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის.
მაგრამ ეს ინსტრუქციები არ მიუღია საქართველოს მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ ქუჩაში დაყრილი პირბადეები ვნახეთ, ვეწვიეთ ასევე თბილისში მდებარე 8 ბარსა და კაფეს. ყველგან სპეციალურად სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც შეგვხვდა.