ის, რომ 7 სექტემბერს, სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკა კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ მცდარი იყო, ამის თაობაზე მედიამ და საზოგადოებამ დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისგან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართული ბრიფინგიდან შეიტყო.
თუმცა, ისედაც ცხადი იყო, რომ Stopcov.ge-ზე, დილის 11 საათისათვის ატვირთული მონაცემები საეჭვოდ ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სამშაბათობით გამოქვეყნებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, კვირის სხვა დღეებთან შედარებით გაცილებით მაღალია ხოლმე, ეს მონაცემი კიდევ უფრო არარეალურად გამოიყურებოდა. საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 7 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1965 შემთხვევა დადასტურდა.
მოგვიანებით, შუადღისთვის, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის ეს არარეალურად დაბალი რიცხვი ასე განმარტა:
„დღევანდელი ახალი ინფიცირების რაოდენობის შემთხვევა 1965, ეს არ არის რეალური ციფრი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა“.
ხვალ, ანუ დღეს, 8 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრისგან ეკატერინე ტიკარაძისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ჯანდაცვის უწყებების სერვერზე დაფიქსირდა, ამოწურულია:
„საიტზე გუშინ, გვიან აღმოიფხვრა ის პრობლემა, რომელიც არსებობდა და დღეს განახლდა სრულად მონაცემები“.
რა ტექნიკური პრობლემა შეიქმნა? სად შეიქმნა? რა გახდა ხარვეზის მიზეზი? - ამის გარკვევას რადიო თავისუფლება 7 და 8 სექტემბერს უშედეგოდ ცდილობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში გვიხსნიდნენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გაგვცეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით იფარგლებოდა და გვწერდა:
„სამინისტროს დაურეკეთ“.
მერე ჩვენ ვწერდით, „სამინისტრომ თქვენთან გადმოგვამისამართა“.
ის კი გვპასუხობდა: „არა, სამინისტროს დაურეკე“.
8 სექტემბერს გამოქვეყნებული კოვიდ-სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კორონავირუსის 2571 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მხოლოდ ბოლო 24 საათის სტატისტიკაა თუ მას ასევე დაემატა გუშინ გაუჩინარებული მონაცემებიც? ჯანდაცვის უწყებების პრეს-სამსახურებისგან განსხვავებით, 8 სექტემბერს, დღის ბოლოს, ამირან გამყრელიძემ ამ კითხვაზე პასუხი მოგვწერა:
„დღეს დილის რიცხვი არის ბოლო 24 საათის. გუშინდელი დღის რეალური რიცხვი არის 3253, ნაცვლად 1965-ისა. ზოგადად, შემცირების პოზიტიური დინამიკა გრძელდება“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო პერიოდში, ჯანდაცვის უწყებების სერვერებს პრობლემები ექმნება. მათ შორის, არაერთხელ შეექმნა სერიოზული შეფერხებები ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალს booking.moh.gov.ge-ს. მოქალაქეები საათების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას. ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა „გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების გამო“ ბოდიშიც მოიხადეს.
ერთი შეხედვით, თითქოს არანაირ განსაკუთრებულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს კორონავირუსის ერთი დღის სტატისტიკის „ჩავარდნა“ თუ ცდომილება. თუმცა, როდესაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვირუსის დადებითობის მაჩვენებელსა თუ ვაქცინაციის მონაცემებზე ბევრი რამ, მათ შორის, სხვადასხვა შეზღუდვა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა დამოკიდებული, ასეთი ხარვეზებისგან და „სერვერზე შეფერხებებისგან“, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საიტები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
ილიაუნის პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სერვერებზე წარმოქმნილმა ხარვეზმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში კოვიდ-სტატისტიკას შესაძლოა ხარვეზები ჰქონდეს. ამირან გამყრელიძის 7 სექტემბრის განცხადებას ამ „აღიარებასთან“ დაკავშირებით ის სწორ ნაბიჯად მიიჩნევს:
„ამირან გამყრელიძემ თვითონ გაგვაფრთხილა, რომ სტატისტიკას შეიძლება ხარვეზები ჰქონდეს, რაც ჩემი აზრით, მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან უბრალოდ რიცხვებზე ყურება არ იძლევა დამშვიდების საფუძველს და მე აღვიქვი ეს განცხადება როგორც მისი მხრიდან გაფრთხილება, რომ ჯერ თავის დასამშვიდებელი არაფერი გვაქვს. გუშინ, ამ განცხადებით, ჩემნაირ ადამიანებს ამირან გამყრელიძემ საკბილო რომ გადმოუგდო, ესეც დასაფასებელია. მას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ მგონია, რომ ის რომ არა, სტატისტიკით მანიპულირება ამ ხელისუფლებისთვის გაცილებით მარტივი იქნებოდა. ღარიბაშვილისთვის დღეს ამირან გამყრელიძე ყელში გაჩხერილი ძვალია. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ამ რიცხვებს აბურთავებდნენ ისე, როგორც მოესურვებოდათ“.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, რომლის გაუმჯობესებაც მართალია, მცირედით, მაგრამ სახეზეა, ამას დღევანდელი მონაცემიც აჩვენებს, რაც წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. ასევე შემცირებულია რეანიმაციისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების საფუძველზე ჩანს, რომ ბოლო სამი კვირაა დაახლოებით 700-900-ით იკლებს კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი კვირის განმავლობაში.
კიდევ უფრო მაღალია კლების რიცხვი ბოლო ერთ კვირაში. თუკი, მაგალითად, ზუსტად ერთი კვირის წინ, პირველ სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს, 8 სექტემბერს, ეს მაჩვენებელი 1315-ით ნაკლებია. იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც. თუკი წინა კვირებში ის 10-12%-ში მერყეობდა, დღეს ის 8,73%-ია.