8 სექტემბერს, ჟურნალისტების საერთაშორისო დღეს, რუსეთის მედიასაშუალებებმა წამოიწყეს აქცია სახელწოდებით - „არ არსებობენ უცხოეთის აგენტები, არსებობენ ჟურნალისტები“.
აქციაში მონაწილეობს რუსეთის 40-ზე მეტი გამოცემა, რომელთა შორის არიან რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეტანილი ტელეარხი „დოჟდი“, „მედუზა“, The Bell, Republic, Doxa, "7×7", "ОВД-Инфо", The Village და სხვები.
მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების საიტებზე პუბლიკაციებს ექნება მსგავსი წარწერები, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ითხოვს. სამინისტრო ავალებს ყველა უწყებას, რომლებიც ამ სიაშია შეტანილი, რომ მათ გადაცემებს დაურთონ წარწერა „უცხოეთის აგენტი“. აქციაში ჩართული მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ამ აქციით მათ სურთ დაანახვონ ყველას, რომ „ჩვენ ბევრნი ვართ, რომ არ გვეშინია და არ ვაპირებთ მორჩილად დავდუმდეთ“, წერს „მედიაზონა“.
რუსეთის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტების“ სიას მუდმივად ზრდის და მასში შეჰყავს უფლებადამცველები, არაკომერციული ორგანიზაციები, გამოცემები და ცალკეული ჟურნალისტები.
ამ სიაში მოხვედრა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის აკრძალვას უახლოვდება. ამ სიების მიზანი დაშინება და დაბნევაა, მათი დადუმებაა, ვინც არ ლაპარაკობს წესდების შესაბამისად.
„უცხოეთის აგენტების“ სიაში, 8 სექტემბრის მონაცემებით, 47 პირი და ორგანიზაციაა.
რუსეთის კანონმდებლობაში „უცხოეთის აგენტის“ გაგება შემოვიდა 2017 წლიდან, როცა რეესტრში შეიტანეს პირველი მედიასაშუალებები, მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქცია და მისი რეგიონული პროექტები.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არ ეთანხმება რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ეს სტატუსი, „უცხოეთის აგენტი“, მედიასაშუალებებსა და კერძო პირებს სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს.