ზღვის დონიდან 4 684 მეტრზე, მყინვარწვერისკენ პოლონელი ტურისტების სამკაციანი ჯგუფი მიდის. წინ სამთო გიდი რამაზ ჯიქია მიუძღვება. მზიანი ამინდია. ირგვლივ სრული სიმშვიდეა. რამაზი მარჯვნივ იხედება და დაახლოებით 200 მეტრში ხედავს, როგორ მოწყდა თოვლისა და ყინულის უზარმაზარი მასა და დაიძრა მათკენ.
„დავიყვირე - გავიქეცით! მთელი ძალით გავრბივართ. ზვავი კი არა, ყინულის დიდი, ნახევარმეტრიანი, ერთმეტრიანი ლოდებია. გვირტყამს, ეგრევე გვმარხავს, პირი თოვლით გვევსება. რაღაც მომენტში, რამდენიმე წამით ზედაპირზე ვარ, მერე ჩამმარხა და სანამ გაჩერდება, სულ ჩაფლული ვარ, შიგნით გვატრიალებს. ბოლოს „გადმოგვაფურთხა“ - თავი ზევით მაქვს, ცალი ხელიც თავისუფალი. მე და ორი კლიენტი ერთმანეთში ვართ გადახლართული, ვერ ვმოძრაობთ. მესამეს ვერ ვხედავ“, - იხსენებს რამაზი რადიო თავისუფლებასთან.
თავისუფალი ხელით რამაზი რაციას ჩასძახებს. რამდენიმე წუთში, ახლოს მყოფი სამი გიდი ჩნდება დასახმარებლად და ცდილობს დაახლოებით 300 მეტრის ფართობზე გაშლილ ზვავში მოყოლილების ამოყვანას. რამაზს მხარი აქვს ამოვარდნილი. ორ ტურისტს - ნაკაწრები და მსუბუქი დაზიანებები. მესამეც ოდნავ მოშორებით ამოიყვანეს, უვნებელი. გაირკვა, რომ წინ მიმავალი უკრაინელი მთამსვლელების ჯგუფიდან ერთი გოგო ასევე მოყვა ზვავში - ვარაუდობენ, რომ მრავალჯერადი მოტეხილობებით, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ხელის მოტეხვა დადასტურდება.
„მხარი შემთხვევით ჩამისვეს. დავრწმუნდი, რომ ყველა კარგადაა და მხოლოდ ამბის მიწოდებაა საჭირო. გავიქეცი. ერთ ხელში, ტელეფონში 112 მაქვს აკრეფილი, მეორეში რაცია მიჭირავს - მეტეოსადგური, გამოდი კავშირზე! მეტეოსადგური, გამოდი კავშირზე!“ - იხსენებს რამაზი და ამატებს: „რაცია ფიზიკურად ვერ იჭერს. სჭირდება შუალედური კავშირგაბმულობის სადგური, რომ დაფაროს მთლიანი მარშრუტი… 600-700 მეტრი მაინც ვირბინე, რომ კავშირზე გავსულიყავი. როგორც იქნა, დავუკავშირდი - ზვავში მოვყევით, გვყავს დაშავებულები, დახმარება გვჭირდება, სასწრაფო ევაკუაცია!“
ზვავის საშიშროების წინასწარ განსაზღვრა - მით უმეტეს, კლიმატის ცვლილების პირობებში - პრაქტიკულად შეუძლებელია, ისევე, როგორც მისგან თავის დაცვა. ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სამთო სამაშველო სისტემა, რომელმაც დროული და კრიტიკული დახმარება უნდა გაუწიოს დაზარალებულებს.
31 აგვისტოს ზვავში მოყოლილების სამაშველო ოპერაციაში არც ერთი ქართველი მაშველი არ მონაწილეობდა. დაშავებულები მთიდან ავსტრიული კომპანიის ვერტმფრენითა და პოლონელი მაშველ-მედიკოსების დახმარებით ჩამოიყვანეს.
Your browser doesn’t support HTML5
„112-ს საერთოდ არ ესმის, რაზე ვლაპარაკობთ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან მარცინ ბლენსკი, პოლონელების მოხალისეობრივი სამაშველო-სამედიცინო ჯგუფის, „უსაფრთხო ყაზბეგის“ (Bezpieczny Kazbek) კოორდინატორი და განაგრძობს: „ერთხელ დავრეკე, ვუთხარი, ასეთ სიმაღლეზე ვართ, ვერტმფრენი გვჭირდება-მეთქი. მიპასუხეს, ახლავე გამოვგზავნით სასწრაფო დახმარების მანქანასო“.
მოხალისე-მაშველები 3 650 მეტრზე
არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, საქართველოს მწვერვალებით მთამსვლელთა დაინტერესებას რომ ასახავდეს. ბიძინა გუჯაბიძე, საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის ექსპერტი, რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ მყინვარწვერი ყველაზე იაფი და საკმაოდ მარტივი 5 000-მეტრიანი მთაა ევროპაში; ასეთი სიმაღლის მწვერვალზე ამსვლელი და ასვლის მსურველი ბევრია.
Your browser doesn’t support HTML5
ვიდეო: მყინვარწვერისკენ მიმავალი ათობით მთამსვლელთა ჯაჭვი მთის ფერდობზე. „ყოფილა შემთხვევა, რომ მთაზე ვყოფილვართ 150-200 კაცი“, - ამბობს რამაზ ჯიქია.
გაუთვალისწინებელი ინციდენტის შემთხვევაში - რაც მთაში არც ისე იშვიათია - სამაშველო ოპერაციაში სამთო მაშველთა გუნდი უნდა ჩაერთოს. ყაზბეგის, მესტიის სამაშველო სამსახურში არიან მაღალკვალიფიციური სამთო მაშველები, თუმცა მათ „არ აქვთ აუცილებელი სამთო აღჭურვილობა, კომუნიკაციისა თუ ძებნის საშუალებები, თანამედროვე ძებნის სისტემები, ტრანსპორტი“.
ყველაზე კრიტიკულად საჭირო, მთამსვლელების მტკიცებით, სამაშველო ვერტმფრენია, რომელიც 112-ს საერთოდ არ ჰყავს და უწევს სასაზღვრო პოლიციისგან ითხოვოს.
112-ს საერთოდ არ ესმის, რაზე ვლაპარაკობთ. ერთხელ დავრეკე, ვუთხარი, ასეთ სიმაღლეზე ვართ, ვერტმფრენი გვჭირდება-მეთქი. მიპასუხეს, ახლავე გამოვგზავნით სასწრაფო დახმარების მანქანასო-- მარცინ ბლენსკი
კერძო, სადაზღვევო ვერტმფრენი კი არაა მზად პაციენტის გადაყვანისთვის - არ აქვს სამედიცინო აღჭურვილობა და მისი ეკიპაჟიც მხოლოდ პილოტებისგან შედგება.
ვერტმფრენის გარეშე, სტეფანწმინდიდან მხოლოდ მეტეოსადგურამდე - საბანაკე ადგილამდე - მისვლას 5-6 საათი სჭირდება. თუ ინციდენტი უფრო ზემოთ მოხდა, დამატებით რამდენიმე საათი. და იგივე მანძილი უკან, სამედიცინო დაწესებულებამდე დაშავებულის მისაყვანად.
„ტანსაცმელი არ აქვთ ყაზბეგის სამთო მაშველებს. ჩვეულებრივი ფორმები აცვიათ. ჩვენმა ფონდმა ვუყიდეთ მთის ქურთუკები შარშან. ჩემი ბარგით ჩამოვუტანე პოლონეთიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარცინ ბლენსკი.
ბლენსკის ჯგუფი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩამოვიდა, მყინვარწვერზე დაღუპული პოლონელი მთამსვლელის ოჯახის თხოვნით, მისი გვამის სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
ფატალური შემთხვევების პრევენციისთვის, მათ გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო სამაშველო-სამედიცინო ჯგუფის მუდმივი ყოფნა მეტეოსადგურზე, ზღვის დონიდან 3 650 მეტრზე - მწვერვალთან ახლოს და არა სტეფანწმინდაში, სადაც ქართული სამაშველო სამსახურია.
„100-ზე მეტჯერ მოგვიწია სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირება მხოლოდ აგვისტოში. სეზონზე კი საშუალოდ 200-250 ინციდენტი ხდება“, - ამბობს ბლენსკი და ამატებს: „ოთხამდე შემთხვევა იყო, როცა ჩვენი დახმარების გარეშე დაიღუპებოდნენ. ეს იყო მთის მწვავე დაავადების თუ ცერებრალური ედემის შემთხვევები - ჟანგბადისა და მედიკამენტების გარეშე შეიძლება მეტეოსადგურზე მომკვდარიყვნენ. დახმარება ჩვენთვის, გამოცდილი, აღჭურვილი მედიკოსებისთვის მარტივია, უბრალოდ საჭიროა ადგილზე ყოფნა“.
დღეს „უსაფრთხო ყაზბეგი“ 40-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარი ჯგუფია - მათ აქვთ „სრული სპექტრის კლინიკა“ - მონიტორი, ულტრაბგერითი აპარატი, მედიკამენტები და, რაც მთავარია, მათი მაშველები ამავდროულად არიან პარამედიკოსები, ექთნები, ექიმები. ყველა მათგანი პოლონეთიდანაა და ყოველ ზაფხულს, პანდემიური 2020 წლის გარდა, მეტეოსადგურზე ატარებენ.
ბლენსკის მტკიცებით, „უსაფრთხო ყაზბეგის“ საქმიანობა ჯერჯერობით მოხალისეობრივ პროექტს ჰგავს, რადგან არც ერთი მაშველი არ იღებს ხელფასს. პოლონეთში დაარსებული ფონდიდან ან კერძო შემომწირველებისგან შესული თანხა კი ხმარდება ტრენინგებს, აღჭურვილობას.
„ასეთი ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო ქართველების ჯგუფი, მთავრობას რომ ეს აინტერესებდეს და აფინანსებდეს. მისი პოლიტიკა უნდა იყოს, რომ ხალხი, საკუთარიც და სხვისიც, იყოს უსაფრთხოდ“, - ამბობს ბიძინა გუჯაბიძე.
არაკვალიფიციური გიდები
მყინვარწვერის დალაშქვრის მზარდი მოთხოვნის პარალელურად, ბიძინა გუჯაბიძე მთაში ინციდენტების პოტენციურ ზრდასაც ვარაუდობს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ გიდებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, სახელმწიფოს წინაშე დაადასტურონ საკუთარი კვალიფიკაცია.
„ახლა თქვენ მყინვარწვერზე ერთხელ რომ ახვიდეთ, უი, რა კარგი ყოფილაო, გზა ვისწავლე, მაღალანაზღაურებადი სამუშაოა და მოდი მეც ვატარებო [ტურისტებს] - ასე იწყებენ უმეტესად“, - ამბობს გუჯაბიძე და ამატებს: „წარმოიდგინეთ, რომ ქირურგის პროფესია არ იყოს დაცული და ვისაც გაუხარდება, თქვას, რომ კარგი დანა მაქვს, მეც გავჭრი და გავაკეთებ ოპერაციას“.
სამთო გამყოლების მთელი ფილოსოფია არის, რომ რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ჩვენი სტუმარი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მან არაფერი იცის და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მის უსაფრთხოებაზე-- დავით რაქვიაშვილი
სამთო გიდი მაღალი რისკის მქონე პროფესიაა, რომელსაც წლობით მიღებული გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. პროფესიული ეთიკისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპები ვერ აზღვევს რისკებს სრულად. ექსპერტები ყველაზე მყარ და ეფექტიან გამოსავალს ხედავენ საკანონმდებლო რეგულაციაში, რომელიც, პირველ რიგში, ემსახურება ტურისტის უსაფრთხოებას.
„სამთო გამყოლების მთელი ფილოსოფია არის, რომ რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ჩვენი სტუმარი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მან არაფერი იცის და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მის უსაფრთხოებაზე“, - ამბობს დავით რაქვიაშვილი, სამთო გიდთა ასოციაციის დამფუძნებელი და ამატებს: „კანონით, შეიძლება გიდს დაეკისროს მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა, ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ შემთხვევა ფატალურად დასრულდა და ამაში გამოიკვეთა გიდის დანაშაულებრივი ქმედება“.
მისივე თქმით, რეგულაციის ინიციატივა ქვემოდან, სამთო გამყოლებისგანაა წამოსული და მასზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს. რაქვიაშვილის მტკიცებით, ადგილობრივი გიდების კვალიფიკაცია ნაკლებად პრობლემურია.
„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად 100% მოქმედი გამყოლებისა, მოვიდა „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში“, მიიღო პროფესიული განათლება [სახელმწიფოს დაფინანსებით]. დღეს ამ საქმეში ჩართული ადამიანების უმრავლესობა მომხრეა, მოხდეს რეგულირება“, - ამბობს ის.
პრობლემად რჩება საქართველოს მთის რეგიონებში მომუშავე უცხოელი არაკვალიფიციური გამყოლები. ამის პრევენციას ყველაზე კარგად, ექსპერტების აზრით, ეროვნული რეგულაცია მოემსახურება.
„მე, ვიღაცა ბიძინა გუჯაბიძე, არ უნდა მივდიოდე ვიღაც უკრაინელთან და თავში არ უნდა ვუკაკუნებდე ჯოხს, რატომ მუშაობ აქ, ასე ცუდად რატომ გყავს ჩაბმული, ასე საშიშად რატომ დადიხარ, რატომ უქმნი საფრთხეს საკუთარ ჯგუფს და მეც?“
მთლიანობაში, სამაშველო, სადაზღვევო, საგამყოლო საქმიანობა უნდა იყოს ერთიან სისტემაში მოწესრიგებული-- დავით რაქვიაშვილი
სათავგადასავლო ტურიზმის რეგულაცია ნაწილი იქნება განახლებული ტურიზმის კანონისა, რომელიც ჯერ პარლამენტში დარეგისტრირებულიც არაა.
„მთლიანობაში, სამაშველო, სადაზღვევო, საგამყოლო საქმიანობა უნდა იყოს ერთიან სისტემაში მოწესრიგებული“, - ამბობს დავით რაქვიაშვილი.
სტატიაში მოყვანილ მოსაზრებებზე კომენტარისთვის რადიო თავისუფლებამ მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. უწყების პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.