ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის სატანკო ეკიპაჟებმა სამხედრო სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა. საოკუპაციო ძალების სატანკო ეკიპაჟების წვრთნა მოძრავი სამიზნეების განადგურებაში ჩატარდა. სწავლებებში 30 სატანკო ეკიპაჟი იღებდა მონაწილეობას. - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.
„30-ზე მეტმა სატანკო ეკიპაჟმა ისროლა თანამედროვე T-72B3 ტანკების ქვემეხებიდან სტანდარტული ჭურვებით, ასევე ფართო კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან მოძრავი სამიზნეების მიმართ. სწავლებების დროს გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. საარტილერიო დანადგარებიდან 300 -დან 2 ათას მეტრამდე მანძილზე ისროლეს. სროლა განხორციელდა როგორც დღისით, ასევე ღამით სპეციალური აპარატურის გამოყენებით", - აღნიშნავს არმიის პრესსამსახური.
სამხრეთის სამხედრო ოლქში ერთდროულად, ოთხი ორმხრივი ბატალიონი და ერთი პოლკის ტაქტიკური წვრთნები მიმდინარეობს სტავროპოლის მხარეში, როსტოვის რეგიონში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ვოლგოგრადის რეგიონსა და ყირიმში მდებარე სამხედრო ბაზების პოლიგონებზე. მათში მონაწილეობს დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ჩართულია დაახლოებით 800 ცალი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და საზენიტო- სარაკეტო სისტემები.