ახალი სასწავლო წელი ოკუპირებულ ცხინვალში ეპიდემიის ახალი ტალღის მოლოდინში

ცხინვალის ერთ-ერთი სკოლა. 6 სექტემბერი, 2021 წ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, 6 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ექიმები, აცივებასთან ერთად კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყებას პროგნოზირებენ.

სასკოლო ზეიმების უმეტესობაც უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე ჩატარდა. დე ფაქტო განათლების სამინისტროს მონაცემებით, 6 სექტემბერს 51-მა სკოლამ დაიწყო მუშაობა. 657 ბავშვი წავიდა პირველ კლასში.

ცხინვალელებმა მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სასკოლო ღონისძიებების დროს ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტების არარსებობაზე. არც მშობლებს, არც მასწავლებლებს, არც მოწვეულ სტუმრებს და არც ბავშვებს პირბადეები არ ეკეთათ. პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის სახელიცაა ალანი, აცხადებს, რომ შვილი სკოლაში მიიყვანა, მაგრამ იქ ელემენტარული უსაფრთხოების სტანდარტი ვერ ნახა.

მე ვიყავი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე: მთელი სკოლა, ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები უნიღბოდ იყვნენ, მხოლოდ სამი პირბადე დავითვალე. არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა. მეჩვენება, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი დაუდევრობაა. ხალხი ფიქრობს, რომ რადგან ერთხელ უკვე იყვნენ ინფიცირებული, მეორედ ავად აღარ გახდებიან. ერთადერთი, რაც დღეს იყო, ვთქვათ, ანტიკოვიდური ღონისძიებების დაცვით - მშობლებს არ მისცეს უფლება სკოლაში შესულიყვნენ, ისინი ყველანი დარჩნენ ქუჩაში. და, ამავე დროს, ბევრი მათგანი აღშფოთდა ამით. მე კიდევ ერთხელ გავაფრთხილე ჩემი შვილები, როდესაც ისინი სახლში წამოვიყვანე, რომ თქვენ სასწრაფოდ უნდა დაიბანოთ ხელები თბილი წყლით, დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ ოცდაათი წამის განმავლობაში“.

სასწავლო წლის დაწყება ცხინვალის ერთ-ერთ სკოლაში

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ექიმი ალექსანდრ პლიევი, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში საუბრობს მოსახლეობაში ვაქცინაციის დაბალ დონეზე, რასაც ის კვლავ უკავშირებს ვაქცინაციის სარგებლის შესახებ სახელმწიფო პროპაგანდის ნაკლებობას:

ხალხმა ეს ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს. ბევრი კოვიდდისიდენტი ფეისბუკზე და სხვა სოციალურ ქსელებში უფრო წარმატებულია, ვიდრე სახელმწიფო მედია. საპარლამენტო კომიტეტმა ახლახან მიმართა მედიას რეკომენდაციით, მაგრამ მათი ხმა ჯერ არ ისმის. და ამან განაპირობა ის, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ არ არის აცრილი. კორონავირუსის პრევენციის შტაბის მუშაობა ბოლო დროს აქტიურად არ მიმდინარეობს. გარკვეული შემზღუდველი ზომები, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია, არ არის დანერგილი. მე არ ვსაუბრობ რადიკალურ ზომებზე, "აკრძალვა, აკრძალვა და აკრძალვაზე". მაგრამ არსებობს ეპიდემიოლოგიის ზოგადი წესები, რომლებიც ასობით წელია არსებობს - ეს არის პირბადის ტარების რეჟიმი, ეს არის სოციალური დისტანცია, სადეზინფექციო საშუალებები. ისინი არც სკოლებში და არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პოპულარული არ არის. საზოგადოება მთლიანად მოეშვა“.

ალექსანდრე პლიევის თქმით, სკოლებში მასობრივი სადღესასწაულო ღონისძიებების შემდეგ მას ბევრმა ადამიანმა შეშფოთებით მიმართა.

ისინი აღშფოთებულნი იყვნენ იმით, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ სასწავლო წლის დასაწყისისთვის ჩაეტარებინათ მასშტაბური ღონისძიებები, სადაც ბევრმა ადამიანმა, ყველამ ერთმანეთი გადაკოცნა. ვფიქრობ, ამის შედეგი ერთ კვირაში გაირკვევა“.

სასწავლო წლის დაწყება ცხინვალის N3 სკოლაში, 6 სექტემბერი, 2021 წ.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ ახლა ბავშვები განსაკუთრებით სახიფათო ზღვარზე გადიან.

„ვიცით, რომ ახალი შტამი ბავშვებს უფრო ერჩის და ამ დროს ჩვენმა მთავრობამ ყველა სკოლაში მასობრივი ღონისძიებები გამართა, სადაც არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა. მეც გავიარე ქალაქის ერთ-ერთ სკოლასთან, პირბადე არავის ეკეთა და იქაურობას მალე მოვცილდი, ახლა ჩვენ ვსხედვართ კოვიდბომბზე და ველოდებით როდის აფეთქდება. ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ახალი ტალღა გვიახლოვდება, არც მთავრობაში და არც საზოგადოების დიდ ნაწილში, ყურს არავინ იბერტყავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიბილოვის ხელისუფლება სავსეა ანტივაქსერებით და მათ არ ადარდებთ ადამიანების ჯანმრთელობა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

ალექსანდრ პლიევის თქმით, გაზაფხულზე რუსეთიდან ცხინვალში ჩატანილი „სპუტნიკ-V“-ის ვაქცინის 2000 დოზიდან 900-ზე მეტი არ არის გამოყენებული. ოკუპირებულ რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.