თამარ გაბუნია: ჩვენი მთავარი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში მოვიცვათ ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა

თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ხანდაზმული, 65 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესს უფრო ინტენსიური ხასიათი უნდა მიეცეს.

"ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის, მოვიცვათ ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა, 65 წლის ზემოთ, რომელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ერთი-ორი თვის განმავლობაში მათი მოცვა იყოს სრული მაქსიმალური, ანუ ჩვენი 60 პროცენტი სამიზნე ამ ჯგუფში იქნას მიღწეული და კიდევ უფრო მეტიც, რადგან ყველაზე მაღალი რისკები მაინც, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და გართულებების თვალსაზრისით, ამ ჯგუფში აღინიშნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე მაღალია, მაგრამ უფრო საგანმანათლებლო კუთხით მეტი მუშაობაა საჭირო, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის მოსახლეობასთან:

„ჩვენი მიზანი უახლოეს დღეებში იქნება, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმი, რომ მათ ჰქონდეთ ინდივიდუალური კონსულტაციები პაციენტებთან და მოუწოდონ მათ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მიზნობრივი ვაქცინაციის შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. "იმედის დილაში" მან განაცხადა, რომ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემცირების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანთა ვაქცინაცია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 262 ადამიანი. ამ დროისათვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 17,1 %.

ასევე ნახეთ საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 17.1%