თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის სკოლას წელს სამი პირველკლასელი ეყოლება. ისინი 15 სექტემბრიდან სწავლას ონლაინ დაიწყებენ, თუმცა მას მერე, რაც კლასში სწავლა განახლდება, მათ საფრთხის შემცველ შენობაში მოუწევთ სიარული.
სკოლის შენობა მთლიანად ამორტიზებულია. გარემონტებულია მხოლოდ ერთი კლასი. ამ ოთახში იღებენ განათლებას პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები. ადგილობრივები თითქმის 30 წელია შენობის რეაბილიტაციას მოითხოვენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.
სოფელი ლეჩური თელავის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიანი დასახლებაა, ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და თელავიდან 24 კილომეტრით არის დაშორებული. ოთხწლიანი სკოლა ერთადერთი დაწესებულება, რომელიც სოფელში ფუნქციონირებს, თუმცა სკოლა შეიძლება პირობითად ეწოდოს, რადგან შენობის საძირკველი დაზიანებულია, კედლები იშლება, იატაკიც შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩავარდეს.
ხელისუფლებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთსართულიან ავარიულ შენობაში მხოლოდ ერთი ოთახის შერემონტება მოახერხა. ამ ოთახს ფანჯრები და კარი ჩაუსვეს, შეღებეს კედლები. სკოლა მცირეკონტინგენტიანია. ერთ ოთახში ერთდროულად 4 კლასის მოსწავლეები სწავლობენ. გასულ წელს სულ 4 მოსწავლე ჰყავდათ. წელს კიდევ 3 პირველკლასელი დაემატება.
სკოლის შენობა მთლიანად ავარიულია და საფრთხეს წარმოადგენს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ხუტუაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ უკვე წლებია ინფორმირებული არიან შესაბამისი უწყებები.
„საკლასო ოთახი, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ მეცადინეობა, შერემონტებულია, მაგრამ ზოგადად მთლიანი შენობა არ არის კაპიტალური. ფაქტობრივად დემონტაჟს ექვემდებარება. სკოლას ეზოში ხის ტრადიციული საპირფარეშო აქვს. ხელსაბანი დერეფანშია“, - გვეუბნება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ალექსი წელაური, რომელიც ახლა 28 წლისაა, სოფელ ლეჩურში დაიბადა და იზრდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სასკოლო ასაკის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად ჯერ თელავში გადავიდა, შემდეგ კი თბილისში. როგორც თავად ამბობს, საცხოვრებლის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დაწყებით სკოლაში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო. ალექსის და მის დას არც საბავშვო ბაღში უვლიათ. ლეჩურში სკოლამდელი დაწესებულება არ არის.
წელაური ხაზგასმით ამბობს, რომ არსებული სკოლის აღდგენა აუცილებლად უნდა მოხდეს და ადგილობრივები შეთავაზების შემთხვევაში არ მიიღებენ ისეთ ინიციატივას, რომ სკოლის დახურვის სანაცვლოდ მერიამ უზრუნველყოს ბავშვების ტრანსპორტირება და ფშავლის საჯარო სკოლაში გადაყვანა.
„ამ შენობაში ერთი საკლასო ოთახიც მხოლოდ იმის გამო გააკეთეს, რომ საკუთარი ინტერესები დაეკმაყოფილებინათ. ეს ინტერესი არჩევნებს უკავშირდება. ეს საკლასო ოთახი რომ არ არსებობდეს, სოფელში არ არის სხვა შენობა, სადაც არჩევნების დღეს ამომრჩეველი ხმის მიცემას შეძლებს. სწორედ ამიტომ გააკეთეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება ესეც არ გვქონოდა. ამ სკოლამ რომ ფუნქცია დაკარგოს და დაიკეტოს, ეს ადგილი გახდება სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ან საწყობი“, - ამბობს წელაური და დასძენს, რომ წლიდან წლამდე სოფელში მუდმივად მცხოვრებთა რაოდენობა იკლებს.
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ლეჩურში ცხოვრობს 88 ადამიანი. როგორც ლეჩურელები ამბობენ, მათ არაერთხელ დაჰპირებიან, რომ სკოლის შენობას აღადგენდნენ, თუმცა დაპირება ამ დრომდე კვლავ დაპირებად რჩება. სოფელში მერის წარმომადგენელმა დავით გარშაულაშვილმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა: „ზაფხულში გვითხრეს, რომ მომავალ წელს სკოლის აშენებას აპირებენ, მანამდე კი მოსწავლეები ამ სკოლაში მივლენო“.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაზუსტებით ვერ ამბობენ, მოხდება თუ არა არსებული შენობის რეაბილიტაცია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლევან მრელაშვილის თქმით, სკოლის შენობა ნახეს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა და დაასკვნეს, რომ ავარიულობის გამო რეაბილიტაციის ჩატარება არ შეიძლება.
„ყოველდღე ლეჩურიდან ფშავლის საჯარო სკოლაში დადის ავტობუსი, რომელსაც დაჰყავს ზედა კლასის მოსწავლეები. ჩვენ შეგვიძლია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც ჩავსვათ ამ ავტობუსში და ფშაველში ვატაროთ, მაგრამ რა გამოვა?.. სოფელს თავისი სკოლა უნდა ჰქონდეს. ამჟამად ერთადერთი რამ, რომელიც სოფელს აცოცხლებს, ეს სკოლაა. ჩვენ არ გვინდა ეგ ნაბიჯი გადავდგათ, ამიტომ ვცდილობთ ალტერნატიული გზის მოძიებას. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დავალებული აქვს, რომ მოძებნოს ფართი, იქნებ ვიქირაოთ და საერთოდ გამოვრიცხოთ ყოველგვარი საფრთხე ბავშვებისთვის. ეს შენობა რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება. რეაბილიტაცია რომ დავიწყოთ, ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული. ამიტომ ჩვენ და სამინისტრო ვფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ“.
ვიდრე გადაწყვეტილების მიმღები პირები შეთანხმდებიან, კონკრეტულად რა და როგორ გააკეთონ, ლეჩურის სკოლაში ადგილობრივ მოსწავლეებს და მასწავლებლებს კვლავ ამორტიზებულ შენობაში მოუწევთ სწავლის გაგრძელება. კლასში სწავლის დაწყებამდე კი ამავე შენობაში ჩატარდება 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.