ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამერიკის მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი დააკავეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა, ის ჯავის რაიონის მაღალმთიან სოფელ ერმანთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. კრამერი საქართველოში ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ ემოგზაურა სამხრეთ კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ და ჩასულიყო შავ ზღვაზე. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან მოხვდა.

ოსური მედიის ცნობით, ჯექსონ პოლ კრამერმა არ იცოდა სამხრეთ ოსეთის არსებობის შესახებ. კრამერი ცხინვალში ოს ჟურნალისტებსაც შეახვედრეს და პრესკონფერენცია გამართეს. დაკავებულმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ.

„მინდოდა საქართველოდან შავ ზღვაზე წასვლა, მაგრამ რადგან არ ვიცოდი თქვენი ქვეყნის არსებობის შესახებ, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. მე მესაზღვრეებმა დამაპატიმრეს და აქ მომიყვანეს“, - განმარტა კრამერმა. მისი თქმით, გასაგები მიზეზების გამო, მას არ შეუძლია მოგზაურობის გაგრძელება, მაგრამ მოეწონა ეს თავგადასავალი.

„კავკასიონის მთები დიდი ხანია მიზიდავს. დავინტერესდი კავკასიის ისტორიითა და კულტურით, ამიტომ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი. კავკასიონის მთები საერთოდ მშვენიერია“, - ამბობს კრამერი. მან აღნიშნა, რომ სამშობლოში ბრუნდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ოსური მედიის ცნობით, ამერიკელ კრამერს ადმინისტრაციული სასჯელი ელის და მას ქართულ მხარეს მალე გადასცემენ. მისი დაკავება კი დე ფაქტო კაგებემ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა. ჯექსონ კრამერი წაიყვანეს ცხინვალის მუზეუმში და მე-5 სკოლასთან არსებულ სასაფლაოზე, რომელსაც ქართული აგრესიის მსხვერპლთა სასაფლაოს უწოდებენ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი კრამერის დაკავებას საქართველოსა და ამერიკის პოლიტიკას უკავშირებს, რომლებიც არ ცნობენ სამხრეთ ოსეთის არსებობას.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალე განცხადებას გაავრცელებს.

ასევე ნახეთ ცხინვალის რეგიონში დაკავებული ამერიკის მოქალაქე თავისუფალია