ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუკების შემდეგ საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადასცა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელიც "კარტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტია, საქართველოს სახელმწიფოს ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა. ხმალის გადაცემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა კულტურის სამინისტროში, რომელზეც მინისტრმა, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა დავით ხიდაშელს და თქვა, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული ნივთი ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას.

დავით ხიდაშელის თქმით, ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძის ხმალი მან ბელგიის აუქციონზე შეიძინა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავლისგან იმ მიზნით, რომ საქართველოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონანტად ექცია. საქართველოსთვის გადაცემამდე ხმალს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ.

თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ხმალს აქვს წარწერა "Prince Tchavtchavadze" და თარიღი 185? (ბოლო ციფრი არ იკითხება).

ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია: დავით ხიდაშელი პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან და საშიშ სპეცოპერაციებთან
ასევე ნახეთ რუკების მოძიებისთვის ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს
ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმე" - გამოძიების ქრონოლოგია