ამირან გამყრელიძე: ვაქცინის პირველ დოზაზე ჯავშნებმა იკლო - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 სექტემბერს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კვირას კორონავირუსის შედეგად კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 8,33%-ია, რაც წინა ორ კვირასთან შედარებით ნაკლებია.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ კოვიდვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაციამ იკლო.

„ქვეყანაში „ფაიზერის“ 700 ათასი თავისუფალი დოზაა, ყოველდღე მოსახლეობას ვეუბნები - დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე, სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის მოკლების. დღეში 24 ათასი აცრა გვაქვს საშუალოდ და ეს კარგია, მაგრამ მინდა, რომ სექტემბერში იყოს 30 ათასი აცრა დღეში იმიტომ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთვის არის კრიტიკული. თუ ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში გავაკეთებთ მილიონ-მილიონ აცრას, სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეიდან ისევ შესაძლებელია „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზის მიღება. ამისთვის აცრის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია ან პირდაპირ აცრის პუნქტებში მისვლა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

თბილისის აეროპორტში ავარიულად დაჯდა „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი

„აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ავარიულად, თუმცა მშვიდობიანად.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე შეექმნა პრობლემები.

„არ დაიხურა შასი. ეს ტექნიკური გაუმართაობაა. აფრინდა, მაგრამ შასი - ბორბლები არ შევიდა ხომალდის კორპუსში. შესაბამისად, პილოტმა, რადგანაც ჩვენთვის უზენაესია მგზავრთა უსაფრთხოება, მიიღო გადაწყვეტილება, დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რათა თვითმფრინავს ჩაუტარდეს საფუძვლიანი შემოწმება როგორც შასის გაუმართაობის მიზეზის, ასევე რეისის განხორციელების შესაძლებლობის დასადგენად“, - უთხრა რომან ბოკერიამ „ტვ პირველს“.

თვითმფრინავში, რომელიც ვენაში მიფრინავდა, 180 მგზავრი იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს განცხადების გაკეთებას სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებს, განცხადება გააკეთოს თავის სამომავლო გეგმებზე საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ფეისბუკზე 3 სექტემბერს დაწერა: „ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

გუშინ სააკაშვილის განცხადებას ხელისუფლებიდან გამოეხმაურნენ. მას „ლაჩარი, კურდღელი და მშიშარა კაცი“ უწოდა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნებისმიერი მისი ეს მორიგი სულელური პროვოკაცია მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს იწვევს, თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. 8-9 წელი გავიდა, რატომ ვერ ჩამოდის, როგორ ფიქრობთ?“ - თქვა პრემიერმა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში აშშ-ის კონგრესმენები ჩამოდიან

6 სექტემბერს თბილისში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ჩამოდის. მათი ვიზიტი სამდღიანი იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს. ასევე დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ინაუგურაცია გაიმართა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ფონზე

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ახალი მამამთავრის ინაუგურაცია 5 სექტემბერს შედგა. მიტროპოლიტი იოანიკოს მეორე შვეულმფრენით მიიყვანეს მონასტერში პოლიციის დაცვის ქვეშ. პოლიციის სპეცრაზმს შეტაკება მოუვიდა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებთან, რომელთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გადაწყვეტილებამ, იოანიკოს მეორის მონტენეგროს მიტროპოლიტად კურთხევა მომხდარიყო მონტენეგროს ძველ დედაქალაქ ცეტინიეში, ისტორიულ მონასტერში, გააბრაზა მონტენეგროელები, რომლებიც თვლიან, რომ ეს შეურაცხყოფს პატარა ქვეყნის ხანგრძლივ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.

საპროტესტო აქცია ციტენიეში იმართება 4 სექტემბრის შემდეგ, მისი მონაწილეები ისროდნენ ბოთლებს და ქვებს, გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „ეს მონტენეგროა!“, „ეს არ არის სერბეთი!“. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ჰაერში ისროლა.

წაიკითხე მეტი.

ავღანეთის ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მძაფრი ბრძოლებია, თალიბანიც და წინააღმდეგობის მოძრაობაც წარმატებაზე იტყობინებიან

მძიმე შეტაკებები გრძელდება ფანჯშირის ხეობაში, უკანასკნელ რეგიონში, რომელიც თალიბანის კონტროლის წინააღმდეგ იბრძვის ავღანეთში მაშინ, როცა მოწინააღმდეგეებიც თავიანთ სამხედრო წარმატებაზე იტყობინებიან და თალიბებიც.

ბრძოლების დაწყებამდე შეერთებული შტატების გენერალმა, მარკ მილიმ, შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, განაცხადა „უფრო ფართო სამოქალაქო ომის“ შესახებ ავღანეთში, მან ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, მოახერხებდა თუ არა თალიბანი ძალების კონსოლიდაციას მაშინ, როცა ის ბრძოლიდან ქვეყნის მართვაზე უნდა გადავიდეს.

თალიბანის წარმომადგენელმა, ბილალ ქარიმიმ, 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მათ კონტროლი მოიპოვეს შვიდიდან ოთხ რეგიონზე ფანჯშირში, რომელიც ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

წაიკითხე მეტი.

ძაღლური ცხოვრება - რა ვუყოთ ქუჩის ცხოველებს

ეს წუთია, ირინამ კორპუსის წინ დადგმულ, სახელდახელოდ შეკრულ ფიცრულში მცხოვრებ ძაღლს საჭმელი დაუყარა და წყალი შეუვსო.

რამდენიმე თვეა ირინა ამ უპატრონო ძაღლს კვებავს, თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდა - მეზობლები წინააღმდეგი იყვნენ ქუჩის კიდევ ერთი ძაღლის კორპუსთან ახლოს მოჩვევის - ბავშვები თამაშობენ, საშიშია, ვინ იცის, ბოლოს როდის აცრეს, ისედაც გარშემო სულ უპატრონო ძაღლები დარბიან“, - ეუბნებოდნენ ირინას.

იმაში არ ტყუოდნენ, რომ აქ, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ხშირად ნახავთ ხროვად მოსიარულე ძაღლებს - ხანდახან ერთად 10-15 ძაღლი მოძრაობს. დღისით უფრო გაფანტულად, მაგრამ ღამით ერთდებიან და თუ ამ დროს მათი თავშეყრის ადგილას, გარაჟებთან ახორხლილ ყუთებთან ჩაივლი, ყეფის და ხშირად გამოდევნების გარეშე არ გაგიშვებენ. რა დასამალია, ღამით მაგ გზას ვცდილობ მეც მოვერიდო.

თბილისის ცენტრალურ უბნებში ამდენი უპატრონო ძაღლი და კატა არ გვხვდება ხოლმე. ამას, როგორც ცხოველთა დამცველებიც განმარტავენ, თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ სადაც უფრო ბევრი ხალხი ცხოვრობს და მეტი ნარჩენების, საკვების პოვნის შანსია, მიუსაფარი ცხოველებიც იქ იყრიან თავს.

მაგრამ, ამას გარდა, ისეც ხდება, რომ არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური მიგრაციაც არ არის იშვიათი - როცა ძაღლები სპეციალურად მიჰყავთ გარეუბნებში - ცენტრალური უბნების განსატვირთად.

წაიკითხე მეტი.