ლგბტ აქტივისტი და "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ძველი თბილისის პოლიციაში საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება 5 ივლისის ეპიზოდს, კერძოდ, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მასსა და პოლიციელს შორის საუბარს.
"ალბათ იკითხავთ, რა მოხდა 5 ივლისსო?.. 2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვსდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.
იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო...
არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას", - წერს თაბაგარი "ფეისბუკზე".
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს პოსტის გამოქვეყნების მომენტიდან ელოდება. მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა დღემდე დაკავებულია მხოლოდ 30 პირი, მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.
იმის მიუხედავად, რომ ამ 30 პირის შემთხვევაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და გამოძიება ისევ გრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს განაცხდა, რომ ყველა მოძალადე დაკავებული და დასჯილია.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი "ღირსების მარშზე": ის პროვოკაცია თავიდან ავიცილეთ