ბაიდენის განკარგულებით, FBI-ის მიერ 9/11-ის ტერაქტების გამოძიების მასალების შესაძლო განსაიდუმლოებას განიხილავენ   

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განკარგულება გასცა, სამთავრობო სააგენტოებმა შეისწავლონ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის, მიერ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების მასალების განსაიდუმლოების შესაძლებლობა მათი შესაძლო გამოქვეყნების მიზნით.

ბაიდენმა 3 სექტემბერს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც ავალებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, ზედამხედველობა გაუწიონ შესაძლო განსაიდუმლოების პროცესს, რათა მასალები გამოქვეყნდეს, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დოკუმენტი მოითხოვს, რომ გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა, გამოაქვეყნოს განსაიდუმლოებული მასალები მომავალი ექვსი თვის განმავლობაში.

11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებმა მიმართეს აშშ-ის საზედამხედველო ორგანოს, გამოიძიოს მათი ეჭვი, რომ FBI-მ ამის შესახებ იცრუა, ან გაანადგურა მტკიცებულება, რომ საუდის არაბეთს ჰქონდა კავშირი თვითმფრინავის გამტაცებლებთან. იუსტიციის გენერალური ინსპექციისთვის გაგზავნილ წერილში ოჯახების წევრები აცხადებენ, რომ გარემოების გამო სავარაუდოა, რომ FBI-ის ერთმა ან რამდენიმე თანამშრომელმა „განზრახ ჩაიდინეს არამართებული ქმედება იმ მიზნით, რომ გაენადგურებინათ მტკიცებულება, რათა თავიდან აეცილებინათ მათი გამომზეურება“.