ვილა თურქეთში, სკოლა შვეიცარიაში, რითი მოდის ლეონიდ სლუცკი არჩევნებზე

დუმის ბოლო 5 მოწვევის დეპუტატი და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი, ვლადიმერ ჟირინოვსკისთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სიას ლიდერობს. სლუცკი რამდენჯერმე გახდა გამოძიების ობიექტი. მას უპოვეს არადეკლარირებული მიწა რუბლიოვკაზე; ცოლის სახელზე გადაფორმებული ძვირადღირებული მანქანები და მრავალათასიანი ჯარიმები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოუწერეს. რადიო თავისუფლება მოგითხრობთ მის უძრავ ქონებაზე თურქეთში, პრესტიჟულ ამერიკულ სკოლაზე შვეიცარიაში, სადაც 1 სექტემბერიდან მისი გოგონა სწავლობს და მის კავშირებზე აზერბაიჯანში მცხოვრებ ებრაელებთან.

2018 წელს ლეონიდ სლუცკის სახელი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. სამმა რუსმა ჟურნალისტმა ის სექსუალური სახის ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მასზე სტატიებში პირადი ცხოვრების თემა მუდმივად ამოტივტივდებოდა ხოლმე. ჩემი ცოლი ცხოვრობდა და ცხოვრობს მოსკოვში, ისევე როგორც ჩემი ორი ქალიშვილი. უფროსი, მართალია, ჰარვარდში აბარებდა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა, რუსეთში ისწავლოს“, - უთხრა 2018 წელს ლეონიდ სლუცკიმ გამოცემა „სნობს“.

უმცროსი, 10 წლის, ქალიშვილი ლიდია „ტიკტოკზეა“ დარეგისტრირებული. ეს საშუალებას იძლევა ბევრი რამ შევიტყოთ დუმის დეპუტატის ცხოვრებაზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი მოხვდა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ, რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მოსკოვისადმი ლოიალური დასავლელი პოლიტიკოსების ვიზიტის ორგანიზების გამო.

1 სექტემბერს სლუცკის გოგონა ახალ სკოლაში წავიდა. ეს არის ამერიკული სკოლა, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს. თუმცა, სულ ახლახან დედასთან ერთად რუბლევსკის გზატკეცილზე ცხოვრობდა. თავის დროზე ამ სახლზე ალექსეი ნავალნიც ყვებოდა და რუსეთის მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა „პროექტიც“.

ფუფუნების საგნებს არ ვყიდულობ, მირჩევნია ფული რამე მნიშვნელოვანში დავხარჯო, მაგალითად ტაძრების აღდგენაში“, უთხრა „სნობს“ სლუცკიმ. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ბოლო სამი წლის განმავლობაში დროის დიდი ნაწილი სლუცკის მეუღლემ და უმცროსმა გოგომ თურქეთში, ბოდრუმთან ახლოს მდებარე კურორტზე გაატარეს, ვილაში, რომლის ფასი დაახლოებით 3 მილიონი ევროა. ის სკოლა კი შვეიცარიაში, სადაც ახლა ლიდია სლუცკაია სწავლობს, წელიწადში ათობით ათასი დოლარი ღირს. რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებას დეპუტატის ქალიშვილი არ აპირებს.

გამოსახულება სახლისა, რომლის მსგავშიც ცხოვრობს ლიდია სლუცკაია.

შემოსავლების დეკლარაციის მიხედვით, სლუცკიმ 2020 წელს 77 ათასი დოლარი გამოიმუშავა, მისმა მეუღლემ - 3,5 ათასი. 2018 წლის დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ იმ დროს მას არ გააჩნდა არც ფასიანი ქაღალდები და არც სხვა რამ დანაზოგი.

მეექვსე გრძნობა

რადიო თავისუფლებამ ყურადღებით შეისწავლა ლიდა სლუცკაიას 2000-მდე „ტიკტოკი“ და მასში ბევრი საინტერესო რამ იპოვა. პირველ რიგში ჩვენი ყურადღება მიიქცია ფოტოებმა და ვიდეომ ფეშენებელური კურორტიდან, რომელიც ტიკტოკზე 2019 წლიდან ჩანს. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ კურორტი, სადაც ის მესამე წელია დედასთან ერთად ცხოვრობს არის Six Senses Kaplankaya. ის თურქეთის ნახევარკუნძულის სანაპიროზე, ბედრუმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ამ ნახევარკუნძულზე Booking.com-სა და Airbnb-ის მეშვეობით მხოლოდ ათიოდე მცირე სასტუმროსა და აპარტამენტის მოძიება შეიძლება, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია მდიდრული სასტუმრო, რომელიც ელიტარულ უბანს Six Senses (მეექვსე გრძნობა) უკავშირდება.

სამყაროში, სადაც ადამიანების რაოდენობა მატულობს, კომფორტული ადგილებისა კი იკლებს, პრემიალურობის დონე ხშირად განისაზღვრება შესაძლებლობით განმარტოვდე ხელუხლებელ ბუნებაში და ამასთან ცივილიზაციის უკანასკნელი მიღწევებიც შეინარჩუნო“, - წერს კურორტზე „ფორბსი“.

კურორტი Six Senses Kaplankaya

შვეიცარული პასპორტი 5 წლის შემდეგ

ლიდია სლუცკაია პირველი კლასიდან კერძო სასწავლებელ „პრეზიდენტში“ დადიოდა, უფრო სწორად „ბენტლით“ და „მაიბახით“ დაჰყავდათ. მოსკოვის რეგიონში ეს სკოლა ერთ-ერთ ძვირადღირებულად ითვლება. ლიდია „ტიკტოკში “ სასწავლებელზე კარგს არაფერს ამბობს, აგდებულად საუბრობს მასწავლებლებზეც. შესაძლოა მასზე გავლენა მოახდინა ინციდენტმა, რომლის შესახებაც ლეონიდ სლუცკი „სნობთან“ ჰყვება. მისი თქმით, ჟურნალისტებთან დაკავშირებული სექს-სკანდალის შემდეგ ბიჭმა პარალელური კლასიდან ლიდიას „პიდარასტის“ შვილი უწოდა, რის გამოც მან საპასუხოდ ცემა კიდეც.

2019 წლიდან ლიდიას ოცნება შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა Le Rosey -ში ჩარიცხვა იყო. ამ სკოლის ისტორია 140 წელს ითვლის, ის ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში, ხოლო მისი მოსწავლეები მომავალი პრინცები და მეფეები არიან. მაგალითად, ბელგიის მეფე ალბერტ მეორე და ირანის უკანასკნელი შაჰი რეზა ფეხლევი. სწავლა აქ წელიწადში 113 ათასი დოლარი ღირს.

2020 წლის 30 ივლისს ლიდიამ „ტიკტოკზე“ განათავსა ვიდეო Le Rosey-ს საზაფხულო ბანაკიდან, რომლის ღირებულება 15 ათასი დოლარია.

2021 წლის ივნისშო ლიდიამ „ტიკტოკზე“ გამოაქვეყნა, რომ Le Rosey-ში მოხვედრა ვერ შეძლო. მიზეზი არ დაუსახელებია, შესაძლებელია მან გამოცდების ჩაბარება ვერ მოახერხა. 3 აგვისტოს გამოაქვეყნა „ტიკტოკი“, სადაც ის შვეიცარულ ქალაქში ლუგანოშია გადაღებული. წარწერა გვამცნობს: გამოცდები სამი საათის მერეა. #tasis“.

ლეონიდ სლუცკის უყვარს საუბარი რუსეთისა და ამერიკის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაზე, ამბობს, რომ ამაყობს, ამერიკის მხრიდან დაკისრებული სანქციებით, ბრალს დებს დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში. თუმცა, Tasis, სადაც მისი ქალიშვილი აბარებდა ასე იშიფრება - ამერიკული სკოლა შვეიცარიაში.

მოგვიანებით ლიდია სლუცკაიამ დაწერა, რომ ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩააბა და იმედი აქვს, 5 წლის შემდეგ შვეიცარულ პასპორტს მიიღებს. სკოლაში სწავლა, იქ ცხოვრებასთან ერთად, წელიწადში 87 550 დოლარი ღირს. თუმცა, საერთო საცხოვრებელი მას, როგორც ჩანს, არ დასჭირდება, რადგან შვეიცარიაში საცხოვრებლად გადმობარგებას აპირებს, თან პირობას დებს, რომ ზაფხულობით თურქულ კურორტზეც ჩავა.

ბოტასები მილიონად

ლიდია „ტიკტოკზე“ ხშირად გამოფენს ხოლმე თავის ძვირფას ნივთებს, რომლებსაც თან წარწერა ახლავს: „სიმდიდრე კარგია“. ათი წლის გოგონას ერთდროულად რამდენიმე „აიფონი“ აქვს, ყველა ბოლო მოდელის. მშობლებმა AirPods-ის ყურსასმენების რამდენიმე წყვილი აჩუქეს. მორიგი Apple Watch-ის დემონსტრირებისას კი ლიდია ამბობს, რომ ერთი წყვილი მას სახლისთვის ექნება, მეორე -სკოლისთვის.

ლიდიას ძალიან უყვარს საკოლექციო ბოტასები. ივნისში მან „ტიკტოკის“ მომხმარებლებს თავისი კოლექცია დაათვალიერებინა. ფეხსაცმელების ერთი წყვილი მილიონი რუბლი ღირს, კიდევ ორი - 200 ათასს რუბლზე მეტი. ვინ თქვა, ფული არა აქვსო - მიაწერა ვიდეოს ინგლისურად.

კიდევ სხვა ვიდეოში - იმ დროს ლიდია 8 წლის იყო - მთლიანად „გუჩის“ სამოსშია ჩაცმული. მორიგ ბოტასებში გამოწყობილი კი ასეთ რამეს წერს: როდესაც მამასთან ერთად ლუი ვიტონში შეხვედი და ის გეუბნება: „აირჩიე, რაც გინდა.

ლიდია სლუცკაია

ლეონიდ სლუცკის მთელი თავისი ხელფასი რომ დაეხარჯა მხოლოდ იმას თუ მოახერხებდა, ქალიშვილისთვის ფუფუნების საგნები შეეძინა, მაგრამ თურქული ვილის არენდა, რომ აღარაფერი ვთქვათ შვეიცარულ სკოლაზე, მისთვის ხელმისაწვდომი აღარ უნდა ყოფილიყო.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება ისევ „ტიკტოკში“ ვიპოვოთ, ლიდია არა მხოლოდ ახალი „აიფონებით“ და მოსიყვარულე მამით იწონებს თავს, არამედ საუკეთესო მეგობრითაც, რომელსაც უბრალოდ ბიძას ეძახის.

როდესაც მამის საუკეთესო მეგობარიევროპეისკის მეპატრონეა

2019 წელს ალექსეი ნავალნის ფონდმა ლეონიდ სლუცკის შესახებ კიდევ ერთი გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დეპუტატის მეუღლემ 2018 წელს ავტომობილი Bentley Mulsanne შეიძინა, რისთვისაც 25 მილიონი რუბლის უპროცენტო კრედიტი აიღო. კრედიტი მარდახაი იუშვაევმა გასცა. იუშვაევი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია. ალექსეი ნავალნიმ ივარაუდა, რომ გაცემული კრედიტი იმ სამშენებლო ინტერესების ლობირებასთან იყო დაკავშირებული, რომელიც ბიზნესმენს მოსკოვში ჰქონდა.

თუმცა, ამ კრედიტს შესაძლოა უფრო კონკრეტული ახსნაც მოეძებნოს. იუშვაევი აზერბაიჯანის მთიელი ებრაელების დიასპორის წარმომადგენელია. ის კომპანიების ჯგუფის „კიევის მოედანის“ ყოფილი გენდირექტორი იყო. ჯგუფი ამჯერად მილიარდელ გოდ ნისანოვს ეკუთვნის. ასევე მას (ნისანოვს) ნაწილობრივ ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი „ევროპეისკი“.

გამოცემა „პროექტის“ წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ დეპუტატი სლუცკი ნისანოვის ერთ-ერთი დაახლოებული პირია. ამასთან ნისანოვიც მთიელი ებრაელი და რუსული უძრავი ქონების მეფეა. სლუცკის გოგონას ვიდეო ამ ფაქტს არა მარტო ადასტურებს, იმასაც ააშკარავებს, რომ სლუცკი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. ვიდეოში ლიდიას ეკითხებიან, თუ რატომ ეძახის ის მამის საუკეთესო მეგობარს ბიძას. ლიდია ბრემერელი მუსიკოსების ციტატით პასუხობს: მას ბევრი ფული აქვს, მე კი ფული მიყვარს.

კიდევ ერთ ვიდეოში ლიდია აჩვენებს დივანსა და საწოლზე გაშლილ ახლადშეძენილ ნივთებს - ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსა და აქსესუარებს - და წერს: როდესაცევროპეისკის მფლობელი მამის საუკეთესო მეგობარია“.

6 ივნისს ლიდიამ გამოდო ვიდეო, რომელზეც „ევროპეისკის“ მდიდრულად მორთული საბანკეტო დარბაზი არის ასახული. ვიდეოს ახლავს წარწერა: „ებრაულ-აზერბაიჯანული ქორწილი „ევროპეისკიში“. ამავე ღონისძიების სხვა ვიდეოებზე ჩანს, რომ სიძე-პატარძალს ქრისტინა და რუდოლფი ჰქვიათ. რადიო თავისუფლება ვარაუდობს, რომ რუდოლფ ზახარიაევი არის ჰერმან ზახარიაევის ვაჟი, ჰერმანი კი, „ნოვაია გაზეტას“ მონაცემებით, გოდ ნასანოვის სიძის ბავშვობის მეგობარი და საქმიანი პარტნიორია.

„ნოვაია გაზეტა“ წერდა, რომ 2019 წელს ჰერმან ზახარიაევის აზერბაიჯანელი პარტნიორი მას კომპანიისა და მოსკოვში უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტის მისაკუთრებაში ადანაშაულებდა. ზახარიაევი რუსეთის ებრაული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია. მან 2019 წელს პუტინისგან მეგობრობის ორდენი მიიღო.

ის, რომ ლეონიდ სლუცკი ახლო ურთიერთებშია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ამის შესახებ „მედუზაზე“ ივან გოლუნოვი წერდა. როდესაც სლუცკი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ის პირველ რიგში სწორედ ბაქოში ჩავიდა. ალიევთან გაემგზავრა მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ დსთ-ის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. როგორც ჩანს, ეს ურთიერთობა მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებით არ შემოიფარგლება. სლუცკი და ილჰამ ალიევის ქალიშვილი ლეილა ალიევა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს ელიტური წვეულებების სიაში ერთად არიან მოხსენიებულები. ალიევას მისი მეუღლე ფეისბუკის მეგობრებში ჰყავს და მის პოსტებსაც იწონებს. 26 აგვისტოს სლუცკიმ დაბადების დღე მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლესა და ვიცე პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას, უთხრა, რომ მას რუსეთში იცნობენ და უყვართ.

2018 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აზერბაიჯანული მხარე დაკავებული იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრების მოსყიდვით, მათ შორის შავი ხიზილალითა და სექს მუშაკების მეშვეობითაც. დამნაშავე დეპუტატებს შორის დასახელდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ხელმძღვანელი პედრო აგრამუნტი. მას არა მხოლოდ ბაქოს ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებდნენ, არამედ იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ 2017 წელს რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთად სტუმრად ეწვია სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს. ეს ვიზიტი ლეონიდ სლუცკის მიერ იყო ორგანიზებული. 2000-2016 წლებში სლუცკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, 2019 წელს კი ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზეც კი იყრიდა კენჭს.

აზერბაიჯანული ინტერესების ლობისტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პირები სწორე გოდ ნისანოვი და მთიელი ებრაელების დიასპორის სხვა წევრები. „პროექტის“ გამოძიება აჩვენებს, რომ ნისანოვს ახლო ურთიერთობა აქვს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან. ძმებ როტენბერგებთან, გუბერნატორთან ალექსეი დიუმინიმთან და ლეონიდ სლუცკისთან.

მომგებიანი კრედიტი „ბენტლისთვის“ შესაძლოა სწორედ „მეგობრობის“ საფასური ყოფილიყო. თუმცა, დეველოპერი სერგეი პოლონსკი ამტკიცებს, რომ სლუცკი ლობირებისთვის უფრო ძვირფას საჩუქრებსაც ითხოვს, მაგალითად პენტჰაუსს ელიტარულ მოსკოვურ სახლში, რომელიც სლუნცკის მეუღლის საკუთრებაში აღმოჩნდა. თავად დეპუტატი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

რა შეუძლია ლეონიდ სლუნცკიმ აზერბაიჯანელ „მეგობრებს“ მაგიერად შესთავაზოს? ერთის მხრივ ის დაკავშირებულია ვლადიმერ რესინისთან, რომელიც მოსკოვის სამშენებლო სფეროში დღემდე ინარჩუნებს გავლენას. მეორე მხრივ, დეპუტატი დუმის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელია.

ლიდია სლუცკაია „ტიკტოკში“ რამდენჯერმე ახსენებს, რომ მას და მამას ებრაული სისხლი აქვთ. „ტიკტოკის“ ანგარიშის მთავარ გვერდზე მისი მშობლების ეროვნება ახლო წარსულში ასე იყო მითითებული მამა - ისრაელი, დედა - გერმანია, რუსეთი.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი არ არის სლუცკის ისრაელთან კავშირის შესახებ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის მეგობრობას რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ებრაელებთან. საჯარო გამოსვლებში სლუცკი თავს იწონებს იმით, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეხმარება და ახლოს იცნობს პატრიარქ კირილს, რომლისგანაც კეთილმორწმუნე მთავრის დანიელ მოსკოველის ორდენი მიიღო.

რადიო თავისუფლებამ ლეონიდ სლუცკის ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა კითხვები, რათა დაეზუსტებინა ეკუთვნის თუ არა მას ვილა თურქეთში, უხდის თუ არა სწავლის ფულს ქალიშვილს და თუ კი, საიდან აქვს ამის შესაძლებლობა, როდესაც მისი დეკლარირებული შემოსავალი და საბანკო დანაზოგი მსგავს ხარჯებს ბევრად აღემატება. ასევე, ვთხოვეთ დეტალურად მოეყოლა თუ რა ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანელ ებრაელებთან და კონკრეტულად გოდ ნისანოვთან. პასუხი არ მიგვიღია. სლუცკის მდივანმა განაცხადა, რომ ის „ადგილზე არ არის“, შემდეგ კი დეპუტატის თანაშემწის ნომერი მოგვცა. სლუცკისთან ჩვენი დაკავშირება ვერც მან შეძლო, მიზეზად კი „წინასაარჩევნო გაწამაწია“ დაასახელა. თუკი ლეონიდ სლუცკი ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.