"ჩვენ მას ავუხსნით" - პრემიერი ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია ევროკავშირის სესხზე

"საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი. ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი.

მე ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ჩვენ ავუხსნით მას. მივაწოდებთ მას ამ ინფორმაციას, საერთოდ რა ვალზეა საუბარი და საერთოდ, როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს. მე დავავალებ ადმინისტრაციას, რომ მივაწოდოთ მას ინფორმაცია",
- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სალომე ზურაბიშვილის 2 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტმა "გაუგებარი ნაბიჯი" უწოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირიდან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც სასამართლო რეფორმის გატარება იყო.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმას გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს


"მე ვფიქრობ, გადაჭარბებაა იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპულ ვალზე ვთქვით უარი. დიახ, ეს იყო ვალი და არა დახმარება.

პირველი, ამ ვალზე იმიტომ ვთქვით უარი, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება და უარს ვამბობთ იმ ვალზე, რომლებიც არ შექმნის განსაკუთრებულ პრობლემებს, ჩვენს ქვეყანას არ შეუქმნის რაიმე პრობლემას. მეორე, ამ სესხმა შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა, პოლიტიკური დატვირთვა და თქვენ ნახეთ, წინასაარჩევნოდ ჩვენი ოპონენტები როგორ სპეკულირებდნენ ამ ვალით. მესამე, სესხი რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო სასამართლოს რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან. ასეთ წვრილმანებზე როცა ჩვენ ვკონცენტრირდებით და ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან, მე ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის - ჩვენ გაცილებით მაღალი დონის, სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს ევროკავშირთან.

75 მილიონი ევრო არ იძენს კრიტიკულ მნიშვნელობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს, გადახედავს, განიხილავს ურთიერთობის გადახედვას ევროკავშირთან.

ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის მშენებლობას და ასე შემდეგ [...]. მაღალი ალბათობით, პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია.

ხალხმა გაიგო, რომ ეს იყო სესხი, აღარ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი. ზედმეტი დრამატიზება, ჩვენ ვფიქრობთ, არ არის საჭირო. სამი დღეა მოსახლეობას ვასმენინებთ რაღაც უაზრო განმარტებებს, აღარ არის საჭირო. ხალხმა გაიგო, რომ ეს არის სესხი",
- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ კელი დეგნანი: სიურპრიზი იყო უარი სესხზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან შეიძლება მიეღო

31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.

31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.