საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშს" "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას უწოდებს. მან ტყიბულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის დროს თქვა, რომ ამ დღეს "პროვოკაცია თავიდან აიცილეს".
"მათი [ნაციონალური მოძრაობის] პოლიტიკა არ არის ემოციებზე დაფუძნებული. ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტების: ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი - ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას; ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, კატასტროფული შეცდომა იყო", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამს ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციაში - "თბილისი პრაიდში" შეჭრასა და დარბევაზე.
გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ ყველა მოძალადე დაკავებულია და დასჯილია. ამ საქმეებზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, მოძალადეების ნაწილი ამ დრომდე დაკავებული არ არინ, მათ შორის პოლიციას არ დაუკავებია არცერთი ორგანიზატორი.
5 ივლისს, დღეს, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, დედაქალაქი სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს და შეიჭრნენ ლგბტ ორგანიზაციაში. 53 ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში შეჭრისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის, ასევე ლგბტ ორგანიზაციაში შეჭრისთვის დაკავებულია 30 პირი, თუმცა არცერთი ორგანიზატორი.
5 ივლისის დილას, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი იყო დაშავებული, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელია“, მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.
"რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ… როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.