ალან ბეკოევს ცხინვალში ყველა იცნობს, ის წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. წლების წინ ის იყო დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერი და მისი შტაბის უფროსი. ბოლო დროს ის სოციალურ ქსელებში აქტიურობდა და მკაცრად აკრიტიკებდა დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს და ე.წ მმართველ პარტია „ედინაია ოსეტიას“.
მის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი კი ბიბილოვის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს და ბეკოევის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმეს. ბეკოევი ერთი თვის განმავლობაში ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. ცხინვალში მეგობრის საფლავის მოსანახულებლად ორი დღით ჩამოსულს კი თავს დაესხნენ. მის ავტომობილს, რომელშიც ის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, გზა მანქანებით გადაკეტეს, საიდანაც 15-მდე შეიარაღებული პირი გადმოვიდა, მათ შორის, ორი ე.წ სახელმწიფო დაცვის წევრი იყო.. გადმოსვლის შემდეგ, ბეკოევს დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ამ ყველაფრის ვიდეო-გადაღებას კი მობილური ტელეფონის კამერით აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც ბეკოევმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა, ის სასტიკად სცემეს. სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, მის ფეხებთან რამდეჯერმე გაისროლა. ბეკოევის ცემის ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა მისი დახმარება ვერავინ გაბედა. ბეკოევი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და სახელმწიფო დაცვის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მისი სასტიკი ცემა გააგრძელეს. ნაცემი ბეკოევი სახლში მოგვიანებით გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია ცხინვალში სწრაფად გავრცელდა, ადგილობრივმა აქტივისტებმა კი სოციალურ ქსელებში დაიწყეს წერა და მოითხოვეს რეაგირება. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და მოსაზრებების მქონე პირის წინააღმდეგ.
„ ბეკოევის ცემას მრავალი ადამიანი შეესწრო და იქ ნახეს როგორ სცემდნენ მას სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. მოითხოვდნენ, რომ მას დაეჩოქა მუხლებზე და პატიება ეთხოვა ბიბილოვისთვის, თან ამ ყველაფერს იღებდნენ და ამას რომ ვერ მიაღწიეს, მერე სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ ბიბილოვის მომხრეებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს ვერსიის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეს თითქოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი იყო და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, თავდამსხმელები უნდა დასჯილიყვნენ თუ არა? პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა თუ არა რეაქცია? მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ არსებობს და ეს ხომ ცხადყოფს, რომ ყველაფერი მათივე დაგეგმილი იყო. ამ დღეებში ცხინვალში ყველას გაგვახსენდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტ თემურ ცხურბათის ცემა ცხინვალის ცენტრში. მაშინ მას კოკოითის მოხრე დეპუტატები ურტყამდნენ და რა შეიცვალა მას შემდეგ? არც არაფერი. ახლა ხალხს ბიბილოვის მორჩილებაში მყოფი ძალოვანები სცემენ.“
ჩვენი ცხინვალელი წყაროს ინფორმაციით ე.წ სახელმწიფო დაცვის სამსახურის შენობაში ბეკოევს უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი იკაევი და ე.წ სახელმწიფო დაცვის უფროსის მოადგილე სერგეი კაბისოვი სცემდნენ. სცემდნენ იარაღის კონდახებით.
თუ ანატოლი ბიბილოვმა პირადად არ უბრძანა თავისი დაცვის წევრებს ალან ბეკოევის ცემა, დაჩოქება, ბოდიშის მოხდა და ამ სამარცხვინო ფაქტის ტელეფონით გადაღება, მაშინ რატომ არ უარყო ეს ფაქტი? რატომ არ დისტანცირდა ამ დანაშაულიდან? ყოველივე ამის შემდეგ, სირცხვილია, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების გარანტი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მოქალაქეებს იცავდეს, მათ ტერორს უწყობს. აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ეხო კავკაზას“ ცნობით ჯერჯერობით, ერთადერთი ოფიციალური რეაქცია მომხდარზე რამდენიმე ე.წ პარლამენტარს ჰქონდა, რომლებმაც დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას მიმართეს.
”ჩვენ ორი დღე ველოდით სამართალდამცავი ორგანოების რეაქციას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შემდეგ ჩვენ თვითონ მივმართეთ პროკურატურას, რათა მათ გაარკვიონ სიტუაცია და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები ”. - უთხრა ე.წ დეპუტატმა დავით სანაკოევმა „ეხო კავკაზას.“
ცხინვალში ბეკოევის ცემის ფაქტზე 1 სექტემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების საკითხს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ალან ბეკოევი ამჟამად ვლადიკავკაზში მკურნალობს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს ალან ბეკოევის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარეებს და თანათავმჯდომარეებს, განხილონ ეს საკითხი უახლოეს სხდომაზე, რათა ალან ბეკოევს მიეცეს საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა“.- ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. რადიო თავისუფლების წყაროც ადასტურებს, რომ ბეკოევი ამჟამად ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და გამოჯანმრთელების შემდეგ სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.