სამართლიანი არჩევნების კვლევით, საქართველოში გრძელდება სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება. ორგანიზაცია პირველ წინასაარჩევნო ანგარიშში, რომელიც დღეს, 1 სექტემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ იყო სავარაუდო მუქარის, ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებიც.
კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია
სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15 შემთხვევა
გორი
4 აგვისტოს, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსურ მენეჯერს კახა ფანიაშვილს შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეუწყვიტეს. როგორც ანგარიშში წერია, იგი გადაწყვეტილებას ძმის, მამუკა ფანიაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ფანიაშვილის ძმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, თუმცა, პარტია საჯაროდ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.
"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაწესებულებაში დასაქმებული 150-მდე ადამიანიდან ფანიაშვილის გარდა ხელშეკრულების ვადა ყველას გაუგრძელდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ახალციხე
25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე - ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის დედა და დეიდა - მარინე და თამარ აბულაძეები. მარინე აბულაძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ იურისტი იყო თამარ აბულაძე კი 2001 წლიდან მოყოლებული ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსად მუშაობდა.
"სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა მარინე აბულაძისა და მისი დის, თამარ აბულაძის სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დაბარება. მათი განცხადებით, რწმუნებულმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობების დატოვება მოსთხოვა. გათავისუფლებულები ფაქტს მარინე აბულაძის შვილის, ლევან თათოშვილის გახარიას პარტიაში საქმიანობას უკავშირებენ. ორივე მოხელის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში მითითებულია გათავისუფლების დამდგენი ზოგადი ნორმები, თუმცა გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები აღნიშნული არაა", - აღნიშნულია კვლევაში.
დმანისი
21 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დმანისის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავთანდილ ოკმელაშვილი. ავთანდილ ოკმელაშვილის განცხადებით, მისი სავარაუდო პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა.
"26 ივლისს ავთანდილ ოკმელაშვილის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება", - აღნიშნავს ISFED.
ამავე მუნიციპალიტეტში 21 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს ზახირ მურვალადოვი, დმანისის თემის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტი. ზახირ მურვალადოვის განცხადებით, მის მიმართ სავარაუდო პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ტატუაშვილს უარი უთხრა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულიყო.
"26 ივლისს ზახირ მურვალადოვის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება", - აღნიშნავს ISFED.
დუშეთი
13 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის დირექტორი გიორგი მეზვრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მეზვრიშვილის განმარტებით, იმის გამო გათავისუფლდა, რომ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერია.
"სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძვლები", - აღნიშნავს ორგანიზაცია
ამავე მუნიციპალიტეტში 5 აგვისტოს, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან თეიმურაზ გვრიტიშვილი გაათავისუფლეს.
"პანდემიის გამო ეროვნული პარკის დირექტორთან სიტყვიერი შეთანხმებით ის დისტანციურად აგრძელებდა საქმიანობას არ იყო ვალდებული სამსახურში გამოცხადებულიყო. თუმცა სამსახურში გამოუცხადებლობა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. გათავისუფლებას გვრიტიშვილი გახარიას პარტიის მხარდაჭერას უკავშირებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
რუსთავი
23 აგვისტოს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ეპიდსიტუაციის ზედამხედველობის სპეციალისტი ხათუნა ბეგიაშვილი გაათავისუფლეს. მისი განმარტებით, გათავისუფლების მიზეზი გახდა ქალაქის მერის ყოფილი მოადგილის, ირმა მესხის მხარდამჭერი კომენტარის გაკეთება ფეისბუქზე, ასევე ნინო ქვირიას მიმართ გამოხატული მხარდაჭერა რის შემდეგაც მას ფოსტით გაუგზავნეს წერილი გათავისუფლების შესახებ. ხათუნა ბეგიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან არ არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი.
საჩხერე
23 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს თედორე კალმახელიძე. იგი 2017 წლიდან მუშაობდა ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის საქართველოს წარმოამდგენლობა "აკკორდ ჯორჯიაში", შრომის უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე. იგი გათავისუფლებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ის "ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
"გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები. სწორედ ამას უკავშირებს კალმახელიძე სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას", - ვკითხულობთ კვლევაში.
ფოთი
ISFED-ის ინფორმაციით, ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია.
"მას გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ ყოფილა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ბათუმი
სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა სულიკო ბერიძე.
"მას პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ოფისის გახსნაზე ყოფნის გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს", - აღნიშნულია წინასაარჩევნო ანგარიშში.
ხულო
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლეს გურამ ხოზრევანიძე.
"2021 წლის 16 ივლისს, აჭარის ტელევიზიაში ღიად გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების გაცხადების შემდეგ, მისი სამსახურებრივი შევიწროება დაიწყო. იმავე დღეს, კულტურის ცენტრში გაფორმდა ბრძანება N 01/06/30 გურამ ხოზრევანიძის შვებულებიდან სამსახურში გამოძახების თაობაზე. შემდეგ მიყოლებით დაიწერა გურამ ხოზრევანიძის მკაცრად გაფრთხილებისა და საყვედურის გამოცხადების, ხოლო 21 ივლისს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნელი ქარელი სამსახურიდან გათავისუფლების სურვილს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს. მისი ინფორმაციით, 5 აგვისტოს ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ის საკუთარ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, გიორგი გახარიას პარტიაში ხომ არ იყო გადასული.
"მერმა მას ისიც უთხრა, რომ პარტია (იგულისხმება "ქართული ოცნება") ავალებს მის სამსახურიდან 22 22 გაშვებას. ნელი ქარელმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით პირადი განცხადების დაწერაზე უარი თქვა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას ნელი ქარელთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაეწერა არ მოუთხოვია. ამასთან, მერმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და უშუალოდ ნელი ქარელის საქმიანობა დადებითად შეაფასა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ზუგდიდი
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" თანამშრომელი კესარია წულაია. მისი განმარტებით, "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" დირექტორმა დავით შამათავამ ის ორჯერ დაიბარა სამსახურში და უთხრა, რომ, ზემოდან მიცემული დირექტივის საფუძველზე, სოციალურ ქსელ Facebook-ზე შეეწყვიტა პარტია „საქართველოსთვის“ დაკავშირებული ვიდეო რგოლების გაზიარება.
წულაიას თქმით, შრომითი ხელშეკრულება უმთავრდებოდა 2021 წლის 31 დეკემბერს, მიუხედავად ამისა, დავით შამათავამ გაათავისუფლა სამსახურიდან.
"აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 9 აგვისტოდან “მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის” ყველა თანამშრომელი გადასული იყო დისტანციურ სამუშაოზე. სასახლის დირექტორმა გასართობი ღონისძიებების შემცირების მოტივით, სამსახურიდან დაითხოვა მხოლოდ წულაია, მაშინ როცა სხვა თანამშრომლების დღესაც აგრძელებენ მუშაობას", - აღნიშნულია კვლევაში.
თბილისი
თბილისის მერიის კომპანიის, "თბილსერვისის" თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღდავაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მისი პროტესტია. „თბილსერვისის“ თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.
თბილისის მერის კალაძის თქმით, პროტესტის მონაწილეებს "პროვოკატორები აბუნტებდნენ". მერიასთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის შემდეგ, 7 აგვისტოს, გაფიცვა შეწყდა. თბილისის მერიის განცხადებით, ბაღდავაძე სამსახურიდან გაფიცვის უკანონოდ ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გაათავისუფლეს.
ორგანიზაციამ შეისწავლა სხვა სავარაუდო დარღვევის ფაქტებიც. კვლევაში გამოკვეთილია ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი.
"გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების "ქართული ოცნების" კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები", - აღნიშნულია კვლევაში.