აიცერი და მოიგე! (განა მხოლოდ იმუნიტეტი, ფულიც)

ჩვეულ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, მოსახლეობის 80% მაინც სრულად უნდა აიცრას. ამ დროს, IRI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, აცრას არ აპირებს მოსახლეობის 45%. იმოქმედებს მათზე ლატარია და სხვადასხვა წახალისება?

აცრის სანაცვლოდ მოსაწევი რომ შემოგთავაზონ, აიცრებით? ამერიკაში, ვაშინგტონის, მასაჩუსეტსისა და არიზონას შტატებში უფასო “ჯოინთი” უკვე ათიათასაობით ადამიანმა მიიღო.

ეს მხოლოთ ერთი ხერხია, რომლითაც ხელისუფლება და კერძო სექტორი მოქალაქეების დარწმუნებას და მათ სწრაფად აცრას ცდილობს. აცრის შემდეგ ადამიანებს უკვე შეუძლიათ, მიიღონ უფასო ლუდი, ჰოთ-დოგები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები... ან მოიგონ მილიონი დოლარი.

საქართველოში აცრილებს “ჯოინთებს” არ ურიგებენ, მაგრამ სხვადასხვა ფასდაკლება უკვე გვაქვს. სულ ცოტა ხანში კი მუდმივი ლატარიაც დაიწყება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები” - თქვა მან.

ამაზე მეტი დეტალის მოპოვება “რადიო თავისუფლებამ” ვერ მოახერხა ვერც ლატარიის კომპანიაში და ვერც ფინანსთა სამინისტროში. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ერთობლივ განცხადებას “უახლოეს დღეებში” გააკეთებენ.

უბიძგებს თუ არა ლატარია ადამიანებს აცრისკენ? ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორს, თეიმურაზ გოგსაძეს ამაში ეჭვი ეპარება.

მისი სფერო ქცევითი ეკონომიკაა, ის, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს და რა ზეგავლენას ახდენს ამ გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა სტიმული. იგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლება სტიმულს არასწორად არჩევს, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი ეკონომიკური პრობლემების გამო არ ყოყმანობს.

თეიმურაზ გოგსაძე

“თუ [არაცრის] ძირითადი მიზეზი არაინფორმირებულობაა, ლატარიით ამას როგორ შეცვლი? თუ ადამიანს სჯერა, რომ აცრა იმსხვერპლებს და ეს გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას, ლატარია რას შეცვლის? ლატარია გაძლევს შანსს, ფულადი პრიზი მიიღო. მაგრამ საკუთარი სიცოცხლე ხომ შენთვის შეუფასებელია? თუ გჯერა, რომ აცრის შედეგად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგექმნება, ამას რომელი კომპენსაცია გადაწონის?” - გვეუბნება იგი.

თეიმურაზ გოგსაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე სწორი სტიმული საინფორმაციო კამპანიის ჩატარება იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი ძალისხმევა არ იხარჯება იმაში გასარკვევად, თუ რატომ არ იცრებიან მოქალეები და რამდენად მტკიცეა მათი უარი.

ლატარიის ხათრით ვინმე აიცრება?

აცრილების წახალისება შტატებში გაზაფხულის ბოლოს დაიწყეს, მას მერე, რაც აცრის ტემპმა შენელება დაიწყო. ვაქცინაციის სიჩქარემ პიკს აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, დღეში საშუალოდ 3 მილიონი ადამიანი იცრებოდა. 15 მაისს მაჩვენებელი დღეში 2 მილიონამდე შემცირდა, ივნისის შუა რიცხვებში - დღეში ერთ მილიონამდე.

ამ ხნის განმავლობაში კალიფორნიამ, კოლორადომ, კენტუკიმ, ლუიზიანამ, ნევადამ, ნიუ მეხიკომ, ჩრდილო კაროლინამ, ორეგონმა და სხვა შტატებმა აცრილ მოსახლეობას შვიდნიშნა ჯეკპოტი შესთავაზეს. მასაჩუსეტსის შტატი კი იღბლიან არასრულწლოვნებს 300 ათას დოლარიანი სტიპენდის დაჰპირდა.

იმუშავა ამერიკაში ლატარიამ და სხვადასხვა წახალისებამ? აქ ცალსახა პასუხი არ გვაქვს. ერთი მხრივ, დღეში თითქმის მილიონი ადამიანი სტაბილურად იცრება და სრულად აცრილია 174 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 53%...

თუმცა მეორე მხრივ, ექსპერტები ამბობენ, რომ რთულია იმის გარკვევა, აქედან რამდენი აიცრა ლატარიის ხათრით და წახალისებები რომ არა, მაინც აიცრებოდა თუ არა.

ბოლო ორ თვეს თუ გადავხედავთ, საქართველოში აცრის ტემპი მზარდია. აგვისტოში გაკეთებული აცრების რაოდენობა გაორმაგდა.

ამისდა მიუხედავად, 31 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარდა 1 184 306 აცრა. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 27.7%. სრულად მხოლოდ - 13.8%. არადა, კოვიდის გავრცელება რომ შენელდეს, მათმა რიცხმა 80%-ს უნდა გადააჭარბოს.

23 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, დღეში 35-40 ათასი უნდა უნდა იცრებოდეს.

თეიმურაზ გოგსაძე გვეუბნება, რომ მართალია ზოგს ლატარიის გამართვა ეჭვებს გაუძლიერებს, მაგრამ ზოგიერთს მართლაც შეიძლება უბიძგოს აცრისკენ.

“იცი როგორ ადამიანს შეაცვლევინებს [აზრს]? რომელიც ზღვარზეა. ზღვარზე მყოფ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, აიცრას თუ არა, და ვერ გადაწუყვეტია”.

“საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის” (IRI-ს) 2 აგვისტოს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, აცრას არ აპირებს მოსახლეობის 45%.

18% პასუხობს - “ავიცრები რაღაც დროის გასვლის შემდეგ”, 7% - “ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს”, “არ იცის” ასევე 7%-მა.

ეკონომისტის აზრით, ლატარიამ რომ "იმუშაოს", ამ ადამიანებს მოუწევთ ენდონ არამხოლოდ აცრას, ისინი უნდა ენდონ სახელმწიფოსაც.

“თუ საზოგადოებას ჯერა, რომ ეს ლატარია იქნება მიკერძოებული და ამით უბრალოდ უნდათ, რომ ხალხი მიიზოდონ და აცრან, და სინამდვილეში მაინც თავისიანს მოაგებინებენ, ეს დამატებითი ფაქტორია, რატომ შეიძლება არ იმუშაოს” - გვეუბნება იგი.

იქნებ არაეთიკურია?

იმისგან დამოუკიდებლად, ეფექტურია თუ არა, აშშ-იც და საქართველოშიც არსებობენ ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ პანდემიის დროს ლატარიის გამართვა, ან ფინანსური ჯილდოს დაწესება აცრის სანაცვლოდ, არაჰუმანური და არაეთიკურია.

“მართლა დაცინვაა ამ გაგანია პანდემიის დროს - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა “ხმის” წევრი, ბექა წიქარიშვილი - თან ვისზე აკეთებენ გათვლას? ლუდომანიით დაავადებულ ხალხზე? ვიღაცებზე, ვინც მართლა ისედაც ბოლო გროშებს ხარჯავს კაზინოებში?”

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება, სახელმწიფოს მხრიდან ახალი ლატარიის შემოღება უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

ბექა წიქარიშვილი

“სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. ოჯახები დაიქცა ამის გამო. ახალგაზრდების თვითმკვლელობის ფაქტები გვაქვს და კიდევ აზარტული პროცესებისკენ უბიძგებს სახელმწიფო? ესაა მისი ხედვა? უბრალოდ არ ვიცი, არასერიოზულიც აღარ ჰქვია მაგას. მავნებლობაა უბრალოდ”, - ამბობს ბექა წიქარიშვილი.

კვლევების თანახმად, ხშირად აცრის მიმართ სკეპტიკურები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად, სოციალურად დაუცველები და ეთნიკური უმცირესობები არიან. სწორედ ამის გამო ლატარიის შემოღებას არაეთიკურად მიიჩნევს ზოგი ამერიკელი მეცნიერიც.

6 იანვარს, სანამ ამცრელთა წახალისება რეალობად იქცეოდა, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ლეონარდ დევისის ჯანდაცვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ემილი ლარჯენტის და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტუტის წევრის, ფრანკლინ მილერის ერთობლივი მოსაზრება. როგორც მეცნიერები წერენ, აცრის სანაცვლოდ ფულის შეთავაზება მოსახლეობის სიდუხჭირით სარგებლობას შეიძლება ნიშნავდეს.

“იმ ფონზე, როდესაც ინდივიდებსა და ოჯახებს უჭირთ, ზოგმა შეიძლება გადაწყვიტოს, დათანხმდეს ვაქცინას, მაგალითად, საჭმლის საყიდლად, ან ქირის გადასახდელად. მათ შეიძლება უბრალოდ არ დარჩეთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ აიცრან ფულის სანაცვლოდ. უსაზღვროდ პრობლემური იქნება, თუკი მთავრობა მოსახლეობას ფულს შესთავაზებს აცრის სანაცვლოდ, მაშინ, როდესაც მან არაერთგზის ვერ შეძლო, შეეთავაზებინა მისთვის ფული და მხარდაჭერა. ვერც ის უზრუნველყო, რომ უამრავი ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ეზრუნა”, - ნათქვამია წერილში.

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელებით და სიკვდილიანობით კვლავ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მხოლოდ აგვისტოს თვეში, ქვეყანაში კოვიდით 1500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ივნისსა (548 ადამიანი) და ივლისზე (504) თითქმის სამჯერ მეტი.