1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს თეთრ სახლში, რომლის დროსაც, გავრცელებული მოლოდინით, ის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სთხოვს კონკრეტულ გარანტიებს უსაფრთხოების სფეროში და დამატებით სამხედრო დახმარებას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.
ბაიდენის და ზელენსკის დაგეგმილი შეხვედრის ფონია რუსეთის მზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნისთვის უკრაინის საზღვართან, სადაც წელს უფრო ადრე მან სამხედრო ტექნიკა და 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა - რასაც ვაშინგტონმა უკრაინაზე ზეწოლის მცდელობა უწოდა.
უკრაინას სურს გაწევრიანდეს დასავლეთის ორგანიზაციებში, ევროკავშირსა და ნატოში, რაც იწვევს მოსკოვის გულისწყრომას - რომელიც მის მეზობელ სლავურ ქვეყანას თავისი გავლენის სფეროში მყოფად მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ივლისში გამოაქვეყნა 5000 სიტყვისგან შემდგარი წერილი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია - რაც კიევში ბევრმა მიიჩნია უკრაინის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობად.
უკრაინას სურს აშშ-სგან უფრო მეტი დახმარება მიიღოს, რათა თავი დაიცვას კრემლის მხრიდან აგრესიისგან - მოსკოვმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთის ორ რეგიონში მეამბოხეებს უჭერს მხარს, რამაც ბიძგი მისცა შვიდწლიან ომს, რომელსაც 13,200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
31 აგვისტოს ვაშინგტონი კიევს დაპირდა დამატებით 60 მილიონი დოლარის გამოყოფას სამხედრო დახმარების სახით. თეთრი სახლის განცხადებით, ეს დახმარება აუცილებელი გახდა "რუსეთის სამხედრო აქტივობის მნიშვნელოვანი გაძლიერების შემდეგ საზღვართან", ისევე, როგორც ნაღმმტყორცნებიდან თავდასხმების, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის და სხვა პროვოკაციების გამო.