ჩაშლილი გეგმები, დამსხვრეული ოცნებები: ჟურნალისტი ქალი ქაბულში ახალი რეალობის წინაშე

თალიბანის წევრი იარაღით ხელში ქაბულის მაღაზიების ვიტრინების ფონზე

რაჰილა ელენა ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქალ ჟურნალისტთაგან, რომლებიც კვლავ აგრძელებენ მუშაობას მას შემდეგ, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ - თალიბანმა - კონტროლი მოიპოვა ავღანეთის დედაქალაქზე და სახლში დარჩენა უბრძანა ქალებს, რადგან მებრძოლები ჯერ არ არიან "გაწვრთნილები" საიმისოდ, რომ მათ პატივი სცენ.

ელენა ადგილობრივ მედიაში მუშაობს. ის ფსევდონიმს ხმარობს უსაფრთხოებისთვის, და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი სამომავლო გეგმები ჩაიშალა. ახლა ის "ახალი რეალობის წინაშე დგას“.

რადიო თავისუფლება: რატომ გადაწყვიტეთ სამუშაოს დაბრუნებოდით საფრთხის მიუხედავად?

ელენა: ჩემი სამუშაო ადგილი ორი-სამი დღით დახურული იყო. 15 აგვისტოს, როცა თალიბანი შემოვიდა ქაბულში, თანამშრომლების ყოველდღიური კრების მიმდინარეობისას სასწრაფოდ მოგვიწია იქაურობის დატოვება. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემმა რედაქტორმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, რომ შეგვეძლო სამსახურში დაბრუნება. მე ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავი, რომელიც სამსახურს დაუბრუნდა.

რამდენიმე მიზეზია, რატომაც დავბრუნდი.

პირველ რიგში, მე პიროვნება ვარ და ვერც ერთი მთავრობა, ან ხელისუფლება, ვერ მიიღებს ჩემს პირად, სასიცოცხლო გადაწყვეტილებას ჩემ მაგივრად. არ ვიცი, რა შედეგები მოჰყვება ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთ დღეს იმის თქმა მაინც შემეძლება საკუთარი თავისთვის, რომ ყველა საფრთხის მიუხედავად, მე ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა.

მეორე მიზეზი ის იყო, რომ ავღანეთის მთავრობამ ფული დახარჯა ჩემს განათლებასა და მომზადებაში და ვთვლი, რომ საზოგადოების დამსახურებაა ის, რომ მე ვმუშაობდი.

ასევე ვგრძნობდი, რომ ჩემი, როგორც ჟურნალისტის, მოვალეობა იყო გავსულიყავი და მომეთხრო, რა ხდებოდა. ჟურნალისტის მოვალეობაა, გააშუქოს საზოგადოების პრობლემები, მთავრობის მცდარი ქმედებები და ხალხის პრობლემები. მე ვერ გადავწყვეტ ხალხის პრობლემებს, მაგრამ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა, გავხდე მათი ხმა.

ფინანსური მიზეზიც ჰქონდა ჩემს სამსახურში დაბრუნებას. მე ყველაზე უფროსი შვილი ვარ და ოჯახი ჩემს ხელფასზეა დამოკიდებული.

რადიო თავისუფლება: რა ცვლილებების წინაშე დადექით სამსახურში მას შემდეგ, რაც ქაბულში თალიბანმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება?

ელენა: ჩვენ სიტყვის თავისუფლება გვქონდა, მე თავისუფლად შემეძლო თემების არჩევა, თავისუფლად შემეძლო მთავრობის ან სხვების გაკრიტიკება და ჩემს რეპორტაჟებს ცენზურა არ ეხებოდა. ახლა სხვანაირად არის.

ახლა ავღანეთში ძალაუფლების ვაკუუმია და ჯერჯერობით ცხადი არ არის, კვლავ გვექნება თუ არა მსგავსი თავისუფლება. ჩვენ ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ ჩვენი რეპორტაჟების კეთებისას - დიდწილად ვართ დაკავებული თვითცენზურით.

ავღანელი ქალები ქაბულის ქუჩაში

მაგალითად, ორი დღის წინ სტატია მქონდა ახალი მთავრობის შექმნისა და ამასთან დაკავშირებით ხალხის ჩივილის შესახებ. ვფიქრობ, რომ უკიდურესად ფრთხილი ვიყავი და თვითცენზურა მოქმედებდა. მაგრამ ჩემმა რედაქტორმა გადააკეთა ჩემი ტექსტი - ბევრი ისეთი ნაწილი ამოიღო, რომლებზეც თქვა, სახიფათოაო. ეს ძირითადად იყო ხალხის სიტყვები, რომლებიც თავიანთ წუხილს გვიზიარებდნენ. მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ ახალი რეალობის წინაშე დავდექი სამსახურში - უკვე ვეღარ ვიტყვი ან დავწერ იმას, რაც მსურს.

როცა ხალხი თალიბანის შესახებ ჩივის ან არასასურველ კომენტარს აკეთებს თალიბანზე, მე არ შემიძლია ამის გამოქვეყნება ჩემს რეპორტაჟში, რადგან მეშინია, რომ არა მხოლოდ თავს ჩავიგდებ საფრთხეში, არამედ ჩემს კოლეგებსაც. ჩვენი გამოცემა შეიძლება საერთოდ დაიხუროს.

რადიო თავისუფლება: როგორ ხედავთ თქვენს მომავალს, როგორც ქალი ჟურნალისტი, რომელიც ქაბულში მუშაობს თალიბანის მმართველობის ქვეშ?

ელენა: ეს ის შეკითხვაა, რომელსაც ყოველდღე ვუსვამ საკუთარ თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში და მასზე პასუხი არ მაქვს. იგივე შეკითხვა თუნდაც სამი საათით ადრე რომ დაგესვათ, სანამ თალიბანი შემოვიდოდა ქაბულში, ჩემი სამომავლო გეგმებს ჩამოგითვლიდით.

მე მქონდა დეტალური გეგმები და სათადარიგო გეგმები ჩემი ცხოვრების შემდეგი, მინიმუმ, 30 წლისთვის. მქონდა რვეული სხვადასხვა პირადი პროექტების სიით და ჩანაწერებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განმეხორციელებინა ისინი. იმ დღეს, როცა ოფისი დავტოვეთ 15 აგვისტოს, როცა არ ვიცოდით, რა მოხდებოდა, ამის შემდეგ, ის რვეული გავანადგურე რამდენიმე სხვა დოკუმენტთან ერთად.

ჩემი ოცნებებიც მქონდა. დაგეგმილი მქონდა მაგისტრატურის დაწყება მომავალ ორ წელიწადში. ვემზადებოდი ამერიკის „ფულბრაიტის“ სტიპენდიის ტესტებისთვის.

ასევე მუშაობაც მინდოდა - როგორც სტაჟიორს - უცხოური საინფორმაციო სააგენტოსთვის და შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანაში ჩამომეტანა. ვოცნებობდი, უფრო შორეულ მომავალში, რაღაც ხანს მემუშავა უცხოეთის ამბების კორესპონდენტად საზღვარგარეთ. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ქვეყნის შესახებ მინდოდა მომეთხრო.

თალიბანის წევრები ქაბულის ქუჩაში


სამსახურში ფეხით დავდიოდი მიუხედავად იმისა, რომ ქაბული, წინა მთავრობისას, არ იყო უსაფრთხო ადგილი იმისთვის, რომ ახალგაზრდა ქალს მარტო ევლო. მაგრამ მე მიყვარდა, ფეხით რომ დავდიოდი და თან ჩემს მომავალზე ვფიქრობდი. ახლა კი ვშიშობ, რომ ჩემი გეგმები ჩაშლილია და ჩემი ოცნებები დამსხვრეული. არ ვიცი, რა მელის მომავალში. თალიბანის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებებს ჩემ მაგივრად. ეს მტკივნეულია ჩემთვის.

ამ ეტაპზე, თალიბანი ამბობს, რომ ქალები დაბრუნდებიან სამსახურებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იმუშავებენ. მე არ ვიცი, შეასრულებენ თუ არა ისინი თავიანთ დაპირებებს და შევძლებ მუშაობის გაგრძელებას, თუ მომკლავენ ან დამაპატიმრებენ.

რადიო თავისუფლება: როგორი განწყობილებაა ქაბულის ქუჩებში თქვენი თაობის ახალგაზრდებს შორის?

ელენა: ხალხი ნელ-ნელა უბრუნდება სამუშაოს. რამდენიმე დღით ქაბული აჩრდილების ქალაქს დაემსგავსა. ქუჩები ცარიელი იყო.
ახლა მეტი ხალხია გარეთ, თუმცა ქალაქი ისეთი ცოცხალი, მანამდე რომ იყო, აღარ არის.

მე ყოველდღე მიწევს ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში გავლა და ვხედავ, რომ ქაბული კაცების ქალაქი გახდა. ბევრად ნაკლები ქალი გამოდის გარეთ და დადის სამსახურში.

ასევე ნახეთ ღვთის ამარა მიტოვებულები

ქალების უმეტესობა შავი ჰიჯაბითაა, ან ბურკა აცვია. კაცებმაც შეიცვალეს ჩაცმულობა: ისინი ტრადიციულ ავღანურ სამოსში გამოწყობილი დადიან, თალიბანს როგორც მოსწონს.

ჩვენი თავისუფლების შეზღუდვა პრობლემის ერთი მხარეა.
ახალგაზრდაცა და ხანდაზმულიც შეშფოთებულია ფინანსური მდგომარების გამო. ხალხი ღარიბია და ბევრს არ აქვს მუდმივი სამუშაო. მათ მუდამ სამუშაოს ძებნა უწევთ და დღიური ჯამაგირით მხოლოდ ლუკმაპურს თუ ყიდულობენ. შემდეგ დღეს ყველაფერი თავიდან იწყება.

ავღანეთი ბოლო ოცი წელიწადია, უცხოური დახმარებით არსებობდა, რაც შეიძლება დასრულდეს. თუ ეს შეწყდა, ისიც კი არ ვიცით, სამუშაოს უფლება რომც გვქონდეს, გადაგვიხდიან თუ არა. ვშიშობთ, რომ შიმშილობა შეიძლება დაიწყოს.