“ოცნების” უარი ევროკავშირის ტრანშზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 სექტემბერს

"ოცნების" უარი ევროკავშირის დახმარებას - რას ნიშნავს? ვის აწყობს?

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროკავშირის დახმარებაზე - იაფ სესხზე, რომელიც ქვეყნისთვის იყო გამიზნული და რომლის მიღების ალბათობა ისედაც ლამის უკვე ნულამდე იყო დასული, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი ანულირების შემდეგ.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება მრავალჯერ გააფრთხილა, რომ შეჩერდებოდა 75 მილიონი ევროს გამოყოფა, ვინაიდან არ სრულდებოდა მაკროსაფინანსო დახმარების ამ მორიგი ტრანშის მისაღებად დადებული პირობები და კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის ვალდებულებები.

31 აგვისტოს ევროკავშირმა ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საქართველო აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს. იქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ არ იყო შესრულებული ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები და სამომავლო დახმარებაც პროგრესის შესაბამისი იქნება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე, უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული დაგროვდა, ეკონომიკა ვითარდება და ქვეყნის წინაშე სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი გვეუბნება, რომ ევროკავშირის ფული კრედიტად ვერ ჩაითვლება, რადგან დაბალი პროცენტის გამო ის დახმარებას უტოლდება.

მისი შეფასებით, ამ დახმარებას არაერთხელ შეუსრულებია გადამწყვეტი როლი საქართველოს წინსვლაში.

რას ნიშნავს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა? რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამან ქვეყნისთვის? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლდება

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ 15 სექტემბერს მოსწავლეები ისევ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. თუმცა ამ ეტაპზე დისტანციური რეჟიმი მხოლოდ 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

"4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ სკოლები გაიხსნება მხოლოდ იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოსახლეობის 15% 17 წლამდე მოზარდები არიან. მისივე თქმით, 19 წლამდე პირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდეა.

საქართველოში მხოლოდ "ფაიზერის" წარმოებული ვაქცინაა, რომლით აცრაც ქვეყანაში არსებული პროტოკოლის მიხედვით მხოლოდ 16 წელს მიღწეული პირებისთვისაა შესაძლებელი.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც 31 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება. ტრანსპორტი 4 სექტემბრის ნაცვლად 13 სექტემბერს განაახლებს მუშაობას.

წაიკითხე მეტი.

საქართველო დემოგრაფიულ ორმოში

2020

წელს საქართველო ბუნებრივი მატების გარეშე დარჩა - გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადაუსწრო. დემოგრაფები ამას კოვიდპანდემიასაც უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ მომავალ წლებში სურათი დიდად არ გაუმჯობესდება.

პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადააჭარბა. თუ 2019 წელს ბუნებრივი მატება 1 637 ადამიანი იყო, 2020 წლის მაჩვენებელი ასეთია - მინუს ოთხი ათას ჩვიდმეტი (-4017). კოვიდმა გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 5.1%-ით გაზარდა.

2020 წლის მონაცემებით, დაქორწინებულთა რაოდენობაც დაახლოებით 7 ათასით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით - 16 359 ადამიანი.

დემოგრაფები შობადობის კლებას კოვიდის გარეშეც ვარაუდობდნენ, რადგან დღეს საქართველოში ბავშვებს ის ქალები აჩენენ, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ - იმ წლებში კი ძალიან ცოტა ბავშვი გაჩნდა.

„უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში შობადობის შემცირებაა მოსალოდნელი, შემცირდება მოსახლეობის რაოდენობაც, ყოველ შემთხვევაში, რაც ვართ, იმაზე მეტი ნამდვილად არ ვიქნებით“, - ამბობს დემოგრაფი გია მელაძე.

წაიკითხე მეტი.

დღეს ბაიდენი ზელენსკის შეხვდება

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.

"ეს ვიზიტი დაადასტურებს აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე", - ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერები განიხილავენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, კორუფციასთან ბრძოლას და ზელენსკის რეფორმების გეგმას.

"პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ოთხშაბათს დანიშნულ ვიზიტს, და იმ კავშირების გაძლიერებას, რომლებიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

შეხვედრა ჩატარდება თავდაპირველად დაგეგმილ თარიღზე ორი დღით გვიან, რადგან ბაიდენის დღის წესრიგი დაკავებულია ქარიშხალ "იდასთან" გასამკლავებელი ზომებით და ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გამოსვლის პროცესით.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თელაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ზაზა სარალიძე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე: მე თქვენ ვეღარ მომკლავთ

შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, რომლის მოსყიდვის ბრალდებით 30 აგვისტოს "ექსკლუზივნიუსის" რედაქტორმა ვიდეომასალა გაავრცელა, ჩანაწერებს მისი გაშავების მცდელობად აღიქვამს. ვიდეოკადრებში, რომლის გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ გადასცემს ფურცელს გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს.

ვიდეოჩანაწერი რამდენიმეწამიანია, არ ისმის ხმა, არ ხდება შეხვედრის ადგილისა და დროის იდენტიფიცირება.

"ექსკლუზივნიუსის" ინფორმაციით, სარალიძე მოისყიდეს. გამოცემის რედაქტორი ირწმუნებოდა, რომ მან სარალიძის მოსყიდვის სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის, ვიდეომასალა. მისი მტკიცებით, ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი.

"2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული ჯერ ქოცაქტივმა გადაუარა ჩემი მოკლული შვილის სახელს და საფლავს, შემდეგ მკვლელები დაიჭირეს და ნაცაქტივმა გადაუარა...​

ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი, ხაზგასმით ვამბობ, იყო და არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მაშინდელი ხელისუფლებიდან, ვინც ადამიანურად მიმიღო და მიიღო ჩემი ოჯახის ტკივილი, როცა მუხლდაჩოქილი ვიხვეწებოდი დახმარებას და ოცნების დეპუტატები მხრებს იჩეჩავდნენ და მარტო კანონების ენით მელაპარაკებოდნენ, რომელ კანონშიდაც ვერც მოკლული და ვერც ცოცხალი შვილის დასაცავი მექანიზმი ვერ ვნახე, კანონი მხოლოდ თქვენი, ელიტის წარმომადგენლების დასაცავად ყოფილა", - წერს ზაზა სარალიძე ფეისბუკზე.

წაიკითხე მეტი.

აშშ-მა თავისი დიპლომატიური მისია ქაბულიდან კატარში გადაიტანა და განაცხადა, რომ თალიბანმა საერთაშორისო აღიარება უნდა მოიპოვოს

გუშინ ამერიკის ბოლო სამხედრომ დატოვა ქაბული. დასრულდა აშშ-ის 20-წლიანი ომი ავღანეთში. ქაბულში აღარ იმუშავებს ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობაც.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განმარტა, რომ ვაშინგტონმა დიპლომატიური წარმომადგენლობა კატარის დედაქალაქში, დოჰაში გადაიტანა, სადაც თალიბებს აქვთ პოლიტიკური ოფისი.

„ჩვენმა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი, - განაცხადა ბლინკენმა თავის მიმართვაში ავღანეთის მიმართ პოლიტიკის შესახებ, - დაიწყო ახალი თავი ამერიკისა და ავღანეთის ურთიერთობაში“. „საომარი მისია დასრულდა, დაიწყო ახალი დიპლომატიური მისია“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

წაიკითხე მეტი.

მხიარული კონცერტი, ასფალტი სოფლებს და სკვერები ქალაქებს - არის ეს ის, რაც ხალხს სურს?

ყველა თვითმმართველი ქალაქის და სათემო მუნიციპალიტეტის ფეისბუკგვერდზე ამ ბოლო დროს დღეში ერთ მოასფალტებულ ქუჩას, მოხრეშილ გზას, შეღებილ ფასადს, გზაზე გამომდგარ ტრაქტორს და მის გარშემო შემოხვეულ ადგილობრივ ჩინოვნიკებსა თუ რომელიღაც სოფელში გაყვანილ წყლის მილებს აუცილებლად წააწყდებით.

წინასაარჩევნოდ რეგიონებში დიდი აქტიურობაა - სოციალურ ქსელში ასე ჩანს და დაწვრილებით იწერება, რომელი პროექტი რა დაჯდა, რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.

წინასაარჩევნოდ დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მუნიციპალიტეტების სოციალური მედიის გვერდებზე აქტიურად პიარდება.

ერთი შეხედვით, არც გზის დაგებაშია რაიმე ცუდი და არც სკვერის მოწყობაში, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობების ეს აქტივობები, არაერთ კითხვას აჩენს.

მაგალითად, რაჭის სათემო ორგანიზაციის წევრი ეთო არსანიძე ჩივის იმაზე, რომ არასოდეს, ქალაქისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განიხილება საჯაროდ და ყველაფერს პოსტფაქტუმ იგებენ, როცა პროექტიც დამტკიცებულია და სამუშაოებიც დაწყებული. ასე იყო, მაგალითად, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის დროს, სადაც შავი ლითონის ჯებირები დაამონტაჟეს, რამაც ბევრ ამბროლაურელს გაუცრუა იმედი და სასაფლაოს ცხაურებიც კი გაახსენა.

წაიკითხე და ნახე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ავღანელი ლტოლვილები თბილისის დროებით თავშესაფარში.

ათასობით ავღანელი ლტოლვილი განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, წითელი ჯვრის ბანაკებში და სხვა დროებით თავშესაფრებში, მთელ ევროპაში და მათ შორის, საქართველოში. წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

ჟურნალისტ მედეა იმერლიშვილს კოვიდთან ბრძოლა 4 თვის წინ მოუხდა. მაისის დასაწყისში, როცა ავად გახდა, პანდემია არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც დღესაა, თუმცა მედეა ჯერ კიდევ მაშინ წერდა კლინიკებზე, რომლებსაც ნაჩქარევად მიანიჭეს კოვიდპაციენტების მიღების უფლება. მედეა იმერლიშვილის პოზიცია არც დღეს შეცვლილა.