საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღარ არის საჭირო საგარეო ვალის გაზრდა მაშინ, როდესაც ის ისედაც გაზრდილია პანდემიის გამო და არსებობს საკმარისი შიდა რესურსები. მინისტრმა ეს კომენტარი ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის, 75 მლნ ევროს მიღების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. პრემიერ-მინისტრის შემდეგ დღეს ნათია თურნავამაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს უარი განაცხადოს ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებაზე:
„საკითხი დგას მარტივად. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა. ანუ ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ. და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი. შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭირო, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ, რომელმაც წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ აღნიშნულმა ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა.
ამავე საკითხის კომენტირებისას 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროკავშირის დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვას. „მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზეგუშინ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის დახმარებაზე საუბრის დროს, რომლის გამოყოფაზეც შესაძლოა ბრიუსელმა უარი თქვას, განაცხადა, რომ ამას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს", რადგან ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია და "ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით". მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია:
"ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა არ აქვს28 ივლისს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.
საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შესახებ და საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა, ამ კონტექსტში მან ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება“, - დაწერა შარლ მიშელმა.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ საფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმებების ერთგულებას აჩვენებს