მცირეხნიანი პაუზის შემდეგ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ ფეისბუკზე ახალი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის ერთ გადაწყვეტილებასა და მის სავარაუდო შედეგებზე წერს.
როგორც ირკვევა, ეროვნული გალერეა რემონტისთვის დაიკეტა და დაიგეგმა მისი მეორე სართულის გადაღებვა (ამას 2020 წელს ეროვნული მუზეუმიც გეგმავდა, რაშიც მას პანდემიამ შეუშალა ხელი), მაგრამ როგორც ეკა წერს, ამ რემონტის შემდეგ გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია აღარ აღდგება.
ეკა კიკნაძე იხსენებს 2011 წელს, როცა განახლებული ეროვნული გალერეის კონცეფციაში გალერეისა და მუზეუმის ფუნქცია გაერთიანდა. მაშინ, მეორე სართულის სამი მთავარი დარბაზი დაეთმო ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრებს, ხოლო მეოთხე დარბაზი - ელენე ახვლედიანს, შალვა ქიქოძეს, კირილ ზდანევიჩსა და ქეთევან მაღალაშვილს.
თანამედროვე მხატვრობის იმ მთავარ ავტორებს, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე ტურისტი დამთვალიერებლისათის ყოველთვის მთავარი ინტერესის საგანი იყო.
Your browser doesn’t support HTML5
ამ ექსპოზიციას ჰქონდა მუდმივმოქმედის სტატუსი - სანამ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდებოდა და ეს ავტორები განახლებულ მუზეუმში გამოიფინებოდნენ.
დროებით გამოფენებს კი, როგორც ეკა კიკნაძე აცხადებს, ეთმობოდა გალერეის პირველი სართულის 4 საგამოფენო დარბაზი. 2011 წლიდან დღემდე ამ დარბაზებში გაიმართა 94 ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა, რომლებზეც 356 ქართველი და უცხოელი ავტორის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ რემონტის შემდეგ, გალერეის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გამოიფინება მხოლოდ ნიკო ფიროსმანაშვილი. ხოლო დანარჩენ 7 დარბაზში დროებითი გამოფენებისთვის კონკურსია გამოცხადებული.
„კაკაბაძე, გუდიაშვილი და ნიკოლაძე, ისევე როგორც ქართული მოდერნიზმის პირველი თაობის სხვა ავტორების ნამუშევრები ჩამოიხსნება. შესაბამისად, შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, ისინი მიუწვდომელი იქნება დამთვალიერებლისთვის. საფუძველი: მინისტრმა წულუკიანმა 18 მაისს, პათოსით ,,მიწა გლეხებს, ქარხნები მუშებს!!!“, გააჟღერა დაპირება, რომ „ეროვნული გალერეა მხატვრებს უბრუნდება!“ და ის ქართველი მხატვრების გამოფენებს დაეთმობა (კაკაბაძე, გუდიაშვილი და ნიკოლაძე არ ვიცი, ვინ ჰგონია?!); ამ დაპირებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აქამდე ბევრი მხატვარი და კურატორი იყო უკმაყოფილო, რადგან გალერეაში გამოფენის მოწყობას ყველა ვერ ახერხებდა. გარანტიას გაძლევთ, მომავალშიც იგივე იქნება - ეროვნული გალერეა ვერასდროს დაიტევს ყველა მსურველს. მაგრამ მინისტრის პოპულისტური დაპირება მეტად საამო მოსასმენი და გულისმომგები აღმოჩნდა მხატვრების (და კურატორების) ნაწილისთვის“, - წერს გალერეის ყოფილი მმართველი.
რა მივიღეთ შედეგად? ამ კითხვას ეკა კიკნაძე თავადვე პასუხობს:
- 2022 წლის გამოფენებისთვის კონკურსი ზაფხულში გამოცხადდა. ანუ, მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიღებულია ჯერაც უცნობი გამოფენების სასარგებლოდ;
- კაკაბაძის და გუდიაშვილის ნამუშევრები, რომლებიც 2011 წლიდან გამოფენილია გალერეაში და შეჩვეული სტაბილურ კლიმატსა და ტენიანობას, გადააქვთ ხელოვნების მუზეუმის ავარიულ შენობაში;
- ეროვნული გალერეის სამი ძირითადი დარბაზი, ერთმანეთში გამავალი ღია სივრცეებია. რემონტის შემდეგ ერთ მათგანში ფიროსმანაშვილის ნამუშევრები დაიკიდება. უშუალოდ მის გვერდით კი, ყოველგვარი გამყოფი ბარიერის და იზოლირების გარეშე, უნდა შემოვიდეს ახალი გამოფენები, გაკეთდეს ექსპოზიცია, დაიკიდოს სურათები/მოეწყოს ინსტალაციები კედლების გახვრეტით ან კიდევ სხვა ტიპის სამუშაოებით. როგორ უნდა გაიმიჯნოს ამ გამოფენების მომზადება/ჩამოხსნის პროცესი ფიროსმანაშვილის დარბაზისგან? ან ამ დღეებში დამთვალიერებელი როგორ უნდა მიიღოს? როგორ უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როცა ერთ სივრცეში იქნება ფიროსმანაშვილი და საღებავით, წყლით და მაღალი კიბეებით მოძრავი მუშები? წარმოგიდგენიათ ასეთი რამ?
ეკა კიკნაძე ამ ყველაფერს „შემაშფოთებელ უვიცობად“ აფასებს და წერს, რომ წარმომუდგენელია, ქვეყნის მთავარ საგამოფენო სივრცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ორი ნაბიჯით წინ გახედვის, უსაფრთხოების და პრევენციული კონსერვაციის აუცილებელ ნორმებზე დაფიქრების გარეშე.
„ძველი ექსპოზიციის რამდენიმე ფოტოს დავდებ. დაემშვიდობეთ. დამაინტერესებს იმ კოლეგების აზრი, ვინც ხშირად გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებებს ეროვნული გალერეის საგამოფენო პოლიტიკის მისამართით“, - წერს ეკა კიკნაძე.
ასევე ნახეთ მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს - ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები სასამართლოში მიდიანდაკეტილ მუზეუმში - ხედი შიგნიდან
სანამ ფეისბუკზე ეკა კიკნაძის ეს საჯარო პოსტი გამოჩნდებოდა, რამდენიმე დღით ადრე რადიო თავისუფლება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დღეს მიმდინარე პროცესით დაინტერესდა და მის მოქმედ რამდენიმე თანამშრომელს გაესაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, მუზეუმის თანამშრომლები ეპიდვითარების გაუარესების და 4 სექტემბრამდე დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ამ ეტაპზე მუზეუმში არ დადიან.
როგორც ქართული ფერწერის და გრაფიკის ფონდის კურატორმა ნინო ხუნდაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ კიდევ დასასრულებელია კოლექციების ე.წ. შეჯერების პროცესი, რომელიც კულტურის მინისტრის განკარგულებით მიმდინარეობდა.
მანაც დაგვიდასტურა, რომ გალერეაში ჩამოიხსნა მიმდინარე გამოფენები (გიგო გაბაშვილიდან მოყოლებული მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მხატვრებით დასრულებული) და მათი ნაწილი ისევ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ავარიულ შენობაში გადაიტანეს. როგორც ჩანს, დროებით, სანამ კოლექციებისთვის სხვა სივრცე მომზადდება.
მისი თქმით, ქართული ფერწერის ფონდის შეჯერების პროცესი, ფაქტობრივად, ფინალშია. სხვათა შორის, ის ფონდია, რომლის მიმართაც განსაკუთრებით დიდი დაინტერესება იყო და ამბობდნენ, რომ ექსპონატები იყო დაკარგული, თუმცა, როგორც ნინო ხუნდაძე გვეუბნება, დღეს, 2012 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგებისგან განსხვავებული სურათია და მაშინდელ დანაკლისთან შედარებით დღეს გაცილებით ნაკლებია ისეთი ნახატების რიცხვი, რაც დანაკლისად მიიჩნეოდა.
ასევე ნახეთ ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება, ამბობს მინისტრი - რას ნიშნავს ეს ამ და სხვა მუზეუმებისთვისეს, შესაძლოა, იმითაც აიხსნას, რომ სივრცის სიმცირის გამო, ზოგიერთი სურათი სხვა კოლექციის საცავში ინახებოდა - მაგალითად, ერთ-ერთი შეჯერების შედეგად, გრაფიკის ფონდის 2 სურათი ფერწერის თაროებზე აღმოჩნდა.
ჯერჯერობით, მუზეუმის თანამრომლებსაც არა აქვთ მკაფიო პასუხი თუ ზუსტად როდის დაიწყება მუზეუმიდან ექსპონატების გატანა. ნინო ხუნდაძემ ჯერ არ იცის, სად გადავა, მაგალითად, საკმაოდ მოცულობითი გრაფიკის ფონდი, რომლის შეჯერების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და სექტემბრის ბოლომდე ვერც მოესწრება.
„ისევ დგას რამდენიმე მთავარი საკითხი: შენობა გადარჩეს, და ეს შენობა გადარჩეს მუზეუმად და რაც მთავარია, კოლექციების ევაკუაცია ყველა წესის დაცვით მოხდეს“, - ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი, თუ როგორ და სად უნდა წაეღოთ ექსპონატები იყო დეტალურად გათვლილი და აწონილ-დაწონილი და კარგი იქნება, თუ ახალი მმართველები, ამ გეგმას, თუმც კი უკვე დაწუნებულს, სახელმძღვანელოდ მაინც გამოიყენებენ.
მუზეუმის შუასაუკუნეების კოლექციის კურატორმა ნანა ბურჭულაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე ექსპონატები უცვლელად ინახება იმ საფონდო საცავებში, სადაც მათი ადგილია და რომ ჯერ მუზეუმიდან არაფერი დაძრულა.
„საგანძურის ნივთებიც, ცხადია, იქ არის, უბრალოდ, ახლა იქ რამდენიმე ხელმძღვანელი ადამიანი შედის და ზუსტად რა ხდება, არ ვიცით, იმედია ყველაფერი ძველებურად თავის ადგილზეა“.
ნანა ბურჭულაძე დღეს მუზეუმში არსებულ ვითარებას დროებით ზავს ადარებს და სექტემბრის შუა რიცხვებში ელის მინისტრ თეა წულუკიანის ანგარიშს მუზეუმში მიმდინარე შეჯერების პროცესის შედეგებზე.
თუმცა ის ეჭვით უყურებს კოლექციის გადასატანად და სივრცეების მოსამზადებლად აქამდე დასახელებულ თარიღებს და ვერ წარმოუდგენია, თებერვლამდე როგორ უნდა მოესწროს ამორტიზებული შენობის გარემონტება, კოლექციებისათვის საჭირო კლიმატ-კონტროლის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებით.
ასევე ნახეთ „არარენტაბელურია ბოსლის აღდგენა” - ანგრევენ თუ არა ხელოვნების მუზეუმსმუზეუმის ახალი მმართველებიდან რადიო თავისუფლებამ დაკავშირება შეძლო ნელი კობიაშვილთან, რომელიც არის თეა წულუკიანის მიერ დანიშნული მუზეუმის ახალი დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის ერთ-ერთი მოადგილე. რადგან 5 აგვისტოს შემდეგ უცნობია, თუ რა ხდება მუზეუმში, ჩვენ მასაც ვკითხეთ, რა პროცესი მიდის დღეს შიგნით.
მან გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე, ცოტათი უნდა მოწესრიგდეს, შერჩეული, მუზეუმის მიმდებარედ არსებული კორპუსი, სადაც ექსპონატებს გადაიტანენ. ამ კუთხით, გვითხრა მან, სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა, მაგრამ „ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე“.
ასევე გვითხრა, რომ ექსპონატების მუზეუმიდან გატანის ზუსტი თარიღი მისთვის ცნობილი არ არის. ასევე მზადების პროცესშია მუზეუმის გარეთა კედლისა რესტავრაციის საბოლოო გეგმა, რომელიც მისი თქმით, „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ და ამაზე სწორედ ახლა მუშაობენ მოწვეული სპეციალისტებიო.
კულტურის სამინისტროში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
გეგმას რაც შეეხება, ერთი ასეთი გეგმა სამინისტრომ 15 ივლისს დაამტკიცა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
უფრო გვიანდელი, თეა წულუკიანის მიერ 5 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თანახმად, სექტემბრის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი სია იმ ექსპონატებისა, რომლებიც, მისი სიტყვებით მუზეუმიდან იყო გატანილი.
ასევე წულუკიანის სიტყვებია, რომ კოლექციების გადასატანად შერჩეულია 2 სივრცე:
- ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც დაიტევს კოლექციის მხოლოდ ნაწილს.
- და მეორე სივრცე, სადაც ექსპონატებს გადაიტანენ, შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა კორპუსი, რომელიც ამ ფონდებს სრულად დაიტევს.
სწორედ ხუთ აგვისტოს თქვა მინისტრმა, რომ „მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს, რომ ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი და რომ აღდგენის პროექტზე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის შესახებ 15 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით კი ცნობილია, რომ 2022 წლის 5 თებერვალს მუზეუმის ამჟამინდელი ავარიული შენობის დაცლა დასრულებული უნდა იყოს.
ამავე გეგმის თანახმად, ცნობილია, რომ ფონდებისა და კოლექციების მიგრაცია ექვს ეტაპად უნა განხორციელდეს.
მუზეუმს პირველი დატოვეს ქსოვილებისა და ნაქარგობის ფონდი და არქივისა და მემუარების ფონდი - ეს უნდა მოხდეს 2021 წლის 10 სექტემბერს.
ყველაზე ბოლოს, ახალ დროებით სივრცეში გადავა ოქროს ფონდი. (დაზიანებული ჭედური ხატების საყრდენი ხის დროებითი გამაგრება უნდა მოხდეს 2021 წლის 1 დეკემბრამდე და ამისათვის, შეიქმნება ქართულ-უცხოური პროფესიონალთა ჯგუფი, რისთვისაც სამოქმედო გეგმა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ვადას აწესებს).
ამ გეგმით გაწერილია კიდევ ერთი თარიღი - 2022 წლის პირველი იანვარი - ამ დრომდე უნდა დაკომპლექტდეს და გადამზადდეს საგანძურში დაცული ექსპონატების გადამტანი ჯგუფი.
მაშინ კულტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ მუზეუმის შენობის ნაწილის (ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელი) გამაგრება დაკავშირებული იქნებოდა ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნებოდა რენტაბელური;
და რომ შეუძლებელი იქნებოდა შენობის იმ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება;რომელიც ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარეობს.
მოგვიანებით ითქვა, რომ მუზეუმის შენობა არ დაინგრევა, თუმცა ჯერ უცნობია ეს პირობა სრულად შესრულდება თუ ნაწილობრივ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყებოდა და სამუზეუმო სისტემა რეორგანიზაციას საჭიროებდა.
მუზეუმის მმართველი რგოლიც ამის შემდეგ შეიცვალა და მუზეუმების რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, თეა წულუკიანის ინიციატივით სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შეიქმნა.
სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ თანამდებობებს ჩამოაშორეს თავად ეკა კიკნაძე, ეროვნული გალერეის მმართველი, სამუშაო პოზიციები შეეცვალათ დარეჯან გოგაშვილს, მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელსა და დინარა ვაჩნაძეს, რომელიც სათავეში ედგა კოლექციების მართვის დეპარტამენტს - ამ საკადრო ცვლილებით, ისინი ევაკუაციის პროცესის მონიტორინგსაც ჩამოაშორეს.