ქაბულის აეროპორტისთვის ექვსი რაკეტის სროლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ".
აეროპორტს რაკეტები 30 აგვისტოს ესროლეს. ინფორმაცია ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა Reuters-ს და CNN-ს. მათი წყაროს თანახმად, რაკეტები მოიგერია ქაბულის აეროპორტში მყოფი ამერიკული სახმელეთო კონტინგენტის დასაცავად განთავსებულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
ამერიკელები მანამდეც ვარაუდობდნენ, რომ რაკეტები ისროლა ავღანეთში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“. სწორედ მან აიღო პასუხისმგებლობა ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარ აფეთქებებზე, რომელთა შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედრო. თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ავღანეთში, "ისლამური სახელმწიფო-ხორასანის" წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელა.