ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, რეკომენდაცია გავუწიოთ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბავშვების ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ის 400-500-ს შეადგენს.

თუმცა, როგორც "პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში ექიმი შენიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს ამდენივე ბავშვის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას - არაერთი ქვეყნის გამოცდილებით, ინფიცირებული ბავშვების 95-97 პროცენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას. თუმცა ისეთი პატარა ქვეყბისთვის, როგორიც საქართველოა, ყოველდღიურად 400-500 ინფიცირებული ბავშვი არც ისე ცოტაა.

ასევე ნახეთ საქართველო 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას გეგმავს

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველოც ელის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ბავშვებში აცრის ასაკის დაწევასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ცნობილი გახდეს სექტემბერ-ოქტომბერში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას გადაწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სექტემბერ-ოქტომბერში, ოღონდ ეს არ შეეხება ყველა ვაქცინას. საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ავტორიზებული ვაქცინა „ფაიზერია“, რომელსაც დაშვებული აქვს ვაქცინაცია 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში“.

ივანე ჩხაიძე შენიშნავს, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ შეიძლება, ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს აცრას 12+ ზემოთ ასაკის მოზარდები.

„ჩვენ რომ ახლა დღის განმავლობაში გვქონდეს 200, 500 ან 1 000 შემთხვევა, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ხუთი და ექვსი ათასი შემთხვევა დაფიქსირდა ერთი დღის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევების კვალდაკვალ მატულობს ბავშვების ინფიცირება, და რაც ყველაზე ცუდია, ამის უკან დგას კორონავირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც ბავშვებში მიმდინარეობს შედარებით უფრო მძიმედ. ამიტომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რეკომენდაცია გავუწიოთ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.