ახალციხის კლინიკა „იმედში“ მედპერსონალის გადაღლას და სიმცირეს უჩივიან და რესურსის დამატებას ითხოვენ

ახალციხეში მოქმედმა კლინიკა „იმედმა“ მედპერსონალის შესავსებად ვაკანსია გამოაცხადა, მაგრამ ჯერჯერობით მათ განცხადებას არავინ გამოხმაურებია.

კლინიკის მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ ისედაც მცირე რაოდენობის მედიკოსები გადაღლილები არიან და დახმარება სჭირდებათ. განსაკუთრებით უჭირთ საშუალო რგოლის მედპერსონალი.

„კვირაში 7 დღე 24 საათი რომ მუშაობ, ეს ძალიან ძნელია“, - ამბობს გიორგი ბარძიმაძე.

ბოლო სამ დღეში კლინიკაში ორი პაციენტი დაეღუპათ - ცოლ-ქმარი. 25 აგვისტოს ჯერ ქმარი გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, ხოლო 28-ში ცოლი, რომელსაც სხვა დაავადებები არ აღენიშნებოდა. თუმცა არც ერთი არ იყო აცრილი.

გიორგი ბარძიმაძის ცნობით, მათ კლინიკაში ახლა 58 კოვიდპაციენტი მკურნალობს და მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო ან მძიმეა. მათი დიდი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამ დროისთვის კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია“, - ამბობს კლინიკის მენეჯერი, თუმცა, მისივე სიტყვებით, ერთი კვირაა, რაც ვითარება შედარებით სტაბილურია.

კლინიკა „იმედი“ ახალციხეში მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტებს ემსახურება, შედარებით მსუბუქ პაციენტებს კი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მკურნალობენ.