ალან ჯუსოევი პოლიტიკურ ავანტიურას უწოდებს საქართველოს მოწოდებებს ცალკეული ქვეყნებისადმი, გააქმონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

ცხინვალი

„სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაუქმების მოწოდება 2008 წლიდან ისმის და უკვე ტრადიციას იქცა“, - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალან ჯუსოევმა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის პასუხად, რომელიც ცალკეული ქვეყნებისგან სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევას მოითხოვს.

ჯუსოევის კომენტარს ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„სხვა საქმეა, მიიღებს თუ არა ვინმე სერიოზულად ასეთ გზავნილებს რუსეთის ფედერაციაში, სამხრეთ ოსეთსა და იმ ქვეყნებში, რომლებმაც აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა. ძირითადი ადრესატი რუსეთია, რომ მან გააუქმოს აღიარება და მოახდინოს ტერიტორიის დეოკუპაცია, მაგრამ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორია არანაირად არ არის ოკუპირებული. 2008 წლამდე ამ ტერიტორიის ნაწილი იყო საქართველოს მიერ ოკუპირებული, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ამ ნაწილის დეოკუპაცია და სამხრეთ ოსეთის იურისდიქციის გაფართოება ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ალან ჯუსოევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთს საპასუხოდ შეუძლია მოითხოვოს, რომ ოსმა ლტოლვილებმა დაიბრუნონ მიწა და ასევე ის ქონება, რომელიც მათ დაკარგეს 1989-2008 წლებში საქართველოში.

„დაე, მათ აანაზღაურონ ფინანსური ზარალი, გადაიხადონ მორალური კომპენსაცია. 102 000 ოსი იქცა ლტოლვილად 1989 წლიდან 1992 წლამდე. ეს კითხვები შეიძლება და უნდა დაისვას, რადგან ეს არის ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინაშე. და რადგანაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მაშინ მათაც გარკვეულწილად უნდა უპასუხონ იმ კითხვებს, რაც არსებობს ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - აცხადებს ჯუსოევი.