26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ევაკუაცია გრძელდება

ქაბულის აეროპორტთან 27 აგვისტოს, 2021 წელი.

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქებების მსხვერპლმა 100-ს გადააჭარბა. ქაბულის საავადმყოფოების ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 90 ავღანელი დაიღუპა, 150 - დაშავდა.

ტერაქტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო და ქაბულის აეროპორტის დამცველი ამერიკელი საზღვაო ქვეითების რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ეს ამერიკელი სამხედროების უდიდესი დანაკარგია ერთ ჯერზე ბოლო წლების განმავლობაში.

18 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც დაშავდნენ, ევაკუირებული არიან ავღანეთიდან.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელსაც მტრობა აქვს თალიბებთან.
გრძელდება ასეულობით ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან ევაკუაცია.

ქაბულის აეროპორტის მისადგომებთან ათეულობით ადამიანი მოელის შესაძლებლობას, დატოვოს ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა გაფრთხილება შემდგომი შესაძლო თავდასხმების შესახებ.

ქაბულის მცხოვრებთა თანახმად, მათ დაინახეს, როგორ აფრინდნენ თვითმფრინავები 27 აგვისტოს ქაბულის აეროპორტიდან, რის მახლობლადაც, სადაც თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა თავი აიფეთქეს, ხალხი კვლავ შეიკრიბა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას ტერაქტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ აშშ მიაგნებს და დასჯის მათ, ვინც ტერაქტი მოაწყო. მან დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს გმირები უწოდა. ბაიდენის სიტყვებით, პენტაგონმა უკვე მიიღო დავალება, მოამზადოს რადიკალურ ისლამისტებზე, რომლებმაც ქაბულში ტერაქტი მოაწყვეს, საპასუხო დარტყმის მიყენების გეგმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევაკუაცია ქაბულიდან გაგრძელდება და ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის გეგმას არ გადახედავენ.
ტერორისტები ვერ აიძულებენ აშშ-ს, შეაჩეროს თავისი მისია, აღნიშნა ბაიდენმა, რომლის თანახმად, 15 აგვისტოს შემდეგ მოხდა 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაგმო ტერაქტები და ხაზი გაუსვა მათ „გმირულ მცდელობას“, ვინც ადგილზეა ევაკუაციის წარმატებით ჩატარებისთვის. საფრანგეთი საქმეს ბოლომდე მიიყვანს, თქვა მან.

ქაბულის ტერაქტები დაგმო ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა და თქვა, რომ ესპანეთის მთავრობა შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ხალხი გაიყვანოს ავღანეთიდან უსაფრთხო ადგილზე.
ავსტრალიამ და ნორვეგიამ შეაჩერეს თავიანთი მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანა.

აშშ-ის კონგრესს სურს, ქაბულის ტერაქტისას ამერიკელი სამხედროების სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა დააკისროს პრეზიდენტ ბაიდენსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, კევინ მაკკარტიმ, სპიკერს მოუწოდა, მოიწვიოს არდადეგებზე მყოფი წევრები საგანგებო სხდომაზე ავღანეთის ვითარების განსახილველად.
რესპუბლიკელები თვლიან, რომ ტერაქტები ქაბულის აეროპორტთან მოხდა, სხვათა შორის, იმის გამოც, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს იმით, რომ ხდებოდა ჯარების ქაოტური გამოყვანა“, განაცხადა მაკკარტიმ.

ავღანეთში 15 აგვისტოს შემდეგ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო თალიბანმა.
31 აგვისტოსთვის აშშ-მა უნდა დაასრულოს ავღანეთიდან თავისი ჯარის, ასევე მოქალაქეებისა და ავღანელი მოკავშირეების გამოყვანა.