კარაქსის ქვესკნელი

„ანეტი“ ("Annette" 2021, საფრანგეთი, რეჟისორი ლეო კარაქსი)

როგორც გაირკვა, „ანეტის“ ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში დაგეგმილი არ არის. ლეპტოპებით უნდა დაკმაყოფილდეთ. ოღონდ ჩათვალეთ, რომ კომპიუტერის ეკრანზე მხოლოდ ნახევარს ნახავთ ფრანგული კინოს ახლა უკვე ცოცხალი კლასიკოსის პირველი ინგლისურენოვანი ფილმისა, რომლის მიზანი გარკვეული თვალსაზრისით სწორედ კინოდარბაზებში მაყურებლის დაბრუნებაა. ჩვენი თვალი გადაჩვეულია ასეთ კინოს. სამყაროც, რომელსაც კოვიდის გამო კინოდარბაზები დაუხურეს, გადაჩვეულია ასეთ კინოს. ის კი არა, შარშან კოვიდის გამო კანის კინოფესტივალიც კი ვერ ჩატარდა... ჰოდა, როგორი კარგი აზრი იყო ეს - მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის გახსნა „ანეტით“, ფილმით, რომელმაც ჩვენს თვალებს დიდი კინოს დანახვის უნარი უნდა დაუბრუნოს! სხვა საქმეა, რომ არასდროს არ გახსნილა კანის კინოფორუმი ტრაგედიით, კინოსგან ისედაც განდევნილი ჟანრის ფილმით. საოცრება მოხდა - ხალხი ზეიმობდა ფესტივალის გახსნას, წითელ ხალიჩაზე, ფესტივალის სასახლის წინ, მხიარულ ფრანგულ შლაგერებს გვასმენინებდნენ, ყველას უხაროდა, რომ შოუ, სანახაობა მაინც შედგა და ამ დროს, დარბაზში ამ ხალხს უჩვენეს ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიული ფილმი კინოს ისტორიაში, აღსავსე ზიზღით იმის მიმართ, რასაც შოუს და სანახაობას ვუწოდებთ.

და არამარტო შოუს მიმართ.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 9 წლის დუმილის შემდეგ კარაქსმა ავტობიოგრაფიული ფილმი გადაიღო, იხსენებენ რეჟისორის პირად ტრაგედიას: 2011 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მისი ცოლი და მუზა, კატია გოლუბევა (ერთი ვერსიით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მეორე ვერსიით - რუსი ოლიგარქების ძალადობის მსხვერპლი გახდა). მასთან კარაქსს ჰყავს ქალიშვილი, ნასტია, რომელსაც „ანეტი“ მიუძღვნა. განა ეს ინფორმაცია საკმარისი არ არის, რომ კარაქსის ახალ ფილმს ავტობიოგრაფიული ვუწოდოთ? რომ ოპერის მომღერალი ქალის, ენის და მისი კომიკოსი ქმრის, ჰენრის რომანტიკულ-სიურრეალისტურ ამბავში რეჟისორის დრამა და, თუ გნებავთ, დანაშაულიც დავინახოთ? იქნებ „ანეტი“ ლეო კარაქსის აღსარებაა? თავისებური „დანაშაული და სასჯელი“ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში? არა, დავაზუსტოთ - პანდემიის ეპოქაში?

ჩვენსავე დასკვნას თუ ჩამოვეკიდებით და ფილმში კარაქსის „დანაშაულის“ ძიებას დავიწყებთ (შესაბამისი ეპითეტებით - „რამხელა გმირობაა ამის აღიარება!“, „ეს ხომ კინოაღსარებაა!“, ანდა პირიქით, „კრიმინალური ნარცისიზმი“, „მასკულინური ძალადობრივი ენერგიის გამართლება“), სწორედ იმ პუბლიკას, ჟურნალისტებს, კრიტიკოსებს, თუ გნებავთ, ადამიანის უფლებების დამცველებს დავემსგავსებით, რომლებიც ასე სასტიკად არიან გაშარჟებულები კარაქსის ფილმში. ეპატაჟური სტენდაპ-კომიკოსის (ადამ დრაივერი) და ოპერის დივას (მარიონ კოტიარი) სიყვარულს ხომ ფილმში ძირითადად მედიის და პუბლიკის ცნობისმოყვარეობა კლავს; როცა საერთოდ არაფერი რჩება ინტიმური, როცა ყველაფერი გამოფენილია, ღიაა და გამჭვირვალე, სიყვარული კარგავს მთავარს - პირადს და იდუმალს.

ამბობენ, რომ სექსუალური აქტის სცენები ფილმში პროფესიონალი ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ გადაიღეს. დრო შეიცვალა. კარაქსი ტყუილად წერს ტიტრებში, რომ ფილმი სამ ადამიანს მიუძღვნა - ედგარ პოს, რენე მაგრიტსა და კინგ ვიდორს. ეგენი სხვა კულტურის შვილები არიან უკვე. დღეს კულტურას მორალის ინსტრუქტორები მართავენ. რასაც, სხვათა შორის, „ანეტის“ პრემიერის შემდეგ გამოქვეყნებული „პროტესტანტთა“ მოსაზრებებიც ადასტურებენ. ის ხალხი, ვინც კატეგორიულად არ მიიღო „ანეტი“, წერს, რომ ლეო კარაქსის ბუნტი არა მარტო შოუბიზნესის, არამედ Cancel culture-ის წინააღმდეგ, სინამდვილეში, მაყურებლისთვის თავის შეცოდების მცდელობაა და მეტი არაფერი (იქნებ შემთხვევით არაა ჩასმული „ანეტში“ ციტატა ფედერიკო ფელინის „ტკბილი ცხოვრების“ პროლოგიდან; საკუთარი თავის შებრალება და თვითტკბობა ტიპურია გვიანდელი ფელინისთვის.).

არა, მეგობრებო. არც მასეა საქმე. მიუხედავად ზოგიერთი დამთხვევისა, „ანეტი“ ვერანაირად ვერ იქნებოდა კარაქსის ავტობიოგრაფია (აქამდე მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებული) ერთი უბრალო მიზეზით - კარაქსი არაა ამ ფილმის სცენარის ავტორი და მას საერთოდ არ ეკუთვნის „ანეტის“ იდეა.

დაახლოებით 7 წლის წინ კარაქსს დაუკავშირდნენ ამერიკული მუსიკალური ჯგუფის, Sparks-ის სოლისტები, რონ და რასელ მეილები, რომლებმაც თავიანთი უკვე გამზადებული მიუზიკლის სცენარი შესთავაზეს:

„თავიდან მათ ვუთხარი, რომ ვერ შევძლებ ამ სურათის გადაღებას. პირადი განცდები არ მაძლევდნენ ამის უფლებას. ქალიშვილი მყავდა, რომელიც მაშინ 9 წლის იყო. მართალია, ძმებმა არაფერი იცოდნენ ჩემს ცხოვრებაზე, რაღაცები იყო სიუჟეტში, რაც ბავშვს გულს ატკენდა. თანაც, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთში, განა მე თვითონ მოვინდომებდი ასეთი ფილმის გადაღებას „ცუდ მამაზე“? მაგრამ მეც და ბავშვმაც ნელ-ნელა შევიყვარეთ ეს სიმღერები. იმდენად შევიყვარეთ, რომ ვუთხარი მათ - „თანახმა ვარ“.


სიმღერებიო! მჯერა, რომ მუსიკა მოეწონა და ამიტომ დათანხმდა. მუსიკა ხომ ყოველთვის დასამახსოვრებელია კარაქსის ფილმებში. უფრო სწორად, კინოხატებშია ასახული და თავიდან ცოცხლდება ეკრანზე. ასე შეიძინა ახალი სიცოცხლე, მაგალითად, დევიდ ბოუის სიმღერამ Time Will Crawl, რომელიც კარაქსმა „პონტ-ნოფის ხიდის შეყვარებულების“ მთავარ მოტივად გამოიყენა. ნიშანდობლივია, რომ კარაქსი, რომელმაც კინოში მოღვაწეობა MTV-ის დაბადების ეპოქაში დაიწყო, რომლის სტილში თავიდან ასევე კლიპების გავლენას ხედავდნენ, ფილმის მუსიკალური გაფორმების დროს ყოველთვის იყენებს განსაკუთრებით დასამახსოვრებელ (და ზოგჯერ პრიმიტიულ) მელოდიას, არ ეშინია გამეორებების, რომლებიც პერიოდულად უნდა ჟღერდეს ფილმის ხმოვან მთლიანობაში, რათა შემდეგ ეს მელოდია მაყურებელმა ამოიჩემოს. მას დიდხანს უნდა „გაჰყვეს“ სურათის ხმოვან-ვიზუალური სახეები... უფრო ეს სახეები, ვიდრე პერსონაჟები და ვიდრე ფილმში მოთხრობილი ამბები. საუნდტრეკიც ხომ ასეთი აქვს „ანეტს“ - მონოლითური ალბომი, რომელშიც კომპოზიციები ერთმანეთს იმდენად კი არ ცვლის, რამდენადაც ერთმანეთში მიედინება, თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა დაკრული და ნამღერი. „ბაროკო-პოპს“ უწოდებენ ხშირად Sparks-ის სტილს. „ბაროკო-პოპი“ უხდება „ანეტსაც“.

ეს ახალი არაა. კინოში ასეთი მუსიკალურ-სახიერი რომანების შექმნა თავიდან ჟაკ დემიმ დაიწყო. პირველად იყო მისი „შერბურის ქოლგები“ - უფრო ოპერეტა, ვიდრე მიუზიკლი, ფილმი, რომელმაც პრემიერის შემდეგ პირველ რიგში მიშელ ლეგრანის მელოდიით დაამახსოვრებინა ხალხს თავი. და კიდევ იმით, რომ მის პროლოგში მთლად... პროფილაქტიკაში მღერიან. პირველი გამოხმაურება „ანეტის“ შემდეგ დაახლოებით ასეთივე იყო - „We Love Each Other So Much“ აჩემებული სიმღერა და რეცენზიებში იმის აუცილებელი აღნიშვნა, რომ აქ ორალური სექსის დროსაც კი მღერიან. მაგრამ „ქოლგებთან“ ეს შედარება მაინც ხელოვნური გამოვა, როგორც კი გაგვახსენდება, როდისაა გადაღებული ჟაკ დემის სურათი. 1964 წელს! როცა ჟაკ დემის თაობა, მთელი ეს „სინემატეკის ვირთხები“ სერიოზული ბუნტისთვის ემზადებიან, როცა 68 წლის მაისამდე ძალიან ცოტა რჩება. „შერბურის ქოლგები“ სრულდება ერთგვარი ანტიჰეპიენდით, რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებელი აატირა - ბედნიერი ოჯახი შეიქმნა, მაგრამ ეს ბედნიერება ყოველთვის მოჩვენებითი იქნება, სანამ ადამიანები ოჯახებში დაიმალებიან, რათა როგორმე გადაირჩინონ თავი მარტოობისგან. „ანეტი“ სულ სხვა ეპოქის და სხვა თაობის ფილმია. ლეო კარაქსს უკვე არც „ჰეპი-ენდის“ სჯერა და არც „ანტი-ჰეპიენდის“. ის იღებს ტრაგედიას, რომელსაც, ისევე როგორც ბერძნებთან, ერთი მიზანი აქვს მხოლოდ - წყვდიადში შესვლა და იმის დანახვა, რაც ძალიან, ძალიან დამალული გვაქვს. შემთხვევით არ რჩება შთაბეჭდილება, რომ კარაქსის სურათი მეტისმეტად ბნელია, შემთხვევით არაა გადაღებული სცენების უმრავლესობა ღამით. თავიდან აქცენტი კეთდება მწვანე და წითელი ფერების მონაცვლეობაზე. მაგრამ მწვანე თანდათან განმსაზღვრელი ხდება ამ ფერადოვან გადაწყვეტაში, თანაც შხამიანი მწვანე. ზუსტად ისეთი, როგორიც ალბათ უმრავლესობას წარმოგვიდგენია ჯოჯოხეთი.

მაგრამ კინოც ხომ „სიბნელეა“? სიზმარია, ძილია, მთელი თავისი ზმანებებით.

„ანეტი“ არის ფილმი-დეტოქსიკაცია. თანაც, იკვლევს რა განსხვავებულად გამოვლენილი ძალადობის ანატომიას - დაწყებული შოუბიზნესით, დამთავრებული ქალისა და კაცის სექსუალური აქტით, კარაქსი არანაირად არ ერიდება ჩვენს მანიპულაციას. მეტიც, ამას ხაზგასმით აკეთებს. პირველ რიგში ეს განასხვავებს მას „ანეტის“ გმირისგან (თუ გნებავთ, ანტიგმირისგან), ჰენრისგან; ადამ დრაივერის პერსონაჟის მთელი სამუშაო იდიოტური, უხამსი ხუმრობების მოგონებაა, რათა სწორედაც რომ იდიოტი პუბლიკა გაამხიარულოს და გააცინოს. ჰენრი დასცინის და შეურაცხყოფასაც აყენებს ამ პუბლიკას, მაგრამ მაყურებელს ეცინება. როცა აფრთხილებ რომ ის, რასაც აკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ შოუა, პუბლიკა კმაყოფილია. ამ დროს ის მზადაა, შეურაცხყოფა და დამცირებაც აიტანოს. მან ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რაც სცენაზე ხდება, არაა მართალი.

საპირისპიროა ყველაფერი, რასაც ენი აკეთებს ოპერაში. ჰენრი, ცოტა არ იყოს დამცინავად, ამბობს, რომ მისი ცოლი მუდმივად კვდება სცენაზე. მაგრამ ეს დაცინვა უფრო შურია, რომელიც ადამ დრაივერის გმირს შინაგანად ხრწნის: აბა, რა არის ხელოვნება, თუ არა ეს სიკვდილი სხვაში? ჰენრი ამას ვერ ახერხებს. თანამედროვე ხელოვნება ამას ვერ ახერხებს! ჩვენ ვეღარ ვკვდებით გმირებში, ვეღარ თანავუგრძნობთ მათ. ჩვენ ფაქტობრივად წაგვერთვა უფლება, თანავუგრძნოთ, მაგალითად, თუნდაც ჰენრის მსგავს პერსონაჟებს. ხელოვნება იქცა მორალისტურ შოუდ, რომელიც ჩვენს თავს არ გვართმევს. გვტოვებს ჩვენს თავთან. ამიტომ აღარ აქვს მნიშვნელობა, სად ვნახავთ კინოს - ჩაბნელებულ დარბაზში, სადაც ყველა ერთად ზევით ვიხედებით, თუ ლეპტოპთან, სმარტფონებით ხელში.

სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებაში წონასწორობა ჰენრისა და ენის შორის დაცული არაა. არ ვიცი, ეს ჩანაფიქრია თუ მარიონ კოტიარი ვერ ერევა (უკვე მერამდენედ!) როლს და აფუჭებს ფილმს. საბოლოოდ მისი პერსონაჟი რჩება როგორც ბუტაფორია, როგორც ნიშანი, ყველა კლიშეთი, რაც საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა ხელოვნებაში - ქალი არის თავად სიწმინდე, უმანკოება, ღვათაებრიობა, ხსნა! ეს იდეალიზებული და, აქედან გამომდინარე, ბანალურამდე გამარტივებული ქალის სახე აფიქრებს ზოგიერთ რადიკალ ფემინისტს, რომ კარაქსს მსხვერპლი არ აინტერესებს, მას უყვარს მხოლოდ მოძალადე და მხოლოდ საკუთარი თავი.

უყვარს კი?

ადამ დრაივერი ხანდახან ძალიან სასაცილოა თავისი გიგანტური, ვეებერთელა სხეულით, რომლითაც ის არა მარტო აცინებს, არამედ კლავს კიდეც. ამ „უტრირებული მხეცის“ მიმართ ირონია ავტორს პერსონაჟთან დისტანციის შენარჩუნებაში ეხმარება. დიახ, ის დასდევს დრაივერის გმირს, ხშირად გვიჩვენებს ზურგიდან, უფრო ხშირად - დემონსტრაციულად ჩააცქერდება ხოლმე მის დაბერილ კუნთებს და წაგრძელებულ კიდურებს, მაგრამ მაქსიმალურად ერიდება გამოხატოს გარემო მისი თვალებით. ბოლოს და ბოლოს, „ანეტი“ ხომ არა მარტო სიყვარულის შეუძლებლობაზე გვიამბობს, არა მარტო გვახსენებს, რომ სიყვარული კლავს კიდეც... არა, „ანეტი“ გვიყვება იგავს იდენტიფიკაციის შეუძლებლობაზე და ამ შეუძლებლობის შედეგზე - ბავშვზე, რომელსაც მშობლები მარიონეტად აქცევენ. ანეტი - მშობლების შემოქმედების შედეგია, არტეფაქტია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს პროტესტს აცხადებს იმის გამო, რომ მარიონეტი იყო. რომელსაც აღარ უნდა, იყოს მარიონეტი. რამდენი ასეთი ზღაპარი წაგვიკითხავს ბავშვობაში! რამდენჯერ გვიტირია და გვიცინია სათამაშოებზე, რომლებიც ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან და გარბიან, რადგანაც ბეზრდებათ სათამაშოს სახით არსებობა.

წარმატების მოპოვების აკვიატებული იდეა უკვე აბსოლუტურად ყველაფერს ჭამს ჩვენს დროში. ამ იდეით ზრდიან ბავშვებს, ასწავლიან, რა გააკეთონ იმისათვის, რომ სხვებს აჯობონ. ბავშვები ემორჩილებიან. თუმცა ყოველთვის არა.

ნამდვილად გადაჭარბებულია კარაქსის ბიოგრაფიის როლი „ანეტში“, რადგანაც ამ ფილმის მთავარი გმირი არც ჰენრია და არც მისი ღვთაებრივი მეუღლე. თავად კარაქსი ხომ არ არის და არ არის. ამ ფილმის ნამდვილი გმირი ბავშვია. უფრო სწორად, ბავშვებს და შესაძლებელია მხოლოდ ბავშვებს მიმართავს კარაქსი.

კანის ფესტივალზე ის წარმოგვიდგინეს როგორც ჯადოქარი, შამანი, რომელიც სიზმარში ნანახი სახეებით, ზმანებებით აზროვნებს (და ზღაპრების კოდებით: ხის თოჯინა, მზეთუნახავი და გოლიათი, მზეთუნახავის სასახლე, რომელშიც ურჩხული შეაღწევს). სხვათა შორის, ეს აახლოებს კარაქსს გვიანდელ ფელინისთან. ეს ინფანტილიზმი და სასაცილოს, ლამაზის, სევდიანის, მახინჯის, უგემოვნოს, ტრაგიკულის, მერე ისევ ლამაზის, ისევ სასაცილოს გაერთიანების წარმოუდგენელი უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს, ეკრანი აქციოს მირაჟად, ჰალუცინაციად, ფეიერვერკად და ასე მისწვდეს ჩვენი არაცნობიერის ყველაზე ღრმა ადგილებს, ჩვენს ბავშვობას. კარაქსი არ ერიდება ერთსა და იმავე სცენაში ფოკუსის და კუთხის მუდმივ და მკვეთრ ცვლას, სტოპ-კადრებს და ციფრულ ექსპერიმენტებს. თუკი ეს კინო ფეიერვერკს ჰგავს, მაშინ ბოლომდე უნდა დაიწვას!

ფინალში უკვე აშკარა ხდება, რომ არსებითად „ანეტი“ ესაა რეფლექსია კინოზე და ამ შემთხვევაშიც ბავშვობაზე, კინოს ბავშვობაზე - კინგ ვიდორი, მურნაუ, ჟან კოქტო, ფელინი, ვინსენტ მინელი, ჟაკ დემი, ქშიშტოფ კიშლოვსკი... ყველა აქაა! მას შეიძლება არ უყვარს თავისი პერსონაჟები, ეს მოზრდილი არტისტები, თავიანთი დაბერილი კუნთებით, შეიძლება არ უყვარს ჟურნალისტები, რომლებსაც განუწყვეტლივ გაურბის (აბა, როგორ უნდა გასცეს პასუხი კითხვას - „რისი თქმა გინდოდათ ამ ფილმში?“)... შეიძლება არც ის აქტივისტები უყვარს, ქალების გუნდის სახით რომ წარმოგვიდგინა „ანეტში“, არ უყვარს „პროფესიონალი ინსტრუქტორები“... არ უყვარს კანის ფესტივალი, თავისი სპაიკ ლით და მილენ ფარმერით (წლევანდელი ჟიურის ყველაზე პოპულარული სახეებით), მას შეიძლება თავისი თავიც არ უყვარს, რადგან მიუხედავად ყველაფრისა მაინც ტრიალებს ამ წრეში და კანის ფესტივალის წითელ ხალიჩასაც არ ერიდება... მას აქვს უფლება, არავინ უყვარდეს! მაგრამ ორი რამ ძალიან უყვარს - ამათ არ დათმობს, ამათ სიყვარულს ვერასდროს დამალავს - უყვარს კინოხელოვნება და უყვარს ბავშვები!

„ბავშვს გულს ვერ ვატკენდიო...“, - ზუსტად ასე თქვა.