ირაკლი ღარიბაშვილის პროგნოზით, ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რადიკალურად დასტაბილურდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი მოელის, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიკდილიანობის და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ოქტომბერში რადიკალურად დასტაბილურდება. ამ ვარაუდს ის ამყარებს, ვაქცინაციის გზით გამომუშავებული და იმ იმუნიტეტით, რომელიც მოქალაქეებს ვირუსის გადატანით ჩამოუტალიბდათ. ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში გააკეთა მარტვილში ყოფნისას.

ეპიდემიოლოგების, ჩვენი ექიმების, მეცნიერების პროგნოზების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ სექტემბერი არის მეტ-ნაკლებად მძიმე თვე და გამოწვევები სწორედ ამ თვეში იქნება. ამას ემატება, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია და შეზღუდვები, რომელიც თან ახლავს ამ საარჩევნო კამპანიას და ოქტომბრის თვეში მოსალოდნელია სიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება სიტუაციის. მანამდე საზოგადოებას უკვე გამოუმუშავდება იმუნიტეტი - ზოგი ვაქცინით, ზოგი კიდევ, მოგეხსენებათ, მილიონ ადამიანს უკვე ალბათ, გადატანილი აქვს კოვიდი. 2 მილიონს ჩვენ თუ ავცრით და მილიონს უკვე გადატანილი აქვს ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაცილებით სტაბილური იქნება ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ეკონომიკა კი არ ჩავკეტოთ, პირიქით წავახალისოთ განვითარება, წინსვლა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ხელი შევუწყოთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკა ჩაკეტვებს ვერ გაუძლებს „აღარ გვინდა ვალების აღება, აღარ გვინდა ხალხის გამოკეტვა სახლებში, დეპრესია და ის საშინელი ნიჰილისტური დამოკიდებულება რომელიც ქვეყანაში იყო“,- დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა რომ COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილობის კლება ჯერჯერობით მოსალოდნელი ვერ იქნება.

"ჩვენ თუ შევხედავთ ორი კვირის წინ შემთხვევების რაოდენობას, პროგნოზულად აქედან 1,3% არის ჩვენთვის მოსალოდნელი პროპორციული რაოდენობა, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, უბრალოდ, მედიცინამ ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა ვერ მოძებნა, რომ ამის იქით სიკვდილობა შემცირდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

23 აგვისტოს დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა რომ მისი განმარტებით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების „კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე“.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 79 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს პირველ 25 დღეში COVID-19-მა 1208 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა.

24 საათში ჩატარებული 43 653 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4128 შემთხვევა.

26 აგვისტოს მონაცემებით

  • სულ ჩატარებულია 1 065 848 აცრა
  • 1 დოზით ვაქცინირებულია 734 112 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.7%
  • სრულად ვაქცინირებულია 331736 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.6%
  • 25 აგვისტოს აიცრა 26 700 ადამიანი