ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის ახალ ტალღას შემოდგომაზე ელოდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მეორე დღეა უშედეგოდ სრულდება ადგილობრივი ექიმების მცდელობა, გადაარჩინონ კოვიდპაციენტები, ორ დღეში 80 წლის ქალი და 87 წლის კაცი დაიღუპნენ.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი წინა ტალღისგან განსხვავებით საგანგაშო არ არის. მეორე ტალღის მთელი პერიოდის განმავლობაში, დე ფაქტო რესპუბლიკის საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა არ აღემატებოდა ოთხმოცდაათ ადამიანს, ხოლო ყოველდღიური ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იყო ცხრა. ოკუპირებული რეგიონის გარეთ, ბევრი სკეპტიკურად უყურებს კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა სტატისტიკას, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით აქამდე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და ყველას ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები ჰქონდა.

ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრე პლიევი, ეხო კავკაზასთან ინტერვიუში, ასეთ ზომიერ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ყველაზე მძიმე შტამებს ("ალფა" და "დელტა" ) მათთან ჯერ არ შეუღწევიათ ...

ამავე დროს, პლიევი ამბობს, რომ ცხინვალში არ არსებობს ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებელს გახდის ვირუსის შტამების გარჩევას. გარდა ამისა ექიმი მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, რომლებიც ხელს უწყობენ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციას:

„ჩვენმა ექიმებმა ისწავლეს როგორ უმკურნალონ კოვიდით ინფიცირებულებს. განისაზღვრა მედიკამენტების სპექტრი და მკურნალობის პროტოკოლები. დაგროვდა გამოცდილება. კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ ხალხი ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებულია პანდემიის ამ ტალღისთვის. ხალხი აღარ ვარდება პანიკაში. მათ უკვე მიაჩნიათ, რომ ეს დაავადება მათთან რჩება და დაწყნარდნენ. შესაძლოა ჩვენ უკვე გვაქვს მოსახლეობის პოპულაციური იმუნიტეტი. ჩვენი მოსახლეობა მცირეა, სწრაფად გადაიტანა დაავადება. ვფიქრობ, პირველი ტალღის დროს დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი იყო ავად, ასე რომ უნდა არსებობდეს მოსახლეობის პოპულაციური იმუნიტეტი ”. -ამბობს ალექსანდრ პლიევი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ის თითქმის მთლიანად შეჩერდა. ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის ფედერაციიდან შეტანილი ვაქცინის 1000 დოზა ჯერ მთლიანად გახარჯულიც არ არის. ეს ვაქცინა ცხინვალში აპრილიდან შეიტანეს. ამ დროისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის მონაცემებით დაახლოებით 900 ადამიანია აცრილი. ადგილზე არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ვაქცინაციის პროცესი განახლდება.

როგორც მე ვხედავ, ვაქცინაციის კამპანია მკვეთრად დაეცა. როგორც ჩანს, კოვიდ დისიდენტები იმარჯვებენ - ისინი ხალხს შთააგონებენ, რომ არ უნდა აიცრან. ვფიქრობ, ოქტომბერ-ნოემბერში იქნება მორიგი ტალღა. ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება “.-აცხადებს პლიევი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად ოსი ჟურნალისტები, დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრად სოსლან ნანიევის დანიშვნას მიიჩნევენ. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ ნანიევმა უკვე დაიწყო გარკვეული რეფორმები, მაგრამ ამას როდემდე შეძლებს არავინ იცის.

„მაგალითად ნანიევმა მედპერსონალი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ საავადმყოფოებიდან მედიკამენტების გადინება შეწყდეს. აქამდე მუშაობდა სქემა, რომელიც მედპერსონალს ხელის მოთბობის საშუალებას აძლევდა. ექიმები პაციენტების ნათესავებს სთხოვდნენ წამლების მიტანას, გაჭირვებული ხალხი კი აფთიაქიდან აფთიაქში დარბოდა და ბოლო კაპიკებს ხარჯავდა. ამ დროს ეს მედიკამენტები საავადმყოფოებს მარაგში ჰქონდათ, ეს მარაგები კი საავადმყოფოებიდან აფთიაქებში გაედინებოდა და ყველა ხელს ითბობდა, ახლა ნანიევმა საავადმყოფოებისთვის მიწოდებული წამლების მარკირება გადაწყვიტა და მკაცრი კონტროლი დააწესა, თუმცა ეს მაფია ალბათ სხვა რამეს მოიფიქრებს. ახალი მინისტრი ცდილობს, რომ რუსეთიდან ახალი კადრებიც მოიზიდოს, მაგრამ ეს არ გამოსდის. რაც შეეხება კოვიდვითარებას, ის მთლიანად ნებაზეა მიშვებული. არავინ არაფერს იცავს და ალბათ ახალი ტალღის დაწყება ჩვენთან დროის საკითხია. კორონავირუსის მძიმე შტამები ჩრდილო კავკასიას უკვე უტევს და ჩვენამდეც მოაღწევს.“ - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 4773 შემთხვევაში დაფიქსირდა, 4102 ადამიანი მოხსნილია ექიმის მეთვალყურეობიდან.