დანიელ ჭონქაძის 12 ნომერში მდებარე არტნუვოს სტილის სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. კედლებიდან და ჭერიდან ყოველდღე სახლის ფრაგმენტები ცვივა. ეს ისტორიული შენობა წლებია შეკეთებას ელოდება.
1914 წელს თბილისელ თამბაქოს მწარმოებელ, ნიკოლოზ ბოზარჯიანცს ის არქიტექტორ მიხეილ ოჰაჯანოვისთვის დაუკვეთავს და მშენებლობისთვის არც სახსრები დაუზოგავს. სახლის მოსაპირკეთებლად მასალა პარიზიდან და ვენეციიდან ჩამოუტანიათ.
1915 წელს შენობა საუკეთესო საცხოვრებელ სახლზე გამოცხადებული კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა იმის გამო, რომ პირველი ადგილის მფლობელი ვერ გამოავლინეს, მაინც საუკეთესოდ ჩაითვალა.
ამ შენობას მადამ ბოზარჯიანცის სახლს ეძახდნენ, გადმოცემის თანახმად, კომერსანტმა ქონების ხელყოფისგან დასაცავად სახლი მეუღლის სახელზე გააფორმა. თუმცა გეგმამ ვერ გაამართლა. 1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად, მაშინდელი გუდოვიჩის ქუჩაზე მდებარე სახლის ბინადრები წითელმა ელიტამ ჩაანაცვლა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანახმად, სწორედ ამ სახლს უკავშირდება რეპრესირებულის ქონების დაუყოვნებლივი ექსპროპრიაციის პრეცედენტი. 1923 წელს სხვა 14 ოფიცერსა და სამოქალაქო პირთან ერთად დახვრიტეს ჭონქაძის 12 ნომერში მცხოვრები გიორგი ხიმშიაშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ერთი პერიოდი ამ სახლში ლავრენტი ბერიასაც უცხოვრია.
კომერსანტ ნიკოლოზ ბოზარჯიანცის სახლი, რომელიც არტნუვოს სტილს განეკუთვნება, 1914 წელს აშენდა.
შენობის მოსაპირკეთებელი მასალა პარიზსა და ვენეციაში შეუკვეთეს. ეს კაფელი სადარბაზოს ყველა სართულს ამშვენებდა, თუმცა დღეს მხოლოდ პირველი და მეორე სართულის დასაწყისამდეა შემორჩენილი.
შენობის სადარბაზოს ჭერი კვლავაც ავთენტურია, თუმცა საკმაოდ დაზიანებული.
სახლის ბოლო სართულზე ულამაზესი ვიტრაჟია, თუმცა კედელს ორივე მხარეს დიდი ბზარი მიუყვება.
რადიო თავისუფლებას ჭონქაძის 12-ში დიზაინ ბიუროს დამფუძნებელმა ნია მგალობლიშვილმა უმასპინძლა. მან ამ სახლში ფართი 2016 წელს შეიძინა. მაშინ შენობა უკვე დაზიანებული იყო, თუმცა რადგან არავინ მოელოდა, რომ ისტორიულ შენობას უყურადღებოდ დატოვებდნენ, ყიდვა მაინც გარისკა. მისივე თქმით, დაახლოებით 2019 წელს გამგეობამ გასამაგრებელი პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულმა საინჟინრო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა და პროექტიც მომზადდა, თუმცა არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა.
ნიას თქმით, ერთ დღესაც შენობაზე რკინის კონსტრუქცია დახვდათ მიმაგრებული, ნაგებობის შესამაგრებლად.
რკინის კონსტრუქციით სცადეს შენობის გამაგრება დიზაინ ბიუროს თანამშრომლებმაც. თუმცა ყოველდღიურად რაღაც ცვივა ჭერიდან და კედლებიდან. რადიო თავისუფლებას კულტურის სპეციალისტმა ცირა ელისაშვილმა უთხრა, რომ იგი მოსახლეობასთან ერთადაა ჩართული მერიასთან კომუნიკაციაში და შენობას გულშემატკივრობს. როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, მერიას უარი არ უთქვამს შენობის რეაბილიტაციაზე, თუმცა არც მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებია. მისი აზრით, შენობას გამაგრებაც სჭირდება და რესტავრაციაც.
პირველივე ბზარს კარის შეღებისთანავე დაინახავთ.
დაზიანებული და დაბზარულია კიბეები.
როგორც რადიო თავისუფლებას მერიაში განუმარტეს, ეს სახლი წელს არ არის შეტანილი რეაბილიტაციის გეგმაში. შენობის მიმდებარედ კიდევ 7-8 სახლია გასამაგრებელი, ეს კი ქალაქის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის უფრო ზუსტად ეცოდინებათ, როდის მოვა ამ შენობის რიგი.