„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და მზად არის, ამ დისკუსიაში მონაწილეობაც მიიღოს. ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში არის უმძიმესი ეპიდემიოლოგიუირ ვითარება, რასაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეწირება, ამიტომ, მისი აზრით, დღეს საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს კოვიდთან ბრძოლა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენა:
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ და გავიმეორებ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. მეორე – ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით“.
გიორგი ვაშაძემ გაიხსენა გასული წლის არჩევნებიც, როცა ნოემბერ-დეკემბერში ასევე დრამატულად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.
„ამ ვითარებაში, როცა სამედიცინო სექტორი კოლაფსშია, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, როცა ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, 7 000 ადამიანი უკვე ემსხვერპლა კოვიდვირუსს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივიღოთ მონაწილეობა საერთო გადაწყვეტილებაში, საერთო დისკუსიაში არჩევნების ჩატარებასთან ან მცირედით გადავადებასთან დაკავშირებით. 2-3 კვირით არჩევნების გადადება ნამდვილად არ შეცვლის ვითარებას და გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი“.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არჩევნების თარიღი დანიშნა და პრეზიდენტის ადგილას ის არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება 2 აგვისტოს. არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასეთი ტიპის განცხადებებს ჰყავს პირდაპირი ადრესატი პრეზიდენტის სახით. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი, მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი არ ვარ“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.
ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გადადება ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია მზად არის ყველა ვარიანტისთვის, რადგან უპირველეს ყოვლისა მათ ინტერესში ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
არჩევნების შესაძლო გადადების საკითხი ასევე დააყენა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც, რომლის შეფასებით, როდესაც ქვეყანას დღეში კორონავირუსისგან 60-70 ადამიანი უკვდება, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. ხოლო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა საერთოდ არჩევნების ჩატარება.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შესაძლო გადადებას არ განიხილავენ.
„შარშანდელი გამოცდილებაც ამის დასტურია, რომ შესაძლებელია ერთდროულად საარჩევნო პროცესის წარმართვა ეპიდემიოლოგიური წინდახედულობის გათვალისწინებით. არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს ამ შემთხვევაში მიზეზი ასეთი განცხადებების და ასეთი იდეის გაჩენისთვის. შეიძლება ეს ოპოზიციისთვის იყოს რეალურად ერთგვარი მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად განწირულები არიან დამარცხებისთვის“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე.