დავით ზალკალიანი შარლ მიშელის განცხადებაზე - რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პოზიცია. შარლ მიშელი, რომელიც გუშინ კიევში არაფორმალურ ვითარებაში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, იმედოვნებს, რომ მიკროსაფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმების ერთგულებას აჩვენებს.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან არაფორმალურ ვითარებაში და იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. კიდევ ერთხელ იქნა ჩვენი მხრიდან დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რა რეფორმებზეც არის საუბარი 19 აპრილის შეთანხმებაში. იყო დადასტურებული, რომ ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ასევე ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგან რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი და ამ პროცესს ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით მომავალშიც და ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაში, იქნება საბოლოოდ შესრულებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი სიტყვებით, არაერთხელ იქნა გაცხადებული, რატომ იყო შეთანხმება ანულირებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრას და საქართველოს შეთანხმების ერთგულებას შეახსენებს, ამ კონტექსტში ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც საუბრობს.

ასევე ნახეთ შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ საფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმებების ერთგულებას აჩვენებს

კიევში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართა. ღარიბაშვილი და მიშელი ერთმანეთს ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

28 ივლისს, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.