ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს

კორონავირუსის საწინაღმდეგო ღონისძებების შესახებ ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს. ხელმომწერები მოქალაქეებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია. ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე", - ვკითხულობთ მიმართვაში.

როგორც ექიმები აღნიშნავენ, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს.

„იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება", - აცხადებენ ექიმები.

ხელმომწერი ექიმები სრულ თანადგომას გამოხატავენ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ. გარდა ამისა, მიმართვაში აღნიშნულია აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ:

  1. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.
  2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.
  3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.
  4. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება: a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
  5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.
  6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.
  7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.
  8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.
  9. აცრა არ იწვევს უშვილობას.
  10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
  11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.
  12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ.
  13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.
  14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.

ამავდროულად:

  1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს.
  2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა.
  3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის.

კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას გამოვეხმაუროთ საზოგადოების ნებისმიერ კითხვას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი,
  • ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია
  • რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი
  • მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი
  • მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სან-ხოსე, კალიფორნია
  • გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია
  • ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ
  • ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ
  • ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი
  • გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი
  • ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი
  • ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი
  • ქეთევან ლობჟანიძე, პარიზის ტრუსოს საავადმყოფო, საფრანგეთი
  • არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი
  • მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ
  • დავით მრელაშვილი, ექიმი ნევროლოგი, აშშ
  • ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია
  • ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია
  • ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი
  • ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
  • თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუ-ჯერსი, აშშ
  • ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო
  • ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ
  • თეა ბერულავა, Evotec SE, გიოტინგენი, გერმანია.