საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 23 აგვისტოს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.