ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა დაიცვა თავისი ადმინისტრაციის "ლოკდაუნის" სტრატეგია კოვიდ-19-თან დაკავშირებით და დაბეჯითებით განაცხადა, რომ ეს სტრატეგია მოქმედებაში იქნება მანამ, სანამ მოსახლეობის, სულ მცირე, 70 პროცენტი მთლიანად არ აიცრება, რადგან ინფიცირების შემთხვევები კვლავ სარეკორდო მაჩვენებლებს აღწევს.
კოვიდ-19-ის ძლიერად გადამდები „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების 914-მა შემთხვევამ 22 აგვისტოს ერთი დღის წინანდელ 894 შემთხვევას გადააჭარბა. "სულ ჩაკეტილი ვერ იცხოვრებ და რაღაც მომენტში, სიჩქარე უნდა შეცვალო და ეს 70 პროცენტისას კეთდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა სატელევიზიო ინტერვიუში ABC-სთან.
ფედერალური მთავრობა "ლოკდაუნებს" იყენებს, როგორც თავისი სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტს იმისთვის, რომ შეზღუდოს ინფექციის აფეთქებები, სანამ ვაქცინაციის დონე 70 პროცენტს მიაღწევს. საზღვრები ნელ-ნელა გაიღება, როცა ეს რიცხვი 80 პროცენტს მიაღწევს.
მაგრამ ზოგიერთი ჯგუფი ამ შეზღუდვით უკმაყოფილოა.
პოლიციამ ასობით ადამიანი დააპატიმრა 21 აგვისტოს საპროტესტო გამოსვლებისას შეზღუდვების წინააღმდეგ სიდნეისა და მელბურნში, სადაც „ლოკდაუნის“ მკაცრი წესები მოქმედებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 16 წლის ასაკის ზემოთ ავსტრალიელთა დაახლოებით 30 პროცენტი მთლიანად აცრილია.
სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში, პროტესტი უკვე, ერთმანეთის მიყოლებით, მეექვსე შაბათ-კვირას გრძელდება.
ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე 21 აგვისტოს ვაქცინაციის სამთავრობო პოლიტიკის წინააღმდეგ საფრანგეთის არაერთ ქალაქში, მათ შორის პარიზში.
დემონსტრანტებმა დაგმეს პრეზიდენტ მაკრონის მიერ შემოღებული "ჯანმრთელობის პასპორტის" სისტემა, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ზღუდავს აუცრელთა უფლებებს.
ამასობაში, იაპონიაში ხელისუფლება ემზადება ტოკიოს პარალიმპიადის დასაწყებად კორონავირუსის ინფექციის მზარდი რიცხვების ფონზე.
დაახლოებით 160 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან დაახლოებით 4400-მდე პარალიმპიელი ჩავიდა საასპარეზოდ. შეჯიბრებისას, რომელიც 24 აგვისტოს იწყება და 13 დღეს გასტანს, სპორტსმენების გარდა, 12000 თანამშრომელი, ოფიციალური პირი და ჟურნალისტები იმყოფება.
პარალიმპიელებს, ისევე, როგორც ადრე მათ ოლიმპიელ კოლეგებს, ყოველდღიურად უტარდებათ ტესტირება კოვიდ-19-ზე და მათთვის აკრძალული იქნება თავიანთი საცხოვრებლის ან ასპარეზობის ჩატარების ადგილების ფარგლებს გარეთ გასვლა.