საქართველო "ყირიმის პლატფორმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებელ სამიტში, რომელიც 23 აგვისტოს კიევში გაიმართება.

სამიტში მონაწილეობენ 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის - ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები.

წინასწარი ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაციით, მიწვევაზე თანხმობა მან ჯერ კიდევ 2 მარტს, უკრაინაში ყოფნისას განაცხადა.

სამიტი „ყირიმის ქარტიის“ ხელმოწერით დასრულდება.

რა არის „ყირიმის პლატფორმა“?

„ყირიმის პლატფორმას“ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების ინსტრუმენტად განიხილავენ. ახალი პლატფორმის კონცეფცია შემუშავებულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით.

უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ ეს იქნება უკრაინისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სამიტი, რომელიც, რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ, მსოფლიო დღის წესრიგში უკრაინის საკითხის აქტუალიზებას ისახავს მიზნად.


„უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს პოლიტიკური ნება - დააბრუნოს ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში, მისი დეოკუპაციის პირობით.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსეთს ჩაუვარდა „ყირიმის პლატფორმის“ განადგურების გეგმა და განზრახვა, რომ ყირიმის საკითხი დაავიწყდეს მსოფლიოს.

სამიტი შედგება და ის უკრაინისთვის უპრეცედენტო მასშტაბის იქნება...

სამიტი მხოლოდ დასაწყისია. 23 აგვისტოს მუშაობა კი არ დასრულდება, არამედ მხოლოდ დაიწყება. პლატფორმა შემდგომში იმუშავებს სამ დონეზე - მთავრობათშორის, საპარლამენტო და საექპერტო.

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტი მაგალითია იმისა, რომ უკრაინა არ უნდა იჯდეს და ელოდოს, ვიდრე მას ვინმე უშველის.

ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ინიციატივა, განვახორციელოთ პროექტები და ვიმოქმედოთ - ყოველთვის ამბიციურად, ზოგჯერ ქედმაღლურად“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 20 აგვისტოს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

კიევში ხაზგასმით აცხადებენ, რომ სამიტში მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები (ნატო, ევროკავშირი თუ სუამი) ავტომატურად ხდებიან „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებლები. შესაბამისად, დამფუძნებელი გახდება საქართველოც.

უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ძალების გაერთიანებით მოხერხდება რუსეთის იძულება, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით.

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტისთვის კიევი, უკვე დიდი ხანია, ემზადება.

23 ივნისს, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ საქართველო შეუერთდება „ყირიმის პლატფორმას“, მაგრამ „რა დონეზე“, ეს იმ დროისთვის ჯერ ისევ უცნობი იყო.

საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში 21 აგვისტოს ჩავიდა. 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, 21 აგვისტოს, მას უკრაინელი კოლეგა ლვოვში მასპინძლობს.

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს დელეგაციას ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. დახვედრის ტრადიციულ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი და სხვები.

  • ირაკლი ღარიბაშვილი, მასპინძლებთან ერთად, 21 აგვისტოს საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია და შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
  • საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრი ყოველწლიურად მასპინძლობს მსხვილ საერთაშორისო წვრთნებს, ნატოს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების მონაწილეობით.

22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს უკვე კიევში გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები: უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

ასევე ნახეთ ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრა ვაშინგტონში ერთი დღით გადაიდო

ღარიბაშვილისა და ზელენსკის შეხვედრა ყურადღებას იქცევს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის წინ. კიევში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არაფერი უშლის ხელს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრას, რომელიც 31 აგვისტოს იგეგმება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში დათბობა შეინიშნება. 19 ივლისს საქართველოს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციისა და „ასოცირების სამიტის“ ფორმატში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც სტუმრობდა.