არ ვიცნობდი, მაგრამ გული მიგრძნობს, ალბათ, ერთხელაც რომ მენახა, მეც ზაკოს დავუძახებდი.
თუ მკვდარი ასე გიყვარდება, ცოცხალზე როგორ იქნებოდა? ასე კი ისინი ეძახდნენ, ვისაც ზაირა არსენიშვილი ძალიან უყვარდა.
ყველაფერი ახლახან ხდებოდა, გუშინ. აქ იყო, ჩვენ გვერდით და, მაინც რა ცოტა რამ ვიცით მასზე, არა? იმიტომ, რომ თვითონ ყოფილა ასეთი. თავის თავზე ძუნწად მოლაპარაკე. რაც სათქმელ-მოსაყოლი ჰქონდა, ის კი წიგნებში დაწერა და ახლა ჩვენ-ჩვენი წილი ზაირას პოვნა იქ შეგვიძლია.
მაგრამ სოფომ კი მითხრა არსენიშვილმა, ზაირას უახლოესმა. მისი ბიძაშვილის, უფრო სწორედ, ძმას რომ უწოდებდა, იმ ზურაბ არსენიშვილის შვილმა, ზაირამ ყოველთვის იცოდა, რომ მის წიგნებს ბევრი მკითხველი ეყოლებოდაო. ეგ დროც მოვაო - თურმე, ამბობდა.
დღესაც, ასე შორიდან, მის ხელახლა აღმოჩენას, მაინც აქვთ თავისი ხიბლი - დგახარ მის ერთსართულიან, აგურის სახლთან თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე და მემორიალურ დაფაზე ზაირას შეჰყურებ.
და მერე, ვერაზეც დგახარ, მის თბილისურ სახლში, რომელიც ახლა ცარიელია, მაგრამ ჯერ კიდევ ზაირათია სავსე და მასზე მოყოლას ცდილობ. უნახავად, მაგრამ მის წიგნებში შესახლებული.
აქაც, ამ სახლში, ყველგან წიგნები და მუსიკალური ფირფიტებია. მარინა მეუბნება, მოდებაძე, მისი კარის მეზობელი, რომ სახლში თითქმის არაფერი შეცვლილა. ბოლო წლებში, ზაირას სიკვდილამდე მარინაც ამ სახლში ცხოვრობდა. ჩაკეტილი კარიც მან გაგვიღო და ზაირას ნაქონ სავარძლებს გადასაფარებელი შემოაძრო.
მარტო ამ ჭრელი ქსოვილით დაფარულმა სავარძლებმა გასცა სახლში მისი აღარყოფნაც. თორემ ისე, მისი საწერი მაგიდაც ადგილზეა. წიგნებით სავსე კარადაც და მის ვიტრინებში გამოფენილი ფოტოებიც ხელუხლებელია. იქვე დევს ზაირას ვიოლინოც. მისი ნახატების კოლექციაც და კედელზე გამწკრივებული საყვარელი მძივებიც.
სამკაულებიდან მხოლოდ მძივები უყვარდა. ფერად-ფერადი, უბრალო. აფიშებიც ადგილზეა. და თუ ცოტათი მაგიურობისაც გჯერა, მისი ენერგიაც.
ზაირას ამ ენერგიას, ამ სახლში, მთელი რვა წელი იყოფდა სოფოც, რომელიც იქ სტუდენტობის დროს ცხოვრობდა.
პირველი, რა გახსენდება-მეთქი, ზაირაზე.
და პასუხიც არ გამკვირვებია, ეს მის ყველა წიგნში იკითხება, წარმოუდგენელი ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც კი შეიძლება ადამიანს გაჩენის დღიდან ცხოვრების ბოლომდე აინტერესებდეს და ამ ინტერესს იკმაყოფილებდეს მარტო თანატოლებისგან კი არა, პატარებთან სრულფასოვანი დისკუსიითა და კამათით.
ასე იყო სოფოს შვილებთან, მეგობრების შვილებთან და შვილიშვილებთან. ამიტომ არავის გაჰკვირვებია მათი ცრემლები ზაირას დასაფლავებაზე.
ფანჯრის რაფების ქვეშ ყველგან ალბათ წლობით ნაგროვები მუსიკალური ფირფიტები აწყვია. კლასიკური მუსიკა იყო მისი ცხოვრების მთავარი ფონი. დიდი ხანია თავად აღარ უკრავდა, მაგრამ მოსმენით კი - განუწყვეტლივ.
თუ თავისი მუსიკის მოსმენა მოუნდებოდა, თან ზაირაც რომ არ შეეწუხებინა, სოფო კარს მიიხურავდა ხოლმე. ერთ საღამოსაც ასე ჰქონდა ჩართული „დორსები“, როცა ოთახის კარი ზაირამ შეაღო. ხომ არ შეგაწუხეო? სოფომ ჰკითხა. ზაირამ კი, ამ მომღერალს ძალიან კარგი ხმა აქვსო, უთხრა და მეტის გაგება მოინდომა.
ის საღამო ჯიმ მორისონზე ლაპარაკში გაატარეს.
ასე იყო ყველაფერში - განვითარება და ახლის მიღება არასოდეს მობეზრებია.
გარშემო, და ოჯახში უფრო, ყველამ იცოდა, რომ თუ სადმე საინტერესო რამეს ნახავდნენ ან ამბავს გაიგებდნენ, ზაკოსთვის უნდა მოეყოლათ.
ლამის ცალკე ჟანრად იქცა მათ ოჯახში ზაკოსთვის მოსაყოლი ამბები. მოყოლა კი - ტრადიციად. ის კი იწერდა და იწერდა და მერე ამ ამბებს თავის წიგნებში აცოცხლებდა.
ახლაც ხშირია ეს შეგრძნება, მეუბნება სოფო, რაღაცას ვნახავ საინტერესოს, ან გავიგებ და ვიცი, რომ ზაირას უნდა მოვუყვე. და მერე აღარ ვიცი ხოლმე რა ვქნა...
ერთი ამბავიც. მოდიან სოფო და ზაკო ქუჩაში. ნაცნობი ქალი შეხვდათ, ცოტა აბეზარი, რომელიც არა და არ გაჩერდა. თაკარა მზეა, ესენი კი გარეთ დგანან. ზაირა მოთმინებით უსმენს მოსაუბრეს. ვერაფრით გამოაშორა სოფომ, სანამ საუბარი არ დაამთავრეს. გეთქვა, რომ გვეჩქარებოდა და წამოვსულიყავითო. ზაირამ რა უპასუხა?
ხო, მაგრამ იცი, მაგ ქალმა კარგი ზმნების ხმარება იცისო.
ქართული ენა იყო მისი სტიქია.
და აბა, ერთი ვინმეს რამე დაემახინჯებინა. არ არსებობდა, არ შეპასუხებოდა და შეესწორებინა. „იმათმაო“, ვინმეს რომ ეთქვა, წნევა უწევდა - როგორ შეიძლება ნაცვალსახელის ბრუნებაო.
ბიძაშვილი, გია რომ გარდაეცვალა, პანაშვიდზე მსხდარან ოჯახის წევრები და ამ დროს ახლობლები მოსულან, ვინც საჭირო საქმეებში ეხმარებოდნენ. სუდარის ზომაზე დაუწყიათ მსჯელობა - ამდენი მეტრა ვიყიდოთ თუ იმდენი მეტრაო.
ცოტა კი ითმინა თურმე მგლოვიარე ზაირამ და მერე დაჰკრა მუშტი, მეტრი და არა მეტრაო!
თუ ენით ტკბობა შეიძლება, მისი ქართულის მოსმენა ყოველდღიური ტკბობა იყო. აინტერესებდა ყველაფერი, რაც ენას უკავშირდებოდა.
პრინცესა დიანას დაკრძალვის დღეს სოფოსთვის უთხოვია, ამა და ამ დროს გადმოსცემენ ტელევიზიით ცერემონიის პირდაპირ რეპორტაჟს, მაგ დროს მოდი და მითარგმნე, რა სიტყვებით გამოვლენო. ზაირა რომ არა, ის საღამო და ლედი დის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვები, ასე მკაფიოდ, სოფოს არც დაამახსოვრდებოდა.
სათქმელიც თქმაც პირდაპირი იცოდა.
როგორც ერთხელ სოფოს ამერიკელ მეგობარს მიუბრუნდა და...
თელავში იყვნენ, სახლის აივანზე. სოფო, ზაირა და პიტერი, მშვიდობის კორპუსის მოხალისე, რომელსაც ქართული ძალიან კარგად შეესწავლა.
მიუბრუნდა უცებ ზაკო და ეკითხება, პიტერ, გენაცვალე, შენ აქ, საქართველოში რას აკეთებ?
პიტერმაც, თანამედროვე ქართველების გავლენით წამოიწყო: მე ვმოღვაწეობ...
და აქ ზაირამ გააწყვეტინა.
არა, პიტერ, გენაცვალე, შენ არა მოღვაწეობ. მოღვაწეობდა აბრაამ ლინკოლნი! და ისიც არ იტყოდა მაგას თავის თავზე. შენა, მუშაობო.
ბოლომდე ეძებდა და აგროვებდა სიტყვებსაც, გამოთქმებსაც, ადამიანების ხასიათებსაც.
და კიდევ, თურმე თავის თავზე გაჯავრებაც სჩვეოდა.
წერდა ხოლმე ქაღალდის პატარ-პატარა ნაკუწებზე და მერე აერთებდა ამ ამბებს, მაგრამ თან, დროდადრო ამ ქაღალდებს კარგავდა ხოლმე. რატომ მემართება ასეო, მერე ეჩხუბებოდა თავის თავს, მაგრამ ეს ჩვევა ბოლომდე შერჩა. მაშინაც, როცა უკვე საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა. და უფრო გვიან, როცა კომპიუტერზე გადაჯდა, უკვე კომპიუტერს ეჩხუნებოდა ხოლმე, თუ რამე არ გამოუვიდოდა.
გიორგი ლობჟანიძემ თქვა მერე ერთხელ, ზაირას რომანები რომ წავიკითხე, თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზეო.
გიორგი და სოფო არსენიშვილი უნივერსიტეტის მეგობრები იყვნენ. ზაირას მისი სცენარებით კი იცნობდა, მაგრამ ასე პირისპირ თუ შეხვდებოდა და მთლად მის სახლში, ამას ვინ წარმოიდგენდა.
Your browser doesn’t support HTML5
ეს შეხვედრაც ბუნებრივად მოხდა - უნივერსიტეტიდან წამოსულები სოფოსთან შეივლიდნენ ხოლმე, ხან წასახემსებლად, ხან სამეცადინოდ.
რომ შეხედავდი, ეგრევე მიხვდებოდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იდგა შენ წინ, თვალები ჰქონდა ისეთი, თითქოს მთელი ცა დაჰქონდა ამ თვალებითო, გიორგი იხსენებს ზაირასთან შეხვედრის პირველ შთაბეჭდილებას.
გიორგის კადრად ახსოვს, ის და სოფო ლაპარაკობენ, ზაირა კი ზის თავის საბეჭდ მანქანასთან, ოღონდ არ აკაკუნებს, თითქოს პაუზა აქვს აღებული და გასცქერის ფანჯარაში რაღაცას, სადღაც შორს.
ასაკით კი გიორგიზე საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მალევე დამეგობრდნენ. მაშინ გიორგი ლობჟანიძემ ჯერ კიდევ არ იცოდა ზაირას რომანების არსებობის შესახებ, მხოლოდ ერთი მოთხრობა, „შაჰაბასა“ ჰქონდა წაკითხული. არც ზაირა ლაპარაკობდა დიდად მაშინ თავის წიგნებზე. სხვების წარმოჩენა კი გამორჩეულად უყვარდა.
ლანა ღოღობერიძის თარგმანები რომ გამოვიდა წიგნად, გიორგის გაუგზავნა, აბა, გიორგი, შენი აზრი ძალიან მაინტერესებსო. მანამდე გიორგისაც ეჩუქნა ზაირასთვის თავისი პირველი პოეტური კრებული. დიდად შეფასებები არ უყვარდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამ კრებულის ჩუქების მერე გიორგიმ სულ სხვანაირი ზაირა გაიცნო.
წლების მერე, „ვა სოფელო“ რომ პირველად დაიბეჭდა, მაშინ უთქვამს გიორგისთვის, რა კარგი იქნებოდა, ეს რომ სპარსულად თარგმნილიყოო, როგორ მიიღებდნენ ნეტა ირანში, აღმოსავლეთის ქვეყნებშიო... ეს ზაირასგან იმხელა რამე იყო, სურვილის ასე გამჟღავნება, რომ გიორგიმ „ვა სოფელოს“ თარგმნა დაიწყო. ზაირას სიცოცხლეში ვერ მოესწრო, მაგრამ იმედი აქვს, რომ აუცილებლად მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე. თარგმანისას რომ ურეკავდა, ცალკეული ფრაზების შესათანხმებლად და დასაზუსტებლად, ერთხელ უთქვამს, ეს წიგნი დიდი ადამიანური თავისუფლების წიგნია და თარგმანშიც ეგრე იგრძენი თავიო...
აი, ხო ისეთი რთული ცხოვრება გამოიარა, მამა 1937-ში გადაუსახლეს და დაუხვრიტეს სულ პატარას, რაზეც დეტალურად წერს კიდეც „ვა სოფელოშიც“ და „რეკვიემშიც“ იმ დროის ტერორზე, მაინც ბედნიერი იყო, მხიარული და ადამიანების უსაშველოდ მოყვარული.
ასევე ნახეთ „მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს“ - გვიან დაფასებული ზაირა არსენიშვილიასე ჰყვებიან, მაგრამ რომ არა სხვების მონათხრობი, ეს არც მის წიგნებში გამოგეპარებათ. უარყოფით პერსონაჟებსაც კი თითქოს უკეთესობის შანსს აძლევს.
გინახავთ ქვის დაბადება რიყეში? წარმოიდგინეთ, ქვიშის გროვა, კენჭები და ქვიშა, ბურთის მოყვანილობის, რომელიც ნელ-ნელა მოგორავს და თან წყლით მუშავდება, თან ჰაერით, მზით და ბოლოს მკვიდრ მასად იქცევა.
მე ზაირას აი, მაგას შევადარებდიო, - ასე დამიხასიათა თავისი ზაკო ზურაბ არსენიშვილმა, ზაირას უმცროსმა ბიძაშვილმა.
ერთად გატარებული ზაფხულებიც გაიხსენა, იყალთოში, მათი ბავშვობის სოფელში, პაპისეულ სახლში, შეუცვლელი ბედნიერების ადგილას, იყალთოს აკადემიასთან ახლოს, სადამდეც მათი საიდუმლო ბილიკებით მისვლა დღის მთავარი გასეირნება იყო ხოლმე.
მათი პაპა, გიო არსენიშვილი, რომელიც მერე გააკულაკეს, გლეხის შვილი კი იყო, მაგრამ შრომისმოყვარე და განათლების დამფასებელი - თავის ოთხივე შვილს, მათ შორის, ზაირას მამასაც უმაღლესი განათლება მიაღებინა.
პატარა ფიცრული სახლი ჰქონია და სულ საყვედურობდნენ ხოლმე, შეძლებული გლეხი ხარ, ცხვრის ფარა გყავს, საკირე გაქვს, წვრილმანების დუქანიც და ასე პატარა სახლი კი გაქვსო.
მისი პასუხი ყოფილა - დადგება დრო და ოთხი სახლი მექნებაო. იმ ოთხი შვილის განათლებაში ჩადო მთელი თავისი ინვესტიცია.
აი, იქ, იმ სახლში მიდიოდა მათი ბავშვობა. სახლის წინ რიყე იყო, მეორე მხარეს კი ფრიალო კლდე, მზისფერი, სადაც ძველი აკლდამები იყო შემორჩენილი და ეს გარემო მათ იქაურ ყოფას ზღაპრულ ელფერს აძლევდა.
ის შუქი, ის ხმები, ის სუნები, მეუბნება ზურაბ არსენიშვილი, ყველგანაა გაბნეული ზაირას რომანებში. სადა და ნათელი კვალი.
ასეთია ზაირა ჩემთვისაც, „არავითარი პუპრუჭანები, არავითარი ანაოჭ-ჩანაოჭებული აბრეშუმები, ტილო-თქო“... და კიდევ, აი, იყალთოს სახლიდან რომ თურმე ფრიალო კლდე მოჩანდა, მასზე დაცემული მზის შუქია ზაირა არსენიშვილი.