ქართველების მოლოდინი ავღანეთში და სახიფათო გზა აეროპორტამდე
საქართველოს 16 მოქალაქე ისევ ავღანეთის დედაქალაქში რჩება. ისინი კერძო კონტრაქტორები არიან, რომლებიც თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დროს ავღანეთში იმყოფებოდნენ, მას მერე კი 5 დღეა, აეროპორტამდე მისვლას და საქართველოში დაბრუნებას ელიან.
ქვეყანა უკვე დატოვა და თბილისში დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქაბული უკვე დატოვა საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან და სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. მათ ევაკუაციაზე ბრიტანულმა კომპანიამ იზრუნა, სადაც ისინი მუშაობდნენ. დანარჩენები კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ უსაფრთხოდ მისვლას ჰამიდ ყარზაის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათი ევაკუაციისთვის პირველივე უსაფრთხო შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.
ამასობაში კი ვითარება ქაბულში სულ უფრო რთულდება. აეროპორტისკენ მიმავალ გზებს თალიბანი აკონტროლებს. ადგილობრივებისა და თვითმხილველების ცნობით, ქუჩებში განლაგებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, თალიბები საათობით ჩხრეკენ ავტომობილებს - იარაღს ეძებენ. ისინი განსაკუთრებით ინტერესდებიან მობილური ტელეფონებით - იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა მათ მფლობელებს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
რა ვითარებაში უწევთ საქართველოს მოქალაქეებს ყოფნა ევაკუაციამდე, წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ასევე ნახეთ აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავები ქაბულის თავზე დაფრინავენ ევაკუაციის უსაფრთხოებისთვის
გონიოს პოლიგონი - ადგილი კაზინოებისა და ბანკებისთვის, თუ მსოფლიო მნიშვნელობის, დასაცავი ტერიტორია?
„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი“, - ეს განზრახვა, რომელიც არსებითად სიახლე არ არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას აცნობა გონიოს ციხესთან, 17 აგვისტოს შეკრებილ მოქალაქეებს.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, გონიოში, საბჭოთა პერიოდიდან არსებული სამხედრო ბაზა და 308 ჰექტარზე გაშლილი პოლიგონი რუსულმა ჯარმა 2005 წელს დატოვა. ამის შემდეგ, ყოფილი პოლიგონის ტურისტულ, საკურორტო ადგილად გადაქცევა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოინდომა, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მთავრობამ, სადაც ასეთ გეგმასა და შესაბამისი კონცეფციის მომზადებაზე 2021 წლის აგვისტომდეც ლაპარაკობდნენ.
შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე, სადაც მდინარე ჭოროხი ზღვას უერთდება, გადამფრენი ფრინველების უმნიშვნელოვანესი დერეფანი მდებარეობს. წლის განმავლობაში აქ მილიონზე მეტი სხვადასხვა სახეობის ფრინველი იკრიბება, სანაპიროზე ისვენებს და შემდეგ გზას აგრძელებს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები სწავლობენ ფრინველების მიგრაციას. ყოველწლიურად ტარდება ჩიტებზე დაკვირვების ფესტივალიც.
გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, სხვა ადგილებთან ერთად, ქმნის ბათუმის 10-კილომეტრიან „სამიგრაციო ძაბრს“, რომელიც გადამფრენ ფრინველთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გვეუბნება, რომ ფრინველთა მიგრაციის რუკაზე ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ადგილია, თუმცა, საქართველოში მას ნაკლებად იცნობენ. მისი თქმით, აუცილებელია მიგრანტი ფრინველების დაცვა. დაცვა კი, როგორც ზურაბ ჯავახიშვილი გვეუბნება, ნიშნავს ამ ტერიტორიის ხელშეუხებლად შენარჩუნებას.
წაიკითხე მეტი ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.
სად არიან ექთნები 1600-ლარიანი ხელფასით?
„ექთნის ხელფასი, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში, 1400-დან 1600 ლარამდე მერყეობს“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 18 აგვისტოს. ისიც თქვა, რომ „ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა“-ო. კოვიდკლინიკებში დასაქმებულ ექთნებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება ამ განცხადების შემდეგ ელაპარაკა, არც 1400 ლარი აქვთ ხელფასი და არც 1600. მათი სამუშაო გრაფიკი ყოველ მეორე დღეს, 24-საათიან მორიგეობას გულისხმობს და ამ გრაფიკით, მათი თვიური შემოსავალი 800-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ესეც მას შემდეგ, რაც მთავრობის გასული წლის ოქტომბრის დადგენილებით, კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების საათობრივი შემოსავალი არანაკლებ 3 ლარით განისაზღვრა. არაკოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ყოველთვიური შემოსავალი კვლავ 400 ლარის ფარგლებში მერყეობს.
კოვიდკლინიკებში ექთნების სამუშაო იმდენად მძიმე და სტრესულია, რომ 23 წლის ნინო, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა:
„რამდენიმე დღის წინ წამოვედი კლინიკიდან. წარმოუდგენლად მძიმე შრომა გვიწევს ექთნებს. როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი. კადრები არ იყო საკმარისი და ამიტომ ყოველ მეორე დღეს მიწევდა მორიგეობა. სამი თვე ვიმუშავე კოვიდგანყოფილებაში. ზოგადად, ექთნების ანაზღაურება საათში 2 ლარამდე იყო. კოვიდგანყოფილებებში მომუშავე ექთნებს დანამატები გაგვიკეთეს და სადღაც 800-1000 ლარის ფარგლებში გამომდიოდა. თუმცა დატვირთვა იყო ძალიან მძიმე და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სამუშაო“.
რას ჰყვებიან ექთნები - წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში გუშინ COVID-19-ით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა, რაც თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ეს მაჩვენებელი საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, მომდევნო დღეებში გარდაცვალების შემთხვევებმა შესაძლოა, ისევ მოიმატოს, რადგან რეანიმაციულ განყოფილებებში მძიმე პაციენტები არიან და, ამასთან, სიკვდილიანობა ახლად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან რამდენიმე ხნის შემდეგ იმატებს.
„ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, გარდაცვალება არის შემთხვევების ერთ პროცენტში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად თუ ხუთი ათასი ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის ორმოცდაათი. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, 5-თვიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთაგან მხოლოდ ერთეულები მოხვდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც, მისი სიტყვებით, ვაქცინის ეფექტიანობას მოწმობს.
დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი არ გამორიცხავს თალიბანის პოლიტიკურ აღიარებას
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი უშვებს თალიბანის მოძრაობის პოლიტიკურ აღიარებას. მან ასეთი განცხადება გააკეთა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. ე.წ დეპუტატმა თალიბანის დაბრუნებას „ტრიუმფალური" უწოდა და ავღანეთიდან აშშ-ის გასვლა, მისი თქმით, გულისხმობს სამხრეთ აზიის გეოპოლიტიკური სივრცის რადიკალურ ცვლილებას, რაც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ასევე კავკასიაზე.
„ალანიის სახელმწიფოს მიერ თალიბანის ცნობის საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გონივრულად და პრაგმატულად გამოიჩენს თავს ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კვლავ აღიარებს თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. ასეა რუსეთშიც“, - აცხადებს სანაკოევი. მისი აზრით, თუ რეზოლუცია შეიცვლება და რუსეთიც სხვაგვარად შეხედავს თალიბანს, საკითხი უკვე სხვა ჟღერადობას მიიღებს.
რუსეთის მედიის ზედამხედველობის სამსახურმა კვლავ დააჯარიმა რადიო თავისუფლება
რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, როსკომნადზორმა, ქალაქ მოსკოვის ტვერის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა 130 ჯარიმის შემცველი, ახალი ოქმები, შედგენილი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსეთში წარმომადგენელი ფირმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების და მისი გენერალური დირექტორის მიერ ჟურნალისტური პუბლიკაციების მარკირების წესის დარღვევის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლება აჯარიმებს რადიო თავისუფლებას და მის ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, ასევე რთე/რთ-ის სხვა რუსულენოვან პროექტებს კანონმდებლობის ცალკეული - ე.წ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების - „უცხოეთის აგენტების“ შესახებ - დადგენილებების შეუსრულებლობის გამო.
ბობ დილანს 12 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ამერიკელ მუსიკოსსა და პოეტს, ბრალს სდებენ სექსუალურ შევიწროებაში. ქალი ინიციალებით J.C. (ჯეი სი) ამტკიცებს, რომ დილანი მასზე 1965 წლის აპრილ-მაისში, ნიუ-იორკში, საკუთარი სასტუმროს ნომერში ძალადობდა. თვითონ მაშინ 12 წლის იყო, მუსიკოსი კი 24-ის.
ბრალდების თანახმად, დილანმა „გამოიყენა მუსიკოსის სტატუსი საიმისოდ, რათა დაემყარებინა ემოციური კავშირი გოგონასთან, მისთვის ალკოჰოლი და ნარკოტიკები მიეწოდებინა და მასზე რამდენჯერმე სექსუალურად ეძალადა”.
ბრალდებებს უარყოფს ბობ დილანის წარმომადგენელი. მისი ბიოგრაფი, კლინტონ ჰეილინი კი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან 1965 წლის აპრილ-მაისში მუსიკოსი ნიუ-იორკში თითქმის არ იყო ხოლმეო.
როგორ (ვერ) გადავიტანეთ „აგვისტოს პუტჩი“
30 წელი გავიდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა „აგვისტოს პუტჩის“ სახელით. 1991 წლის 18 აგვისტოს, ფოროსის აგარაკზე ბლოკირებული საბჭოთა კავშირის (სსრკ) პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადაყენებულად გამოაცხადა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა - ГКЧП-მ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები. პუტჩის ორგანიზატორებმა მიხაილ გორბაჩოვის შემცვლელად დაასახელეს ГКЧП-ის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, გენადი იანაევი.
19 აგვისტოს ჯარი გამოჩნდა მოსკოვისა და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების ქუჩებში, კომიტეტის მიერ გავრცელებული მიმართვიდან გაირკვა, რომ აპირებდნენ სსრკ-ს დაშლის შეჩერებასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. „შთამბეჭდავი“ იყო ГКЧП-ს მიერ გამოცემული N1 დადგენილება, რომლითაც:
- დაშლილად გამოცხადდა ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურები, გასამხედროებული ფორმირებები, რომელთა არსებობა ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას
- შეჩერდა იმ პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ვითარების ნორმალიზებას
- შეიზღუდა შეკრების, დემონსტრაციისა და გაფიცვის თავისუფლება
- მედიას დაუწესდა ცენზურა
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
თალიბანი ირწმუნება, რომ ქალების უფლებები დაცული იქნება „ისლამის ჩარჩოების ფარგლებში“, თუმცა ავღანელი ქალები ამ დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ.