აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავები ქაბულის თავზე დაფრინავენ ევაკუაციის უსაფრთხოებისთვის

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს ქაბულის აეროპორტთან მოგროვილი მანქანები და ხალხი, 19 აგვისტო, 2021 წელი

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები ქაბულის თავზე დაფრინავენ, რათა უზრუნველყონ ქაბულის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაციის უსაფრთხოება, განაცხადა 19 აგვიტოს პენტაგონმა.

პენტაგონის წარმომადგნელმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ „სამხედრო თვითმფრინავები არ დაფრინავენ „დაბლა“, არამედ მათი ამოცანაა „მეთვალყურეობა“.

აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორმა, უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილია არაერთი გეიტი და დღემდე ევაკუირებულია შვიდი ათასი პირი. მისი თქმით, ახლა ადგილზეა აშშ-ის 5200 სამხედრო, რომლებიც გუშაგობას უწევენ ევაკუაციის სამუშაოებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ სანამ ყველა ამერიკელი არ იქნება ევაკუირებული, ამერიკის სამხედროები იქ დარჩებიან თუ საჭირო იქნა 31 აგვისტოს, ჯარების გაყვანის ვადის გასვლის შემდეგაც.