ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზურაბ ზვიადაური

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველებმა გირაოს (50 000 ლარი) შუამდგლომლობა დააყენეს. პროკურატურა ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას არ დაეთანხმა იმ არგუმენტით, რომ თუ ის გათაივსუფლდებოდა, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე.

ზვიადაურს ასევე თავდებში დაუდგნენ სპორტსმენები: ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის გადმოწევა ზვიადაურის ადვოკატებმა მოითხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს.

ადვოკატების ინფორმაციით, პროცესის დაჩქარების მიზეზი ის იყო, რომ 19 აგვისტოს ზვიადაურის ძმის დაკრძალვაა დაგეგმილი, რომელზე დასწრებაც თავად ყოფილ დეპუტატს სურს. ამისთვის საჭირო იყო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ემსჯელა. ზვიადაური ორ შემთხვევაში შეძლებდა დაკრძალვაზე დასწრებას, თუ გაათავისუფლებდნენ ან პატიმრობაში დატოვებდნენ. ამ შემთხვევაში მას დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, ბადრაგის თანხლებით მიიყვანენ. პროცესის გამრთვამდე მისი სტატუსი არ აძლევდა დაკრძალვაზე მისვლის შესაძლებლობას.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება.