„20 კილომეტრს ფეხით გავდივარ“ - რატომ ძვირდება ტაქსი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს?  

მას შემდეგ, რაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა , ტაქსების ფასები განუხრელად იზრდება. მას, ვისაც ქალაქში მოძრაობა ყოველდღიურად უწევს, ამბობს, რომ ახლა მგზავრობაში ჩვეულებრივზე 2-3-ჯერ მეტს ხარჯავს.

ირმა ნაძალადევის მეტროსთან ცხოვრობს. ყველაზე ხშირად სწორედ მეტროთი დადიოდა, მაგრამ ახლა იძულებულია ტაქსი გააჩეროს. თან მისი მარშრუტი მხოლოდ „სამსახური-სახლი“ არ არის. იმის გამო, რომ დღეში რამდენიმე ადგილას სჭირდება მისვლა საგრძნობლად ბევრს ხარჯავს.

„ბეჟანიშვილის ქუჩიდან სადგურამდე 8 ლარი გამომართვა ტაქსიმ, მანამდე მხოლოდ 2.5 ლარს წერდა ხოლმე. 30 ლარი დავხარჯე ერთ დღეს, რაც ჩემთვის სრული კატასტროფაა. თან შვილებიც ტაქსით დადიან. ამაზე სულ ვლაპარაკობთ სახლში, მაგრამ ჯერ გამოსავალი ვერ ვნახეთ. კომპანიებმა იმის მაგივრად, რომ ხალხის მდგომარეობა გაითვალისწინონ, ფასებს ასამმაგებენ“, - ყვება ირმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო 14 აგვისტოს დაწესებული შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ტაქსის კომპანია „ტაქსი გოუ“ -ს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი დათო კუპატაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შეზღუდვები დაწესდა ტაქსიზე მოთხოვნა 5-ჯერ მაინც გაიზარდა.

„ჩვენ ფიზიკურ პირებზე არ ვმუშაობთ, ამიტომ ფასები დიდად არ შეგვიცვლია, მაგრამ კონკურენტმა კომპანიებმა ძალიან გაზარდეს. ერთ -ერთ კომპანიას გლდანიდან-დელისამდე პიკის საათში 60 ლარი ეწერა, ვარკეთილიდან - ვაჟამდე - 40 ლარი. ჩვენც განვიხილავთ ფასების გაზრდას, მაგრამ არა ისე, რომ ტაქსი ვეღარ გამოიძახო. ფასების მატება მძღოლის შესანარჩუნებლად გვიწევს, რომ სხვა ისეთ კომპანიაში არ გადავიდეს, სადაც მაღალი ფასებია“.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო ორი დღეა აქციებს მართავს პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“. ერთი აქცია „კახა, გამოგვიძახე ტაქსი“ მერიასთან მოეწყო, მეორე - „ირაკლი, გამოგვიძახე ტაქსი“ - კანცელარიასთან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და გაიზარდოს მაგალითად ავტობუსების რაოდენობა, მგზავრებისა კი გაკონტროლდეს.

„მუნიციპალურ ტრანსპორტში რეგულაციები არ იყო დაცული. პირბადის ტარებას არავინ აკონტროლებდა, შეუზღუდავი რაოდენობის მგზავრებს უშვებდნენ, არ იცავდნენ დისტანციას. ასე მართლა დიდი რისკია კოვიდი გადაედოს ადამიანს. მაგრამ ეს პროცესი უნდა ემართათ, ისე როგორც ეს ევროპაში ხდება და შეზღუდვების საჭიროება არ დადგებოდა“, - ამბობს პარტიის წევრი ნინო წულაძე.

აქციის მონაწილე 23 წლის მიხალის ირემაძე კი ყვება, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ყოველ დღე ფეხით დადის, რადგან არც სამსახური აქვს, არც შემოსავალი და არც ტაქსიში გადასახდელი ფული.

მიხალის ირემაძე აქციაზე

„თბილისში უამრავი ადამიანი, მათ შორის სტუდენტები ვეღარსად დადიან, რადგან გაორმაგებული და გასამმაგებულია ფასები. თუ ადრე 5 ლარს ვიხდიდი ტაქსიში, ახლა 10 უნდა გადავიხადო. მე ლოტკინიდან მარჯანიშვილამდე 20 კილომეტრს ფეხით გავდივარ, მაგრამ ვინც ახალგაზრდა არაა, უჭირს სიარული, თან ამ სიცხეში“.

მისი თქმით, მთავრობა ფასების რეგულირებაში ვერ ჩაერევა, მაგრამ თვითონ ტაქსის კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ ხალხს 2-3-ჯერ მეტის გადახდა არ მოსთხოვონ.