შევსებული ვაკანსიები და მაინც საკადრო დეფიციტი დე ფაქტო ჯანდაცვაში

ცხინვალი

ოსური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ დანიშნულმა ე.წ ჯანდაცვის მინისტრმა ომი გამოუცხადა თანამდებობების შემთავსებლებს, იმ ადამიანებს, ვინც ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე მუშაობს. 

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა სპეციალისტების დაუსაქმებლობის მთავარ მიზეზად, სამსახურების შემთავსებლები დაასახელა. მისი თქმით რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდები სამსახურს ვერ შოულობენ, იმიტომ რომ ყველა ვაკანსია უკვე დაკავებულია და ამის გამო უკან რუსეთში ბრუნდებიან. ამ დროს კი ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო კადრების დეფიციტია. ცხინვალელი ექიმები ამ კრიტიკას ცალმხრივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ნანიევმა ისიც აღნიშნა, რომ სამინისტრომ ჩატარებული შემოწმების შემდეგ ასეთი 150 პირი აღმოაჩინა. დე ფაქტო მინისტრის თქმით უწყება შრომის კოდექსის მიხედვით იმოქმედებს და შემთავსებლებს, მხოლოდ ერთ სამსახურში დარჩენას შესთავაზებს.

დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ პრიხოდკომ ჯანდაცვის სფეროში არსებული ის სქემა გაშიფრა, რომლის მიხედვით ყველა ვაკანსიის შევსების მიუხედავად ჯანდაცვა მაინც კადრების დეფიციტს განიცდის. მისი სიტყვებით, სურათი ასე გამოიყურება. რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტებში სწავლის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებისთანავე, ახალგაზრდა ექიმები ვერ პოულობენ სამუშაოს, რადგან ყველა პოზიცია უკვე დაკავებულია სამუშაოს შემთავსებლების მიერ, ამიტომ ეს ახალგაზრდები ისევ რუსეთში მიემგზავრებიან. ადგილზე კი სავალალო მდგომარეობაა - არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი და მომსახურების ხარისხიც დაბალია, პირველ რიგში პროფესიონალების დეფიციტის გამო.

„აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი: ერთ ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად შეასრულოს რამდენიმე სამუშაო. ალბათ შესაძლებელია იყოს ქირურგი, ამავდროულად ანესთეზიოლოგი და სხვა თანამდებობაც ეკავოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოვალეობები კარგად შეასრულოს. ჩატარებული შემოწმების შემდეგ არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. ჩვენ ვთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რამდენიმე თანამდებობა და სამსახური, გადაწყვიტონ, რომელ თანამდებობაზე სურთ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ” -განაცხადა ალექსანდრ პრიხოდკომ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის ალექსანდრ პლიევის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ბიბილოვის დავალებით, მოსკოვს აჩვენებს, რომ სამსახურების შემთავსებლებს და ვაკანსიებზე გაფორმებულ მკვდარ სულებს ებრძვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალექსანდრ პლიევი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროს პრობლემების ახსნა იმით, რომ სამედიცინო პერსონალი სარგებელს იღებს რამდენიმე განაკვეთიდან, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა. დე ფაქტო რესპუბლიკაში სულ 1770 მედპერსონალია. აქედან დაახლოებით 380 ექიმია. ეს არის შტატით, მაგრამ რეალურად ბევრად ნაკლებია- უთხრა ალექსანდრ პლიევმა „ეხო კავკაზას.“

მაგალითად, ჩვენ გვჭირდება 23 ექიმი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ გვყავს 6. გესმით რამხელა დატვირთვით მუშაობენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები? ჩამობრძანდით, მიგიღებთ სამსახურში, მაგრამ არ არიან ექიმები, თუ ჩამოვლენ აქაური ექიმები სიამოვნებით გაუზიარებენ სამსახურს. მაგრამ ექიმები არ მოდიან. ისინი არც რუსეთშია საკმარისი. ნებისმიერ კლინიკაში იპოვოთ ვაკანსიებს, რადგან სპეციალისტები ნამდვილად დეფიციტია. მაგალითად, ჩვენ არ გვყოფნის საბავშვო ქირურგები, არ გვყოფნის პულმონოლოგები და ასე შემდეგ.“

რაც შეეხება პერსონალის დეფიციტს, ალექსანდრ პლიევი იზიარებს დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების შეშფოთებას, მაგრამ ამავე დროს, ექიმის აზრით, მხოლოდ გამჭვირვალე კონკურსი ვაკანსიების შესავსებად საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა. სახლში დაბრუნებულ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული ზრდისა და სტაჟირების შესაძლებლობა რუსულ კვლევით ცენტრებში.

კარგი ხელფასის გარეშე არავინ ჩამოვა. სხვათა შორის, ჩვენი რეანიმატოლოგები მუშაობენ ორ-სამ განაკვეთზე და იღებენ 60-70 ათას რუბლს. (დაახლ. 3000 ლარი) ამიტომაც მუშაობენ. და თუ მათ მხოლოდ 35 ათასიან სამსახურში დატოვებ, მაშინ ადგებიან და წავლენ რუსეთში. რატომ არ არის ეს გათვალისწინებული? ახლა ჩვენ კვლავ გვაქვს პრობლემები კოვიდგანყოფილებებში მომუშავეთა ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით. სამედიცინო მუშაკები კვლავ უკმაყოფილონი არიან, ისინი ბევრს მუშაობენ. თუ არ იქნება სერიოზული ხელფასის შეთავაზება, ახალგაზრდები აქ არ ჩამოვლენ 30-50 ათასზე რუბლზე სამუშაოდ. ნახეთ რუსული კლინიკების წინადადებები - ისინი წითელ ზონაში რეანიმატოლოგებს 300 ათასს უხდიან. ”

დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა ვაკანსია, რომ შევსებულია და ამავე დროს კადრების დეფიციტიცაა, ამის შესახებ კარგად იციან ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა. რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ არის გასაწმენდი.

„მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში კი არა, ყველა სფეროში ასეა, ყველა ვაკანსია ან შემთავსებლებს ან მკვდარ სულებს უკავიათ. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა. კომუნალურ სამსახურებში, ადმინისტრაციებში , ყველგან, ყველგან შტატები გაბერილია, მოხელეების ნათესავები ისე არიან დანიშნულები, რომ არც დადიან სამსახურებში, ზოგან მკვდარი სულებია გაფორმებული და ეს ფული მოხელეების ჯიბეებში მიდის. ბიუჯეტიდან კი დიდი თანხა იხარჯება, როგორც ჩანს მოსკოვმა ყველაფერი იცის, ამდენი ფულის ხარჯვამ შეაშფოთათ. ჩვენი ბიუჯეტის 90 პროცენტი რუსული ფულით ივსება და ასე არამიზნობრივად იხარჯება, როგორც ჩანს იქიდან შენიშვნა მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ და ახლა ქმნიან ილუზიას, რომ შემთავსებლებს ებრძვიან, არადა ეს შემთავსებლები მთავრობის წევრების ნათესავები არიან და ყველაზე კარგად მათ იციან ამის შესახებ. მე ვფიქრობ ამას კამპანიური ხასიათი აქვს და ყველაფერი ისევ ისე დარჩება როგორც იყო.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო.

მსგავსი ვითარებაა ახალგორის რაიონშიც, საიდანაც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა არაერთი კორუფციული სქემის შესახებ ისაუბრა.