ქაბულში ჩარჩენილები - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 აგვისტოს

ვითარება ავღანეთში - ბაიდენმა ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა

ავღანეთში თალიბანის გაბატონების შემდეგ შვებულება შეწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდანმა და წუხელ განცხადება გააკეთა ბოლო დღეების მოვლენებზე. ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ვაშინგტონის მისია ავღანეთში ყოველთვის იყო ორიენტირებული ტერორიზმის დამარცხებაზე და არა „ქვეყნის აშენებაზე“.

„ბოლო კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკული ჯარები ვერ და არ იბრძოლებენ, არ მოკვდებიან იმ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანურ ჯარებს არ სურთ“, - თქვა ბაიდენმა.

მან თალიბანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ავღანეთში დარჩენილ აშშ-ის მოქალაქეებს თუ თავს დაესხმებიან, ამერიკის პასუხი იქნება „სწრაფი და ძალისმიერი“.

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზეც იმსჯელეს ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე. საბჭომ თალიბანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მტრული გარემოს შექმნა და ყველა მხარეს მისცეს უსაფრთხო ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

მას მერე, რაც ქაბული თალიბანმა დაიკავა და ქვეყნიდან გაიქცა პრეზიდენტი, ცარიელდება დიპლომატიური „მწვანე ზონები“. უცხოელების ნაწილი უკვე გაფრინდა ქვეყნიდან. მათ შორის კი, ვინც ისევ რჩება - 22 ქართველიცაა.

ამ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეები ისევ ქაბულში იცდიან. ავღანეთიდან მათი გადმოყვანა სპეციალური ავიარეისით იგეგმება. იქ მყოფ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს თემო ელიკაშვილს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ლელა კუნჭულია ესაუბრა. ის ყოფილი სამხედროა, ავღანეთში მსახურობის გამოცდილებით. ახლა კი ამერიკული უსაფრთხოების კომპანიის GardaWorld-ის კონტრაქტორია.

მისი თქმით, ქართველები ერთად არიან ბაზაზე შეკრებილები, რომელიც აეროპორტისგან მოშორებით მდებარეობს. დანიშნულების ადგილამდე გადაადგილება კი საშიშია.

თემო ელიკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ქალაქში სროლები შეჩერდა. ქუჩებში თალიბანი პატრულირებს. მისი თქმით, ვითარება იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება.

წაიკითხე ინტერვიუ სრულად აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საწოლების საწყობი თუ საველე ჰოსპიტალი კოვიდპაციენტებისთვის?

დიღმის ოლიმპიურ ბაზაზე, ფრენბურთის დარბაზში, 500 კოვიდპაციენტზე გათვლილი პირველი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ჰოსპიტალმა საშუალო სიმძიმის პაციენტები უნდა მიიღოს.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სპორტულ დარბაზში გაშლილ ჰოსპიტალში მობილიზებულია კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად ყველა საჭირო დანადგარი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევებისათვის განკუთვნილი სივრცე, ჟანგბადის ე.წ. პორტები, რომლებიც ყველა საწოლს ახლავს თან. უწყების განმარტებითვე, ერთადერთი მომსახურება, რასაც საველე ჰოსპიტალი ვერ გაუწევს პაციენტებს, ეს იქნება ინტუბირება, ანუ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.

არსებობს თუ არა საკმარისი რაოდენობის, შესაბამისი კომპეტენციის, კვალიფიციური მედპერსონალი, მათ შორის, ექიმები და ექთნები, რომლებიც 500 პაციენტზე გაშლილ საველე ჰოსპიტალს მოემსახურებიან? ამ კითხვებზე პასუხი ბუნდოვანია. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, რომელმაც 16 აგვისტოს საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა, გვიპასუხა:

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი წითელ ჯვართან, მათთან ერთად ვახდენთ ექიმების მობილიზებას. ასევე არსებობს ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება აღნიშნული მიმართულების. შესაბამისად, ვერ ვხედავთ პრობლემას. ჩვენ გვაქვს ძველი გამოცდილება, წარსული ათწლეულების მანძილზე, რომელიც ამ მომენტში დარჩენილია“.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ავტომანქანაში ჩაცხრილეს ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა

კახეთში ავტომანქანაში მოკლული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა.

სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაცხრილული პირები თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

ამავე ინციდენტის მონაწილე კიდევ ორი პირი დაჭრილია და კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაგრძელდება

ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დღეს უკვე თბილისში ჩატარდება. 18 აგვისტოს კი კომისია დაასრულებს მუშაობას, შეაჯამებს პროცესს და დაიწყება საპარლამენტო პროცედურები.

გუშინ კი ქუთაისში ცვლილებები განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობისა და იმ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროექტის ინიცირებას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: გაერთიანება „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 2%-იანი იქნება. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრების რაოდენობა არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები.

ცვლილებები შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს და საუბარია კვორუმის გაზრდაზე.

წაიკითხე მეტი.

ისრაელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ეკატერინე ტიკარაძე ასე გამოეხმაურა ჟურნალისტების კითხვას, რატომ ჩაიშალა მედიკამენტის საქართველოში შესაძლო გამოცდის პროცესი.

„ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხე მეტი.

SpaceX-ი საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად პროცედურებს დაიწყებს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. ცნობის თანახმად, კომპანია საქართველოს განიხილავს საპილოტო ქვეყნად, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი მიეწოდება.

„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად, განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტო ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან განიხილება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, - ნათქვამია GITA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხე მეტი.

ვინ არის მოლა ბარადარი - ყველაზე ცნობილი თალიბი?

აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც მოლა ბარადარს უწოდებენ, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფების ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია. როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დაწესების შემდეგ სწორედ მის ხელში იქნება ქვეყნის მართვის მთავარი სადავეები.

ბარადარი - თალიბანის ყველაზე უფრო საჯარო სახე - ხელმძღვანელობდა თალიბების ჯგუფს, რომელმაც 2020 წლის თებერვალში აშშ-სთან ხელი მოაწერა საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების თაობაზე.

1968 წელს პროვინცია ურუზგანში დაბადებული ბარადარი არის პუშტუნი ტომების გაერთიანება დურანის წარმომადგენელი, პოპალზაის ტომიდან. მას ერთ პერიოდში თალიბანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ბარადარი პაკისტანში გაიქცა, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მა ავღანეთში ჯარები შეიყვანა და დაამხო თალიბანის რეჟიმი.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.