ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის „ნებას და არჩევანს“

ჩინეთი აცხადებს, რომ ის პატივს სცემს ავღანელი ხალხის „ნებას და არჩევანს“ და იმედოვნებს, რომ თალიბანს შეუძლია შეასრულოს დაპირება და „უზრუნველყოს ავღანეთში სიტუაციის მსუბუქი ტრანზიცია“.

„ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის გააგრძელოს… მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობების განვითარება ავღანეთთან“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„თალიბანმა გუშინ თქვა, რომ ომი ავღანეთში დასრულდა და ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ღია და ინკლუზიური ისლამური მთავრობის შექმნის შესახებ და იმოქმედებენ პასუხისმგებლიანად ავღანეთის მოქალაქეებისა და უცხოური მისიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუნინგმა.

მისივე თქმით, „ჩინეთი იმედოვნებს, რომ ეს განცხადებები განხორციელდება ავღანეთში სიტუაციის მსუბუქი ტრანზიციის უზრუნველსაყოფად, ყველა სახის ტერორიზმისა და დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად და ავღანელ ხალხს საშუალება მიეცემა, თავი აარიდონ ომს და აღადგინონ თავიანთი ლამაზი სამშობლო“.

„სიტუაცია ავღანეთში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენ პატივს ვცემთ ავღანელი ხალხის ნებას და არჩევანს“, - დაამატა ჩუნინგმა.

ჰუამ ასევე დაადასტურა, რომ ჩინეთის საელჩო ავღანეთში ჯერ კიდევ მუშაობს და საელჩომ წინასწარ უზრუნველყო ჩინეთის მოქალაქეთა უმეტესობის ევაკუაცია.

ავღანეთის ხელისუფლებაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ, ათასობით ავღანელი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც.