50-მდე ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გამოდიან მოწოდებით, თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ უზრუნველყოფილ იქნეს ავღანეთიდან ყველა მსურველის უსაფრთხოდ გამოყვანა, როგორც უცხოელების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის.
„გზები, აეროპორტები და საზღვრები გახსნილი უნდა დარჩეს და უნდა შენარჩუნებულ იქნეს სიმშვიდე. ავღანელი ხალხი იმსახურებს იმას, რომ უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვროს“, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები კი მზად არიან, მათ დახმარება აღმოუჩინონ, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
კვირას თალიბებმა უბრძოლველად აიღეს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული და მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მოგვიანებით განაცხადა, რომ სურს თავიდან აიცილოს დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა. ღანის ადგილსამყოფელი უცნობია. ზოგიერთი ინფორმაციით, ის ტაჯიკეთშია, ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ის უზბეკეთს აფარებს თავს.