უკრაინელი მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

ქაბულის აეროპორტი (საარქივო ფოტო)

უკრაინამ თავისი თვითმფრინავით ქაბულის აეროპორტიდან გაიყვანა უკრაინის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 80-მდე მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ კომუნიკაციაშია უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია, თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ ტვიტერით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

კულება წერს, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა ქაბულიდან გაიყვანა უკრაინის, ავღანეთის, ბელარუსის, ნიდერლანდებისა და ხორვატიის მოქალაქეები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, შემდგომი მიმართვების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების და უცხოელების დასახმარებლად.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავით ავღანეთიდან გაიყვანეს 80-მდე ადამიანი, მათ შორის 8 უკრაინელი და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებმაც სასწრაფოდ ევაკუაცია ითხოვეს და ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი მოქალაქეები სამინისტროს დახმარების თხოვნით 15 აგვისტოს დაუკავშირდნენ და "სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში". რამდენი მოქალაქე იმყოფება ავღანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა", რომელმაც ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო, 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

უმძიმესი ვითარების გამო, მსოფლიოს სახელმწიფოებს ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავთ. ქვეყანას ტოვებს ათასობით ავღანელიც.

"თალიბანმა" ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად 2001 წელს დაკარგული ძალაუფლების დასაბრუნებლად აქტიური იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანა დატოვეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ.