ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ახალმა ხელმძღვანელობამ შემოიღო კომენდანტის საათი, რომელიც 21 საათიდან იწყება.
ზოგიერთი ცნობით, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო იმ ქაოსისთვის თავის გასართმევად, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტასთან, ასევე ქაბულში ლტოლვილთა მოზღვავებასთან ავღანეთის რეგიონებიდან, რომლებიც თალიბანმა ქაბულში შესვლამდე დაიკავა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოში შევიდნენ შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა, ისლამური პარტიის ლიდერი გულბუდინ ჰეკმათიარი და ჰამიდ კარზაი, რომელიც 2004-2014 წლებში იყო ავღანეთის პრეზიდენტი.
BBC აშშ-ის დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქაბულის აეროპორტს ესვრიან. დიპლომატებმა აეროპორტში მყოფ აშშ-ის ყველა მოქალაქეს სთხოვეს, თავშესაფრებს შეაფარონ თავი. აეროპორტი, რომლის უსაფრთხოებას დასავლეთის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების ნარჩენები უზრუნველყოფენ, კვირას მათი დიპლომატების განთავსების დროებით ბაზად იქცა. აეროპორტში იმყოფებიან აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატები. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ ესვრის აეროპორტს.
ორშაბათს, 16 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს.